ფსალმუნნი · ფსალმუნი 139
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი.
გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.
განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე,
მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე.
რომელთა ზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა;
რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად.
აღილესეს ენაჲ მათი, ვითარცა გუელისა, და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა.
მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა .
მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთა;
დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას.
დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა ჩემთათჳს და გარემოს ალაგთა საცთური დამიგეს მე.
გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა .
ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.
ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.
უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა.
უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს.
ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.
ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა .
თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი.
თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.
დაეცემოდიან მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დაამჴუნე იგინი გლახაკობითა, და ვერ დაუთმონ.
დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.
კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუვყანასა ზედა, კაცი ცრუჲ ძჳრმან მოინადიროს განსახრწნელად.
ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
უწყი, რამეთუ ყოს უფალმან სასჯელი გლახაკთა და სამართალი დავრდომილთა.
ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
ხოლო მართალთა აუვარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკჳდრონ წინაშე პირსა შენსა. დიდება
ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.
