ფსალმუნნი · ფსალმუნი 23

ძველი ქართულითანამედროვე ქართული

ფსალმუნი დავითისი, ერთშაბათთა

1

უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.

საგალობელი დავითისა . უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.

2

რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი.

რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.

3

ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?

ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?

4

უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა.

ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,

5

ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.

ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.

6

ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.

ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა! სელა .

7

აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.

მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.

8

ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა?

ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.

9

აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.

მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.

10

ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფჱ დიდებისა. დიდება

ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა .