ფსალმუნნი · ფსალმუნი 46
დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს ფსალმუნი
გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისათა.
ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;
რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერჴთა ჩუენთა.
დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა .
გამომირჩია ჩუენ სამკჳდრებელი თჳსი, შუენიერებაჲ იაკობისი, რომელ შეიყუარა.
ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა .
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყჳრისათა.
ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.
უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა, უგალობდით.
უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.
რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.
რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.
სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა.
გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.
მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.
მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.
