ფსალმუნნი · ფსალმუნი 38

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

დასასრულსა, იდითუმისთჳს ფსალმუნი დავითისი

გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი.

2

ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რათა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავდევ საცო პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რა ცოდვილი წინაშე ჩემსა.

ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს პირდაპირ.

3

დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან და სალმობაჲ ჩემი განმიახლდა.

დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.

4

განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი.

გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:

5

ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე.

მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.

6

ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი, ვითარცა არარაჲ, არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი.

აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა .

7

და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი.

ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.

8

და აწ ვინმე არს თმენა ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს.

და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.

9

ყოველთა უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსენ მე, საყუედრელად უგნურსა მიმეც მე.

ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღავად.

10

დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ.

დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად.

11

განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ჴელისა შენისათა მე მოვაკლდი.

ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.

12

მხილებათა მიერ უსჯულოებისათჳს განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამავო არს ყოველი კაცი.

თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა .

13

შეისმინე ლოცვისა ჩემისა, უფალო, და ვედრებისა ჩემისა ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი.

მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.

14

მილხინე მე, რათა განვისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოვო.

განზე განმიდექ, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.