რიცხვნი · თავი 15
ეტყოდა უფალი მოსეს, ჰრქუა:
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
არქუ შენ ძეთა ისრაჱლისათა: რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას მკჳდრობისა თქუენისასა, რომელ მე მიგცე თქუენ,
დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ,
ჰყოთ მრგულიად დასაწველადი უფლისა, ანუ მსხუერპლი განდიდებად შესაწირავნისა, ანუ ნებსით აღნათქუემისა, ანუ დღესასწაულთა თქუენთა ყოფად სულად სულნელად უფლისა, ანუ ზროხათაგან, ანუ ცხოვართა.
და დაამზადეთ საცეცხლო მსხვერპლის უფლისათვის - აღსავლენს ან აღთქმულ საკლავს, ან სამოწყალოს, თქვენი დღეობების დროს, უფლისათვის სურნელების საკმეველად - საქონელს შესწირავ ცხვარს,
მოართუას შემწირველმან შესაწირავი თჳსი უფალსა სამინდოჲსა მეათე გრივისა აღსუარული ზეთითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთ.
შესწიროს შემწირველმა თავისი შესაწირავი უფალს - საძღვნოდ მეოთხედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი
და ღჳნო შესაწირავად მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ ჰყოთ მრგულიად დასაწველსა ზედა, ანუ მსხუერპლსა ზედა კარავსა ერთსა ჰყო ესოდენ შესაწირავად სულნელად სულნელებისად უფლისა.
და ღვინო, უნდა დაამზადო საღვრელად აღსავლენისთვის ან საკლავისთვის, მეოთხედ, ჰინა თითო კრავზე,
ვერძსა ოდეს ჰყოფდე მრგულიად დასაწველად, ანუ მსხუერპლად შესაწირავად სამინდოჲ ორი ათეული აღსუარული ზეთითა მესამითა ნაწილითა დორაკისაჲთა.
ვერძზე დაამზადე ძღვენი: მესამედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი.
და ღჳნო შესაწირავად მესამე ნაწილი შესწიროთ უფლისა,
და ღვინო უნდა მიიტანო საღვრელად, მესამედი ჰინი, უფლისათვის სურნელებად.
უკუეთუ ზროხასა ჰყოფდეთ მრგულიად დასაწველად, ანუ მსხვერპლად განდიდებად აღნათქუემისა საჴსრად უფლისა მიმართ.
როცა კურატს გაამზადებ აღსავლვნად ან აღთქმულ საკლავად ან სამადლობელად უფლისათვის,
და ყოს ზუარაკსა ზედა შესაწირავად სამინდოჲ სამი ათეული აღსუარული ზეთითა ზოგითა დორაკისაჲთა.
კურატს უნდა მიაყოლო ძღვენი: ნახევარ ჰინი ზეთში აზელილი მესამედი ეფა გამტკიცული ფქვილი,
და ღჳნო შესაწირავად კერძო დორაკი სულნელად უფლისა.
ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო უნდა მიიტანო საცეცხლო მსხვერპლად, სურნელოვან საკმევლად უფლისათვის.
ესრე ყოს.
ასე უნდა გაკეთდეს თითოეულ ხარზე ან ვერძზე კრავზე თუ თიკანზე.
ზუარაკსა თანა ერთსა, ანუ კრავსა ცხოვართასა, ანუ თხათასა მსგავსად რიცხუთა მათ, რომელ ჰყოთ, ესრეთ ჰყოთ ერთსა მას ზედა, ვითარცა არს რიცხჳ მათი.
რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით.
ყოველმან მკჳდრმან ყოს ესე შესაწირავად სულნელად უფლისა, უკუეთუ მოქცეული თქუენ შორის იყოს, მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, ანუ ვინ იყოს ქუეყანასა შორის ნათესავთა შინა თქუენთა. და ჰყოფდე შესაწირავსა სულად სულნელებისად უფლისა.
თითოეულმა მკვიდრმა ასე უნდა გააკეთოს ეს, როცა სწირავს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად.
ვითარცა ჰყოთ თქუენ, ესრეთ ყოს კრებულმან უფლისამან.
თუ თქვენი მდგმური ან სხვა ვინმე, რომელიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობს თქვენს შორის, დაამზადებს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად, თქვენსავით უნდა მოიქცეს ისიც.
სჯული ერთი იყავნ თქუენი და მოქცეულთაჲ, რომელ შემყოფი იყუნენ თანა სჯულად საუკუნოდ, იყავნ ნათესავთა თქუენთა, ვითარცა თქუენ, ეგრე მოქცეული იგი იყოს წინაშე უფლისა. სჯული ერთი იყავნ და სამართალი ერთი იყავნ თქუენ შორის.
შენთვის, კრებულო, და მდგმურისთვის, რომელიც შენთან მდგმურობს, ერთი სამარადისო წესი უნდა იყოს თაობიდან თაობაში. თქვენი თანაბარია მდგმური უფლის წინაშე.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ერთი რჯული და ერთი წესი უნდა გქონდეთ თქვენ და მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს.
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა შეგიყვანნე თქუენ მუნ.
დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც შეგიყვანთ მე,
რაჟამს სჭამდეთ პურსა მის ქუეყანისასა, გამოჰყოთ შესაწირავად ზე საყოფელად უფლისა პირველი თბისა თქუენისა.
და როცა შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, ღალა უნდა აძლიოთ უფალს.
პური შესაწირავად გამოჰყოთ იგი, ვითარცა შესაწირავი კალოჲსაჲ.
პირველ გამომცხვარი კოკორიც მიეცით ღალად, კალოდან აღებულ ღალასავით მიეცით იგი.
ეგრე გამოჰყოთ იგი თჳსნიერი თბეთა თქუენთაჲ და მისცეთ უფალსა შესაწირავად ნათესავთა თქუენთა.
პირველგამომცხვარი მიეცით უფალს ღალად თაობიდან თაობებში.
და რაჟამს შესცოდოთ და არა ჰყუნეთ ყოველნი მცნებანი ესე, რომელ ჰრქუა უფალმან მოსეს,
თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ ნაანდერძევს, რაც უფალმა გამოუცხადა მოსეს,
ვითარცა ბრძანა უფალმან თქუენდამო ჴელითა მოსესითა, მიერ დღითგან, რომლითგან ბრძანა უფალმან თქუენდამო და მიმდემი ნათესავთა თქუენთა.
ყველაფერს, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს პირით იმ დღიდან, რაც გიანდერძათ უფალმა, და შემდგომ თქვენს თაობებში,
იყოს თუ ვინმე თუალთაგან კრებულისათა, განვარდეს არანებსით. და ყოს ყოველმან კრებულმან ზუარაკი ერთი უბიწოჲ მრგულიად დასაწველად სულნელად უფლისა და მსხუერპლი მისი და შესაწირავი სულად სულნელად მსგავსად ბრძანებისა და წალი თხათაგანი ერთი ცოდვისათჳს.
თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი კურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანმხლები ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად, და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.
და ლხინება-ყოს მღდელმან ყოვლისა ცოდვისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა, მიეტეოს მას, რამეთუ არანებსით არს და მათ მოიღეს შესაწირავი მათი მსხუერპლად უფლისა ცოდვისა მათისათჳს წინაშე უფლისა არანებსითთა მათთჳს.
შეუნდობს მღვდელი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და ეპატიებათ მათ, რადგან შეცდომით იყო მომხდარი ეს და მათ შესწირეს უფალს თავიანთი შეცდომისთვის საცეცხლო მსხვერპლი და ცოდვის გამოსასყიდი.
და მიეტეოს ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისსა და მოქცეულსაცა, რომელ შემოყოფილ იყოს თქუენდა, რამეთუ ყოვლისა ერისა არანებსით იყო.
ეპატიებათ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და მდგმურს, რომელიც თქვენთან დგას, რადგან შეცდომა მოუვიდა მთელს ერს.
უკუეთუ სულმან ერთმან ცოდოს არანებსით, შეწიროს თხაჲ ერთი წელიწდეული ცოდვათათჳს.
თუ ერთი კაცი შესცოდავს შეცდომით, უნდა მიიტანოს წელგამოვლილი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
ულხინოს მღდელმან სულსა მას არანებსით შეცოდებულსა წინაშე უფლისა, ლხინება-ყოს მისთჳს.
და მღვდელი შეუნდობს შეცდომით შემცოდეს უფლის წინაშე, შეუნდობს და ეპატიება მას.
ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთაჲ, რომელნი შეყოფილ იყუნენ მათა, სჯული ერთი იყავნ, რომელმან ქმნეს რაჲმე არანებსით.
როგორც მკვიდრს ისრაელში, ასევე მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს, ერთი წესი გქონდეთ, როცა შეცდომა მოგივათ.
და თავმან, რომელმან ქმნას ჴელითა ამპარტავანებისათა მკჳდრთაგანმან, ანუ მოქცეულმან, ღმერთი განარისხოს, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა.
თუ ვინმე თავხედურად მოიქცევა, მკვიდრი იქნება თუ მდგმური, უფლის მგმობელია იგი და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
რამეთუ სიტყუაჲ უფლისა გარდააქცია და მცნებანი მისნი განაქარვნა. და მოჴოცით მოიჴოცოს სული იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ ცოდვა მისი მას შინა.
რადგან არად ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი, დამნაშავეა.
და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა მას. პოვეს კაცი, რომელ კრებდა შეშასა დღესა შაბათსა.
ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.
მოჰგუარეს იგი კრებასა შეშისასა, რომელთა პოვეს, მოსეს და აჰრონს და ყოველთა კრებულთა ისრაჱლისათა.
მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და აარონთან, მთელს საზოგადოებასთან
და შესუეს იგი საპყრობილესა, რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს, რაჲმცა უყონ მას.
დაუყენეს ყარაული, რადგან არ იყო გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მას.
ეტყოდა უფალი მოსეს - სიკუდილით მოკუედინ კაცი იგი, განტჳნეთ ქვითა ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა.
უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ.
და გამოიყვანა იგი ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს და ჰრქუა:
გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკს გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
იქმნედ მათ ფესჳ ყურთა ზედა სამოსლისა მათისათა ნათესავთა მათთა და დაახჳოთ ფესუთა მათ ზედა კიდეთასა საწვალი იაკინთისაჲ.
დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: გაიკეთონ ფოჩები სამოსლის კიდეებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს,
და იყოს იგი თქუენდა ფესუთა მათ ზედა და იხილოთ იგი და მოგეჴსენენ ყოველნი მცნებანი უფლისანი, ჰყუნეთ იგინი და არღარა მისდრკეთ უკუანა გონებათა და თუალთა თქუენთა, რომლითა-იგი თქუენ ისიძავთ უკუანა მათსა.
და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზა-კვალს გირევენ თქვენ,
რათა მოიჴსენოთ და ჰყოთ ყოველი მცნებაჲ ჩემი, იყუნეთ წმიდა ღმრთისა თქუენისა.
რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ჩემს მცნებებს და წმიდა იყვეთ უფლისათვის.
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით ყოფად თქუენდა ღმერთად, მე უფალი ღმერთი თქუენი.
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
