რიცხვნი · თავი 32

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და მრავალ იყო საცხოვარი ძეთა რუბენისთაჲ და ძეთა გადისთაჲ, მრავალ იყო ფრიად და იხილეს სოფელი იაზერისი და სოფელი გალაადისაჲ. და იყო ადგილი იგი ადგილი სასაცხოვრე.

დიდძალი საქონელი ჰყავდათ რეუბენიანებს და გადიანებს. ნახეს მათ იაყზერისა და გალაადის ქვეყანა და აჰა, საქონლისათვის ყოფილა გამოსადეგი ის ადგილები.

2

და მოვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი, ეტყოდეს მოსეს და ელიაზარს მღდელსა და მთავართა კრებულისათა და ჰრქუეს:

მივიდნენ გადიანები და რეუბენიანები და ასე უთხრეს მოსეს, ელეაზარ მღვდელს და საზოგადოების თავკაცებს:

3

ატაროთი და დებონ და იაზერი და ნამბრაჲ და ესებონი და ელეალე და სებამაჲ და ნაბად და აბეაჲ,

ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი -

4

ქუეყანაჲ, რომელ მოგუცა უფალმან წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ქუეყანაჲ ცხოვარისა საყოფელი არს და მონათა შენთა საცხოვარი ფრიად არს.

ქვეყანა, რომელიც შემუსრა უფალმა ისრაელის საზოგადოების წინაშე, გამოსადეგი ყოფილა საქონლისათვის; შენს მორჩილთ კი ჰყავთ საქონელი.

5

და ეტყოდეს: ვპოვეთ თუ მადლი წინაშე შენსა, მოეც ქუეყანა ესე მონათა შენთა დაპყრობად და ნუ წიაღგჳყვანებ ჩუენ იორდანესა.

თქვეს: თუ მადლი გვიპოვნია შენს თვალში, მოეცეს ეს ქვეყანა შენს მორჩილთ საკუთრებად. ნუ გადაგვიყვან იორდანეს გაღმა.

6

და ჰრქუა მოსე ძეთა გადისთა და ძეთა რუბენისთა: ძმანი თქუენნი ვიდოდიან ბრძოლად და თქუენ სხდეთ მანდა.

მიუგო მოსემ გადიანებს და რეუბენიანებს: თქვენი ძმები საბრძოლველად წავლენ, თქვენ კი აქ დარჩებით?

7

და რად განსდრეკთ გონებასა ძეთა ისრაჱლისათასა არა წიაღსლვად ქუეყანასა მას, რომელსა მოსცემს მათ უფალი?

რისთვის უშლით ისრაელიანებს იმ ქვეყანაში გადასვლას, რომელიც თქვენთვის მოუცია უფალს?

8

არა ესრევე ყვესა მამათა თქუენთა, რაჟამს წარავლინნა იგინი კადეს ბარნეთ მოხილვად ქუეყანისა მის?

ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად.

9

და მივიდეს იგინი ჴევსა მას ტევნისასა და მოიხილეს ქუეყანა იგი, და განდრიკეს გული ძეთა ისრაჱლისათაჲ, რათა არა შევიდენ ქუეყანასა მას, რომელ მოსცა მათ უფალმან.

მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, ნახეს ქვეყანა და დაუშალეს ისრაელიანებს იმ ქვეყანაში შესვლა, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.

10

და განრისხნა გულისწყრომით უფალი მას დღესა შინა და თქუა:

აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა მან:

11

უკეთუ იხილოთ კაცთა მათ, რომელნი აღმოვიდეს ეგჳპტით ოცით წლითგანთა და მიმართ, რომელ მეცნიერ არიან კეთილისა და ბოროტისა, ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს, რამეთუ არა შემომიდგეს მე.

აბა, თუ იხილოს ეგვიპტიდან ამოსულმა ამ კაცებმა, ოცი წლიდან მოყოლებული, ის მიწა, რომლის მიცემასაც შევპირდი ფიცით აბრაამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ მომდევენ მე,

12

გარნა ქალებ იეფონისი, რომელ განეყენა მათგან და ისუ, ძე ნავესი, რამეთუ შეუდგეს უკუანა უფალსა,

გარდა ქალებ იეფუნეს ძისა, კენიზელისა და იესო ნავეს ძისა, რადგან ისინი მისდევენ უფალს.

13

და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და აგურიობნა იგინი უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, ვიდრემდის მოისრა ყოველი ნათესავი იგი, რომელნი იქმან ძჳრსა წინაშე უფლისა.

აღინთო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ გადავიდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.

14

და, აჰა, ესერა, აღდეგით მამათა თქუენთა წილ კრებული კაცთა ცოდვილთაჲ შეძინებად მერმე რისხვასა გულისწყრომასა უფლისასა ისრაჱლსა ზედა.

აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამა-პაპის ნაცვლად, ცოდვილთა ნაშობნო, რათა კიდევ უფრო იმატოს უფლის რისხვამ ისრაელის მიმართ.

15

რამეთუ უკუნიქცევით თქუენ მისგან და შესძინებთ კუალად დატევებასა მისსა უდაბნოსა ზედა და იქმთ უშჯულოებასა ყოველსა ზედა კრებულსა ამას.

თუ მისგან მოიქცევით, კიდევ მიატოვებს მას უდაბნოში და დაღუპავთ მთელს ამ ხალხს.

16

და მოუჴდეს მას და ეტყოდეს: ბოსლები სასაცხოვრე ვაშენოთ საცხოვრისა ჩუენისათჳს და ქალაქები ბუნაურებისა ჩუენისათჳს.

მიადგნენ მას და უთხრეს: ფარეხები ავიშენოთ ჯოგისთვის აქ და ქალაქები ბავშვებისთვის.

17

და ჩუენ ჭურვილნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა ვიდრემდის მივიყვანნეთ იგინი ადგილად მათა და დაეშენოს დედაწული ჩუენი ქალაქთა ისრაჱლისათა. და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისაჲ გარემოჲს მათსა მისცენ ლევიტელთა და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათა. და გარემოჲსი მათსა იყოს საცხოვრისა მათისათჳს და ოთხფერჴისა მათისათჳს და საბრძანებელი ქალაქთაჲ, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღჳთგან ქალაქისაჲთა გამართ ათას წყრთა გარემოჲს და განჰზომო გარეშე ქალაქსა აღმოსავალით კერძო ადგილი - ორ ათას და ბღუარით კერძო - ორ ათას წყრთა და ზღჳთ კერძო - ათას წყრთა ქალაქები იგი საშუალ.

თავად ჩვენ დარაზმულნი წავუძღვებით წინ ისრაელიანებს, ვიდრე თავ-თავიანთ ადგილებამდე არ მივიყვანთ მათ, ჩვენი ბავშვები კი გამაგრებულ ქალაქებში დარჩებიან, რომ არაფერი ევნოთ ქვეყნის მკვიდრთაგან.

18

არასადა მოვიქცეთ სახით ჩუენდა, ვიდრემდის არა განიყვანენ ძენი ისრაჱლისანი თითოეული სამკჳდრებელად თჳსა.

არ დავბრუნდებით სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს.

19

და არღარა დავიმკჳდროთ მათ შორის მიერ კერძო, რამეთუ მოგჳღებიეს ჩუენ ნაწილი ჩუენი წიაღმო იორდანესა აღმოსავალით კერძო.

რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იქით, რადგან იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთის შეგხვდება სამკვიდრო.

20

და ჰრქუა მათ მოსე: ჰყოთ თუ მსგავსად სიტყჳსა ამის, შე-თუ-იჭურნეთ ბრძოლდდ წინაშე უფლისა.

უთხრა მათ მოსემ: თუ ასე მოიქცევით, თუ შეიჭურვებით საომრად უფლის წინაშე,

21

და წიაღჴდეს ყოველი ჭურვილი თქუენი იორდანესა წინაშე უფლისა, ვიდრემდის მოისრნენ მტერნი მისნი პირისაგან მისისა.

და შეჭურვილი გადავა თითოეული თქვენგანი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ აყრის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე,

22

და დაიპყრას ქუეყანაჲ იგი წინაშე უფლისა და შემდგომად ამისსა უკუმოიქცეთ და იყუნეთ უბრალო წინაშე უფლისა და ისრაჱლისაგაჱ, და იყოს ქუეყანა ესე სამკჳდრებელად თქვენდა წინაშე უფლისა.

და არ დაემორჩილება ქვეყანა უფალს, მერე გაბრუნდებით და უბრალონი იქნებით უფალთან და ისრაელთან, თქვენი საკუთრება გახდება ეს ქვეყანა უფლის წინაშე.

23

უკუეთუ არა ჰყოთ ესრე, სცოდოთ წინაშე უფლისა და სცნათ ცოდვაჲ თქუენი, რაჟამს გეწიოს თქუენ ძჳრი.

თუ ასე არ მოიქცევით, შესცოდავთ უფალს და დაიმსახურებთ სასჯელს, რომელიც გეწევათ თქვენ.

24

და აწ იშენეთ თქუენ ქალაქები ვანისა თქუენისათჳს და ბანაკები საცხოვრისა თქუენისათჳს და, რომელ-ეგე აღმოჴდა პირით თქუენით, ყავთ.

აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები ცხვრისათვის. რაც თქვენი ბაგეებიდან გამოვა, ის აკეთეთ.

25

და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა მოსეს და ჰრქუეს: მონათა შენთა ყონ, ვითარცა უმცნიეს შენდა უფალსა ვანი ჩუენი

ასე უთხრეს გადიანებმა და რეუბენიანებმა მოსეს: ისე მოიქცევიან შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი ბატონი ბრძანებს.

26

და დედები ჩემნი და ყოველი საცხოვარი ჩუენი იყოს მუნ ქალაქებსა მას გალაადისასა.

ჩვენი ბავშვები, ჩვენი ცოლები, ჩვენი საქონელი და მთელი ჩვენი პირუტყვი დარჩებიან აქ, გალაადის ქალაქებში.

27

მონანი შენნი წიაღჴდენ ყოველნივე შეჭურვილნი და განმზადებულნი წინაშე უფლისა ბრძოლად, ვითარცა იტყჳს უფალი.

შენი მორჩილნი კი, ყველანი სალაშქროდ დარაზმული გავლენ უფლის წინაშე საბრძოლველად, როგორც ჩვენი ბატონი ამბობს.

28

და შეასწავლნა იგინი მოსე ელიაზარს მღდელსა და ისოს, ძესა ნავესსა, და მთავართა და ტომთა ძეთა ისრაჱლისათა.

უბრძანა მათზე მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და ისრაელიანების შტოთა მამამთავრებს.

29

და ჰრქუა მათ მოსე: წიაღ-თუ-ჴდენ ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი თქუენ თანა იორდანესა ყოველნი შეჭურვილნი ბრძოლად წინაშე უფლისა და ეუფლნეთ ქუეყანასა მას წინაშე თქუენსა, მისცეთ მათ ქუეყანა გალაადისაჲ სამკჳდრებელად.

უთხრა მათ მოსემ: თუ გადავლენ გადიანები და რეუბენიანები თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად დარაზმულნი უფლის წინაშე, და დამორჩილდება ის ქვეყანა თქვენს წინაშე, მიეცით მათ გალაადის ქვეყანა საკუთრებად.

30

უკუეთუ არა წიაღჴდენ შეჭურვილნი თქუენ თანა ბრძოლად წინაშე უფლისა, თქუენ წიაღიღეთ ვანი მათი და დედაწული მათი და საცხოვარი მათი პირველად თქუენსა ქუეყანად ქანანისა.

თუ არ გადავლენ დარაზმულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენს შორის მიიღებენ წილს ქანაანის ქვეყანაში.

31

და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ჰრქუეს: რავდენსაცა გვეტყოდის უფალი მონათა მისთა,

პასუხად მიუგეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: როგორც უფალმა უთხრა შენს მორჩილთ, ისე მოვიქცევით.

32

ეგრე ვყოთ ჩუენ, წიაღვჴდეთ შეჭურვილნი ქუეყანად ქანანისა და გუცეთ ჩუენ სამკჳდრებელი წიაღ იორდანესა.

ჩვენ გავალთ დარაზმულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში, სამკვიდრო კი იორდანეს გამოღმა გვექნება.

33

და მისცა მათ მოსე: ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, ძისა იოსებისსა, სამეუფოჲ სეონ მეფისა ამორველისაჲ, და სამეუფოჲ ოგ მეფისა ბასანისაჲ ქუეყანაჲ და ქალაქები მისი საზღურითურთ, ქალაქები ქუეყანასა გარემო.

და მისცა მოსემ მათ - გადიანებს, რეუბენიანებს და მენაშეს, იოსების ძის, ნახევარ შტოს სიხონ ამორეველთა მეფის სამეფო, ბაშანის მეფის, ყოგის, სამეფო, ქვეყანა თავისი ქალაქებითა და სანახებითურთ, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.

34

და აღაშენეს ძეთა გადისთა დებონი

ააშენეს გადიანებმა დიბონი, ყატაროთი და ყაროერი,

35

და ატაროთი და არუერი და სუფანი და იაზერი.

ყატაროთ-შოფანი, იაყზერი და იაგბეჰა,

36

და აღამაღლნეს იგინი და ბეთნაბრაჲ და ბეთარრანი, ქალაქნი ძნელნი, და ბოსლები საცხოვრე.

ბეთ-ნიმრა, ბეთ-ჰარანი, გამაგრებული ქალაქები და ფარეხები ცხვრისათვის.

37

და ძეთა რუბენისთა აღაშენეს ესებონი და ელვარე და კარათაჲმე და ნაბოჲ

რეუბენიანებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე, კირიათაიმი,

38

და ბელმოჲნი გარემოჲს დასაბამი და დასდვეს სახელები მათი სახელებად ქალაქებსა მას, რომელ აღაშენნეს.

ნებო, ბაალ-მეყონი, რომელთაც სახელი შეეცვალათ, და სიბმა; დაარქვეს სახელები ქალაქებს, რომლებიც მათ ააშენეს.

39

და წარვიდა ძე მაქირისი, ძისა მანასესი, გალაადდ და დაიპყრა იგი და წარწყმიდა ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ.

წავიდნენ მაქირ მენაშეს ძეს შთამომავალნი გალაადში, აიღეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველნი.

40

და მისცა მოსე გალაადი მაქირს, ძესა მანასესა, და დაეშენა მუნ.

მისცა მოსემ გალაადი მაქირ მენაშეს ძეს და ის დასახლდა იქ.

41

და იაირ, ძე მანასესი, წარვიდა და დაიპყრა ბოსლები მათი და უწოდა მათ ბანაკები იაირისი.

იაირ მენაშეს ძე კი წავიდა და აიღო მათი სოფლები და დაარქვა მათ იაირის სოფლები.

42

და ნაბავ წარვიდა, დაიპყრა კანათაჲ და დაბნები მისი. და უწოდა მას ნაბავ, სახელი თჳსი.

ნობახი წავიდა და აიღო კენათი თავის დაბა-სოფლებიანად და დაარქვა მას თავისი სახელი: ნობახი.