ფსალმუნნი · ფსალმუნი 30
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისათჳს
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე.
შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.
მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.
მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳ მიძეღუ მე და გამომზარდო მე.
რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.
და გამომიყვანო მე საბრჴიდა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე,
გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.
რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.
შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.
მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ.
შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს.
ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მომხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი;
ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე ჩემი გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა.
და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი.
და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.
რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები - გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა.
ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარე განივლტიედ ჩემგან.
ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენი და მეზობლებისაგან - მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან.
დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენ მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული.
გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი.
რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთა, რომელნი გარემოს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს.
რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს.
ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი.
მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი.
და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთასა და მდევართა ჩემთასა.
შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და მტერთა ხელიდან.
გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით.
უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად.
უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ, დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში.
უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.
დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით.
ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისა, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა.
რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.
დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთასა; დაიცუნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა.
შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან.
კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.
კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში.
ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთასა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.
და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის.
შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა.
შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.
მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.
გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.
