ფსალმუნნი · ფსალმუნი 31
სიბრძნითა ფსალმუნი დავითისი
ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.
მოძღვრება დავითისა . ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.
ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ.
ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ არის სიყალბე.
რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;
როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.
რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა .
ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა.
ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. სელა .
ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს.
ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას.
შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე.
შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. სელა .
გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხჳდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.
გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.
ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს.
ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.
მრავალ გუემა არიან ცოდჳლთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაჲ გარემოადგეს მათ.
მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ
იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.
