ფსალმუნნი · ფსალმუნი 97
ფსალმუნი დავითისი
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.
ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.
განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი _ სახლსა ზედა ისრაჱლისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა.
გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.
შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისათა;
უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.
რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.
აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.
ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
მდინარეთა აღიტყუელონ ჴელნი თანად;
მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.
მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი _ სიწრფოებით.
უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.
