ფსალმუნნი · ფსალმუნი 51
დასასრულსა, გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა
გუნდის ლოტბარს, მოძღვრება დავითისა.
რაჟამს მოვიდა დიოკ იდუმელი და უთხრა საულს და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აქიმელიქისსა
როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში.
რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უსჯულოებასა მარადღე?
რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა.
სიცრუესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა მახჳლი აღლესული, ჰყავ შენ ზაკვაჲ.
ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
შეიყუარე სიბოროტე უფროს სახიერებისა და სიცრუე უფროს სიმართლისა სიტყჳსა.
გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა .
შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისა და ენაჲ მზაკვარი.
გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;
ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთა.
ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა .
იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:
ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე:
აჰა, ესერა, კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა მისისასა. და განძლიერდა იგი ამავოებითა თჳსითა.
აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.
ხოლო მე, ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.
გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის და მივენდობი შენს სახელს, რადგან კარგია იგი შენს წმიდათა წინაშე.
