ფსალმუნნი · ფსალმუნი 56
დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს, რაჟამს-იგი ივლტოდა პირისაგან საულისა და შევიდა ქუაბსა მას
გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში.
მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი; და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარჴდეს უსჯულოებაჲ.
შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
ჴმა-ვყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველისმოქმედისა ჩემისა.
მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია ჩემს მიმართ.
გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი ჩუენნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაჲ მისი და ჭეშმარიტებაჲ მისი.
გამომიგზავნის ციდან და მიშველის, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. სელა . გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას.
და იჴსნა სული ჩემი შორის მჴეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი - ჭურ და ისარ, და ენანი მათნი, ვითარცა ჴრმალნი ლესულნი.
ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი მახვილი.
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება.
მახე განჰმზადეს ფვრჴთა ჩემთათჳს და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს.
ბადე გაამზადეს ჩემთა ფეხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. სელა .
განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა.
წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული. გიმღერებ და გიგალობებ.
განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღჳძო განთიად.
გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი; გამოვაღვიძებ ცისკარს.
აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის.
განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში.
რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაჲ შენი.
რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება.
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება.
