ფსალმუნნი · ფსალმუნი 93

ძველი ქართულითანამედროვე ქართული

ფსალმუნი დავითისი, მეოხისა შაბათისა

1

ღმერთი შურისძიებათა, უფალი ღმერთი შურისძიებათა განცხადნა.

ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.

2

ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.

ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.

3

ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან?

ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?

4

აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.

ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.

5

ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკჳდრებელი შენი განაბოროტეს;

შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.

6

ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს

ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ.

7

და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს ღმერთმან იაკობისმან.

ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.

8

გულისჴმა-ყავთ აწ, უგნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისჴმა-ჰყოთ.

გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?

9

რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა?

დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის შემქმნელი ვერ დაინახავს?

10

რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ?

ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას?

11

უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამავო.

უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი.

12

ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწაო მას.

ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.

13

დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა.

რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.

14

რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი არა უგულებელს-ყოს,

რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს.

15

ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.

რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი.

16

ვინ წინააღმიდგეს მე უკეთურთაგანი? ანუ ვინ თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უსჯულოებასა?

ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?

17

არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.

უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში.

18

უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე.

თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.

19

მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.

როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს.

20

ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უსჯულოებისა, რომელნი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა.

ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?

21

მოინადირონ სული მართლისა და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ.

გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.

22

და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი მწე სასოებისა ჩემისა.

იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა.

23

და მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაჲ მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდება

მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.