ფსალმუნნი · ფსალმუნი 76

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი ასაფისი

გუნდის ლოტბარს. იედუთუნის შესახებ. ასაფის ფსალმუნი.

2

ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ და მომხედნა მე.

ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს.

3

დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ჴელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემა სულსა ჩემსა.

ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.

4

მოვიჴსენე ღმრთისაჲ და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულმოკლე იქმნა სული ჩემი.

გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა .

5

მიეწიფნეს საჴმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდი.

თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.

6

ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიჴსენენ. და ვიწურთიდ

ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.

7

ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.

გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.

8

ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე,

ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?

9

ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი, აღასრულა სიტყუაჲ მისი თესლითი თესლამდე?

ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე?

10

ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყალებაჲ მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?

ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა .

11

და ვთქუა: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მაღლისა.

და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.

12

მოვიჴსენე საქმეთა უფლისათა, რამეთუ მოვიჴსენო მე დასაბამითგან საკჳრველებათა შენთა.

გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.

13

და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.

ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ.

14

ღმერთო, წმიდასა შინა არს გზა შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?

ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი?

15

შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი;

შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი.

16

და იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.

შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა. სელა .

17

გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი

გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.

18

ოხრითა წყალთათა. ჴმაჲ მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.

გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი ისრებიც მიმოფრენდნენ.

19

ჴმაჲ ქუხილისა შენისა ურმისთუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაჲ.

შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.

20

ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.

ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.

21

უძეღუ, ვითარცა ცხოვარსა, ერსა შენსა ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა. დიდებაჲ

უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.