ფსალმუნნი · ფსალმუნი 77

ძველი ქართულითანამედროვე ქართული

ფსალმუნი ასაფისი, გულისჴმის-ყოფისათჳს

1

ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.

მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.

2

აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა.

იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.

3

რაოდენი გუესმა და ვცანით იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ.

რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,

4

არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა.

არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.

5

და აღდგა საწამებელად იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაჱლსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა,

დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.

6

რათა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა;

რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.

7

რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათა და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.

და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.

8

რათა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან, რომელმან არა წარიმართა გული თჳსი, არცა სარწმუნო-ყო ღმრთისა თანა სული თჳსი.

და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.

9

ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.

ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.

10

არა იმარხეს მათ აღთქმა ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ.

მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.

11

და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთა და საკჳრველებათა მისთა, რომელ უჩუენნა მათ

გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა.

12

წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.

მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.

13

განაღო ზღუაჲ და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა.

გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.

14

და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისათა.

და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.

15

განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.

გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.

16

გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.

გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.

17

და შე-ღავე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.

ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.

18

და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს.

ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.

19

და იდრტჳნეს ღმრთისაჲ და თქუეს: ნუ უძლოსმეა ღმერთმან განმზადებად ტაბლა უდაბნოსა შინა?

და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?

20

ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განმზადებად ტაბლა ერსა თჳსსა?

ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?

21

ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღტყდა იაკობსა შორის, და რისხვა აღჴდა ისრაჱლსა ზედა;

ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.

22

რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.

რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.

23

და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა.

და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.

24

და უწჳმა მათ მანანა საჭმლად და პური ცათა მოსცა მათ;

და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.

25

და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.

ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.

26

აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა ჩრდილო.

აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი.

27

და აწჳმა მათ ზედა, ვითარცა მიწა, ჴორცი და, ვითარცა ქჳშა ზღუათა - ფრინველნი ფრთოვანნი.

და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი.

28

და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოს კარვებსა მათსა.

და ჩამოჰყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, გარშემო მათი საცხოვრისებისა.

29

და ჭამეს და განძღეს ფრიად, და გულისთქმა მათი მოსცა მათ;

ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.

30

და არა ჴუებულ იქმნნეს იგინი გულისთქმისა მათისაგან: იყოღა საჭმელი პირსა მათსა,

ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ;

31

და რისხვა ღმრთისაჲ აღჴდა მათ ზედა, მოსწყჳდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაჱლისანი დაამჴუნა.

რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.

32

ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა ღა არა ჰრწმენა საკჳრველებათა მისთა.

მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.

33

და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.

და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.

34

რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ.

როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს.

35

და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს.

და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.

36

და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.

და ელაქუცებოდნენ მას პირით და ენით ეცრუებოდნენ მას.

37

ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქმასა მისსა.

ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.

38

არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნეს და განამრავლა გარემიქცევად გულისწყრომა მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.

და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.

39

და მოიჴსენა, რამეთუ ჴორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.

გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.

40

რაოდენგზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა, განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა!

რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.

41

და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაჲ იგი ისრაჱლისა განამწარეს.

ბრუნდებოდნენ და სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ სიწმიდეს ისრაელისას.

42

არა მოიჴსენნეს ჴელისა მისისა დღესა მას, რომელსაცა იჴსნნა იგინი ჴელისაგან მაჭირვებელთა მათთასა;

არ გაიხსენეს ხელი მისი, დღე, როცა დაიხსნა ისინი გასაჭირიდან.

43

ვითარ-იგი დასხნა ეგჳპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნაშნი მისნი ველსა მას ტანეოსსა;

როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები თავისი და საოცრებანი ცოყანის ველზე.

44

და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წჳმანი მათნი, რაჲთა არა სუან;

და გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.

45

მიავლინა მათდა ძაღლისმწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.

მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი.

46

და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა;

და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას.

47

მოსრა სეტყჳთა ვენაჴები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთჳლითა;

სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით.

48

მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა;

და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს - ჯოგები მათი.

49

მიავლინა მათდა რისხვა გულისწყრომისა მისისა, გულისწყრომა და რისხვაჲ და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.

მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები.

50

გზა-უყო ალაგთა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთასა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.

გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა.

51

და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა ეგჳპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;

განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში.

52

და წარმოუმართა, ვითარცა ცხოვარსა, ერსა თჳსსა და აღიყვანა იგი, ვითარცა სამწყსო, უდაბნოდ.

წაიყვანა ცხვარივით ხალხი თავისი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა.

53

და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.

უძღოდა მათ იმედიანად და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.

54

და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;

მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ.

55

და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკჳდრებისათა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაჱლისა.

განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა.

56

და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს;

კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი მცნებანი არ დაიცვეს.

57

და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშჳლდად ელმად;

იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით.

58

განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურვებდეს მას.

განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური.

59

ესმა ღმერთსა და უგულებელს-ყო და შეურაცხ-ყო ფრიად ისრაჱლი.

მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი.

60

და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკჳდრებულ იყო შორის კაცთა.

მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.

61

და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ჴელთა მტერისათა;

და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.

62

და შეაყენა მახჳლსა ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი უგულებელს-ყო;

და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.

63

ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.

მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.

64

მღდელნი მათნი მახჳლითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.

მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ.

65

და განიღჳძა, ვითარცა მძინარემან, უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღჳნოსა.

და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.

66

და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.

და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.

67

განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;

დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.

68

არამედ გამოირჩია მან თესლი იუდასი და მთა სიონი, რომელ შეიყუარა.

ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.

69

და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.

მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.

70

და გამოირჩია მან დავით, მონა თჳსი, და შეიწყნარა იგი სამწყსოსაგან ცხოვართასა; და ცხოვართა მუცელქმულთაგან გამოიყვანა იგი

ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის ფარებიდან.

71

მწყსად იაკობ მონისა თჳსისა და ისრაჱლ სამკჳდრებელისა თჳსისა.

მეწველი ჯოგიდან მოიყვანა იგი იაკობის - თავისი ხალხის და ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად.

72

და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისათა და გონიერებითა ჴელითა მისთათა უძღოდა მათ. დიდება.

და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.