რიცხვნი · თავი 23
და ჰრქუა ბალამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდი ზუარაკი და შჳდი ვერძი.
უთხრა ბალაამმა ბალაკს: ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე აქ შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი.
და ყო ეგრე ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალაამ, და შეწირა ზურაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და ბალაკმა და ბალაამმა აღავლინეს თითო ხბო და თითო ცხვარი სამსხვერპლოზე.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს. დადეგ მსხუერპსა ზედა შენსა და წარვიდე. გამო-ძი-მე-ცხადოს მე ღმერთი შემთხუევით და სიტყუაჲ, რომელ გამოაჩინოს, გითხრა შენ. და დადგა ბალაკ შესაწირავსა ზედა მისსა და ბალაამ მივიდა კითხვად ღმრთისა და მივიდა მართლ.
უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი შენს მსხვერპლს, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი და, რასაც გამომიცხადებს, შეგატყობინებ. და წავიდა წყნარად.
და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და ჰრქუა მას ბალაამ: შჳდნი ბომონნი დამიმზადებიან და შემიწირავს ზუარაკი და ვერძი ბომონსა ზედა.
შეხვდა ღმერთი ბალაამს და უთხრა მას ბალაამმა: შვიდი სამსხვერპლო გავაწყვე და თითო ხბო და თითო ცხვარი აღვავლინე თითო სამსხვერპლოზე.
და მოსცა ღმერთმან სიტყუაჲ პირსა ბალაამისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისსა და ესრე თქუ.
ჩაუდო უფალმა სიტყვა ბალაამს ბაგეში და უთხრა: დაბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპარაკე.
და მოიქცა მისა, ხოლო იგი დგა მრგულიად დასაწველთა ზედა მისთა და ყოველნი მთავარნი მოაბისანი მის თანა.
დაბრუნდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად.
და იყო სული ღმრთისა მის თანა და აღიღო იგავი იგი თჳსი და თქუა: შუვამდინარით მომხადა მე ბალაკ, მეფემან მოაბისამან, მთათაგან აღმოსავალთაჲთ და თქუა: მოვედ და სწყევე იაკობი, და მოვედ და წყევე ისრაჱლი.
წარმოთქვა თავისი იგავი: არამიდან მომიყვანა ბალაკმა, მოაბის მეფემ, აღმოსავლეთის მთებიდან: მოდი, დამიწყევლე იაკობი, მოდი, შემიჩვენე ისრაელი.
რაჲ ვსწყევო, რომელსა არა სწყევე უფალი, ანუ რათა დავწყეო, რომელ არა უწყევიეს ღმერთსა?
როგორ დაგიწყევლო? ღმერთს არ დაუწყევლია. როგორ შევაჩვენო? უფალს არ შეუჩვენებია.
არამედ თავთაგან მთათაჲსა ვიხილო იგი და ბორცუთაგან განვიცადო იგი. აჰა, ესერა, ერი მარტოჲ დაეშენოს და შორის წარმართთა არა შეირაცხოს.
რადგან კლდის თავიდან ვხედავ მას და გორაკებიდან ვუყურებ მას: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება.
ვინ გამოიძია ნათესავი იაკობისი და ვინ აღრაცხოს დასები ისრაჱლისაჲ. მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთა. და იყავნ ნათესავი ჩემი ვითარცა ნათესავი ამათი.
ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს? მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი!
და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: რაჲ მიყავ მე ესე? წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და, აჰა, ესვრა, აკურთხე კურთხევით?
უთხრა ბალაკმა ბალაამს: რას მიშვრები? ჩემი მტრების დასაწყევლად წამოგიყვანე, შენ კი აქ ლოცავ მათ.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა ვთქუა, ვითარმედ რომელი მომცეს ღმერთმან პირსა ჩემსა, ამას ვეკრძალო სიტყუად?
მიუგო პასუხად: განა რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?
და ჰრქუა მას ბალაკ: მოვედ მერმეცა ჩემ თანა ადგილსა სხუასა, ვინაჲ არა იხილო იგი მიერ, არამედ მცირედი რაჲმე მისი იხილო. ხოლო ყოველი არა იხილო და დაწყევე იგი მიერ.
უთხრა მას ბალაკმა: წამომყევი სხვა ადგილას, საიდანაც დაინახავ მას, ოღონდ მის ნაწილს დაინახავ, მთელს კი - ვერა. იქიდან დამიწყევლე ის.
და წარიყვანა იგი აგარაკით ებგურთაჲთ თავად გამოთლილისად. და აღქმნნა მუნ შჳდნი ბომონნი და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
წაიყვანა იგი მოთვალთვალეთა ადგილსამყოფელში, ფისგას წვერზე, ააგო შვიდი სამსხვერპლო და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა ამას ზედა შენსა და მე მივიდე კითხვად ღმრთისა.
უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი აქ შენს მსხვერპლს, მე კი იქ წავალ შესახვედრად.
და შეემთხჳა ღმერთი ბალაამს და მოსცა სიტყუაჲ პირსა მისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისა და ესრე თქუა.
შეხვდა უფალი ბალაამს და ჩაუდო სიტყვა ბაგეებში და უთხრა: აბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპრაკე.
და მოიქცა მისა, სადა-იგი დგა მრგუალიად დასაწველსა ზედა მისსა და ყოველნი მთავარნი მის თანა და ჰრქუა მას ბალაკ: რაჲ გრქუა უფალმან?
მივიდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად. უთხრა ბალაკმა: რა ილაპარაკა უფალმა?
და აღიღო იგავი იგი თჳსი და ჰრქუა: აღდეგ, ბალაკ, და ისმინე, ყურად-იღე მოწამემან ძემან სეფორისმან.
წარმოთქვა თავისი იგავი: ადექი, ბალაკ, და გაიგონე, ყური მიგდე, ციფორის ძევ!
არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღჳძებად და არცა ვითარცა ძე კაცისაჲ რიცხვად. შენ სთქუ: არა ყოს, თქჳს და არა დაადგრის.
ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?
აჰა. ესერა, კურთხევად მიწყიეს, ვაკურთხო და არა მოვაქციო.
აჰა, დალოცვა მებრძანა. მან დალოცა და მე ვერ გადავთქვამ.
არა იყოს შრომაჲ შორის იაკობსა, არცა იხილო სალმობაჲ შორის ისრაჱლსა. უფალი ღმერთი მისი მის თანა და დიდებულნი მთავართანი შორის მისსა.
არ არის სიცრუე იაკობში და არ ჩანს მზაკვრობა ისრაელში. უფალი მათი ღმერთია მასთან და სამეუფო ბუკის ხმაა მასში.
ღმერთი არს, რომელმან გამოიყვანნა იგინი ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მის.
ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის.
რამეთუ არა არს ზმნა შორის იაკობსა, არცა მისნობა შორის ისრაჱლსა. ჟამად-ჟამად ეთხრას იაკობსა და ისრაჱლსა, რაჲცა ქმნას ღმერთმან.
არ არის გრძნეულება იაკობში და არ არის ჯადოქრობა ისრაელში. თავის დროზე გამოეცხადება იაკობს და ისრაელს, რა მოიმოქმედა ღმერთმა.
აჰა, ესერა, მან, ვითარცა ლეკუმან ლომისამან, განიღჳძოს და ვითარცა ლომი იბედღუენდეს, არა დაიძინოს ვიდრემდის არა ჭამოს ნადირი და სისხლი წყლულთაჲ სუას.
აჰა, ხალხი ძუ ლომივით იმართება და ხვადი ლომივით ტორებზე დგება; არ დაწვება, ვიდრე ნანადირევს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ შესვამს.
და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: ნუცა წყევით სწყევ მას, ნუცა კურთხევით აკურთხევ.
უთხრა ბალაკმა ბალაამს: ნურც შეაჩვენებ მას და ნურც დალოცავ.
და მიუგო ბალამ და ჰრქუა ბალაკს: არა გეტყოდე შენ და გარქუ, ვითარმედ: სიტყუაჲ, რომელი მრქუას ღმერთმან, ესე ვყო.
მიუგო ბალაამმა და უთხრა ბალაკს: ხომ გითხარი, რასაც უფალი მეტყვის, იმას ვიზამ-მეთქი?
და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: მოვედ და მიგიყვანო შენ ადგილსა სხუასა, სთნდეს ხოლო თუ ღმერასა, და დაწყევე იგი მიერ.
უთხრა ბალაკმა ბალაამს: წამოდი, სხვა ადგილას წაგიყვან. იქნებ ინებოს ღმერთმა, რომ იქიდან დამიწყევლო იგი.
და წარიყვანა ბალაკ ბალაამი თავსა ზედა ფუგორისასა, რომელ მიაწევს უდაბნოდ.
აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეგორის თავზე, რომელიც უდაბნოს გადაჰყურებდა.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდ ზუარაკი და ვერძი.
უთხრა ბალაამმა ბალაკს: ააგე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი.
და ყო ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალამ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე.
