ფსალმუნნი · ფსალმუნი 61
დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი დავითისი
გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა.
ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი? რამეთუ მის მიერ არს ცხორებაჲ ჩემი.
მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა.
და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, და მე არა შევირყიო უფროს.
მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.
ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა?
ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს? გადაიქცევით ყველანი, ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული.
ხოლო პატივისა ჩემისა იზრახეს განშორებაჲ და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკუეთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს.
განიზრახავენ მისი სიმაღლიდან გადმოგდებას, მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. სელა .
გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენა ჩემი,
მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.
და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი, და მე არა შევირყიო.
მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.
ღმრთისა მიმართ არს ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისა და სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ.
ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; სიმაგრე ჩემი ძალისა და ჩვმი თავშესაფარი ღმერთის მიერაა.
ესევდით მას ყოველი კრებული ერისა, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს.
მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა .
ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა, და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას.
მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია.
ნუ ესავთ სიცრუესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა.
არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისაჲ არს სიმტკიცე.
ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.
და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.
და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.
