რიცხვნი · თავი 8
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა მას:
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ეტყოდე აჰრონს და არქუ მას: რაჟამს დაადგმიდე სანთელთა მათ ერთკერძო წინაშე პირსა სასანთლეთასა, ნათობდენ შჳდნივე იგი სანთელნი.
ელაპარაკე აარონს და უთხარი: როცა ლამპარს აანთებ, სასანთლის წინა მხარეს შვიდი ლამპარი უნდა ენთებოდეს.
და ყო აჰორონ ეგრეთ: ერთკერძოსა ადგილსა წინაშე პირსა სასანთლეთასა აღანთნა სანთელნი მისნი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
ასე გააკეთა აარონმა: სასანთლის წინა მხარეს აანთო ლამპრები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
და ესე არს აღმზადებაჲ სანთელთაჲ: მყარი - ოქროჲ ჴერი მისი და შროშანნი მისნი - მყარი ყოვლად ხატისა მისებრ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრეთ ქმნა სასანთლე იგი.
ასეთი ნაკეთობის იყო სასანთლე: ნაჭედი ოქროსი იყო, ზროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო იგი; იმ სახის გააკეთა სასანთლე, როგორც უფალმა ახილვინა მოსეს.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
მოიყვანენ ლევიტელნი იგი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა, განწმიდენ იგინი.
გამოიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და გააწმიდავე ისინი.
და ესრეთ ყავ განწმედაჲ იგი მათი: აპკურე მათ წყალი განწმედისაჲ და მოვიდეს მახჳლი ყოველთა ასოთა მათთა და განირცხენ ყოველი სამოსელი მათი და წმიდა იყუნენ.
ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან.
და მოიბან ჴბოჲ ერთი ზროხათაგან და ამისი შესაწირავი სამინდოჲ შექმნილი ზეთითა და ზუარაკი ერთი წელიწდეული ზროხათაგან ცოდვისათჳს მოიბან
აიყვანონ კურატი და მისი ძღვენი: შესაწირავი - ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი და მეორე კურატი ცოდვისათვის.
და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე კარავსა მას წამებისასა და შეჰკრიბო ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა.
მიიყვანე ლევიანები სადღესასწაულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.
და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და დაასხნენ ჴელნი ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა მათ ზედა.
მიიყვანე ლევიანები უფლის წინაშე და დაასხან ხელი ისრაელიანებმა ლევიანებს.
და განაჩინნეს აჰრონ ლევიტელნი იგი მიცემულად წინაშე უფლისა ძეთაგან ისრაჱლისათა. და იყუნენ იგინი მოქმედად საქმისა მის კარვისა უფლისასა.
ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური.
ხოლო ლევიტელთა მათ დაასხნენ ჴელნი მათნი თავთა ზედა მათ ზუარაკთასა და ჰყო ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი საკუერთხად უფლისა სალხინებელად მათთჳს.
ლევიანებმა ხელი დაასხან კურატებს; შენ კი გაამზადე ერთი კურატი ცოდვისათვის, მეორე - აღსავლენად უფლისათვის, რათა მიუტევო ლევიანებს.
და დაადგინნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა და მისცნე იგინი მათ მიცემულად წინაშე უფლისა.
დააყენე ლევიანები აარონის წინ და მისი შვილების წინ; აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის;
და განაჩინნე ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა და იყუნენ ჩემდად.
გამოჰყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემი იყვნენ ლევიანები.
და ამისსა შემდგომად შევიდენ ლევიტელნი იგი საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა და განწმიდნე იგინი და მისცნე მიცემულად წინაშე უფლისა.
მხოლოდ მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები სადღესასწაულო კარვის სამსახურში, როცა გააწმიდავებ მათ და აღასრულებ მათზე შერხევის წესს.
რამეთუ მოსაცემელად მიცემულ არიან იგინი ჩემდა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა მათ წილ, რომელთა განაღონ საშოჲ
რადგან ჩემთვის არიან ისინი შემოწირულნი ისრაელიანთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ვიღებ მათ ჩემთვის.
პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათაჲ, მოიყვანენ იგინი ჩემდა, რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ, ძეთა ისრაჱლისათაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე. დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, წმიდა-ვყვენ იგინი ჩემდად.
რადგან ჩემია ყოველი პირმშო ისრაელიანებში, ადამიანიც და პირუტყვიც. იმ დღეს, როცა გავწყვიტე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის შემოვიწირე ისინი
და მოვიყვანენ ლევიტელნი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა
და ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად,
და მივსცენ იგინი მისაცემელად მიცემულ აჰრონს და ძეთა მისთა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა საქმედ საქმისა ძეთა ისრაჱლისათა კარავსა მას წამებისასა და ლხინებად ძეთა ისრაჱლისათა, და არავინ იყოს შორის ძეთა ისრაჱლისათა, რომელი შეეახლებოდის სიწმიდესა მას.
ჩავაბარე ლევიანები ისრაელიანთაგან აარონს და მის შვილებს, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური სადღესასწაულო კარავში, რათა მიუტეონ ისრაელიანებს, რომ არ მოხდეს ისრაელიანებში ზიანი, როცა კი საწმიდარს მიეკარებიან ისრაელიანები.
და ყვეს მოსე და აჰრონ და ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან ლევიტელთა მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა მათთჳს.
ისე მოექცნენ მოსე, აარონი და ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ლევიანებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა გამო. ასე მოექცნენ მათ ისრაელიანები.
და განწმიდნეს ლევიტელნი იგი და განირცხეს სამოსელი მათი. და მისცნა იგინი აჰრონს მიცემულად წინაშე უფლისა და ლხინება-ყო მათთჳს აჰრონ და განწმიდნა იგინი.
გაწმიდავდნენ ლევიანები და გაირეცხეს შესამოსელი; აღასრულა აარონმა მათზე შერხევის წესი უფლის წინაშე და მიუტევა, რათა გაეწმიდავებინა ისინი.
და ამისსა შემდგომად შევიდეს ლევიტელნი იგი მსახურებად მსახურებასა თჳსსა კარავსა მას წამებისასა წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრეთ ყვეს მათთჳს.
ამის შემდეგ შეუდგნენ ლევიანები სამსახურს სადღესასწაულო კარავში აარონის წინაშე და მისი შვილების წინაშე. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის ლევიანთა გამო, ისე მოექცნენ ისინი მათ.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს.
ესე არს ლევიტელთათჳს: ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი შევიდენ მსახურებად კარავსა მას წამებისა.
ეს არის ლევიანთა წესი: ოცი წლიდან მოყოლებული უნდა შეუდგნენ სადღესასწაულო კარვის სამსახურს,
და ერგასის წლითგანი და ერგასის წლითგან გამოდგენ მსახურებისაგან და არღარა იქმოდიან მერმე.
ორმოცდაათი წლის შემდეგ უნდა შეწყვიტონ სამსახური და აღარ იმსახურონ.
და ჰმსახურებდეს ძმაჲ მისი კარავსა მას წამებისასა დაცვად საცავსა მას, ხოლო საქმით არა იქმოდის. ესრეთ უყო ლევიტელთა მათ საცოსა მათსა ზედა.
მხოლოდ დაეხმარონ თავიანთ თანამოძმეებს სადღესასწაულო კარვის დაცვაში, მაგრამ სამსახურს ნუღარ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუწესე ლევიანებს.
