რიცხვნი · თავი 12

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იტყოდეს მარიამ და აჰრონ მოსეს ზედა დედაკაცისა მისთჳს ჰინდოჲსა, რამეთუ ცოლი ჰინდოჲ მოიყვანა.

კიცხავდნენ მოსეს მირიამი და აარონი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ნათხოვი ჰყავდა, რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად.

2

და თქუეს: მოსეს ხოლო ნუ ეტყოდაა უფალი, ანუ ჩუენ არა გუეტყოდა? და ესმა ესე უფალსა.

ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაღებოდა? გაიგონა ეს უფალმა.

3

და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.

მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.

4

და ჰრქუა უფალმან მეყსეულად მოსეს და აჰრონს და მარიამს: გამოვედით თქუენ სამნივე გარეშე კარვად საწამებელისა, და გამოვიდეს სამნივე იგი კარვად საწამებელისა.

უთხრა მოულოდნელად უფალმა მოსეს, აარონს და მირიამს: გამოდით სამივენი სადღესასწაულო კარავთან. და გამოვიდნენ სამივენი.

5

და გარდამოჴდა უფალი სუეტითა ღრუბლისაჲთა, და დადგა კართა წინაშე კარვისა მის საწამებელისათა და უწოდა აჰრონს და მარიამს. და განვიდეს ორნივე.

ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის შესასვლელთან. უხმო აარონს და მირიამს, და წინ წადგნენ ორივენი.

6

და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინაწარმეტყუელ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას.

თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან.

7

ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, სარწმუნო არს,

ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი.

8

პირისპირ ვეტყოდი მას ხილვით და არა იგავით, დიდებაჲ უფლისა იხილა და ვითარ არა შეიშინით ძჳრისსიტყუად მსახურისა ჩემისა მოსესთჳს?

პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ?

9

და რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ ყო მათ ზედა, წარვიდეს.

აღინთო უფლის რისხვა მათ მიმართ. და წავიდა.

10

და ღრუბელი იგი განეშოვრა მიერ კარვით და, აჰა, ესერა, მარიამ განკეთრდა, ვითარცა თოვლი და მიჰხედა აჰრონ მარიამს. და იგი განკეთრებულ იყო და

აშორდა ღრუბელი კარავს, და, აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და, აჰა, კეთრი მოსდებია მას.

11

ჰრქუა აჰრონ მოსეს: გევედრები, უფალო, ნუ მომაგებ ჩუენ ცოდვისა მისთჳს,

უთხრა აარონმა მოსეს: გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი ჩვენს სიბრიყვეს და შეცოდებანს.

12

რამეთუ უმეცარ ვიქმნენით და შეგცოდეთ შენ, რათა არა იყოს სწორად სიკუდილისა, ვითარცა მორყუნილი, რომელ გამოვალნ საშოჲსაგან დედისა და შეჰჭამს ზოგსა ჴორცთა მისთასა.

ნუ გახდი მას მკვდარშობილივით, ნახევრად შეჭმული სხეულით რომ გამოდის დედის საშოდან.

13

და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და თქუა: უფალო, გევედრები შენ, ულხინე ამას.

შეჰღაღადა მოსემ უფალს: ღმერთო, განკურნე, გევედრები.

14

და ჰრქუა უფალმან მოსეს: უკუეთუმცა მამამან მისმან პირსა ჰნერწყვა, არამცა შეიკდიმაა შჳდ დღე? განჴედინ გარეშე ბანაკსა და მისსა შემდგომად შემოვედინ.

უთხრა უფალმა მოსეს: მამას რომ მიეფურთხებინა მისთვის სახეში, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? შვიდი დღე დაიმალოს ბანაკის გარეთ და მერე დაბრუნდეს.

15

და განჴადეს მარიამ გარეშე ბანაკსა მას შჳდ დღე. და ერი არა წარიძრა, ვიდრემდე განწმიდნა მარიამ.

შვიდ დღეს იმალებოდა მირიამი ბანაკის გარეთ და არ დაძრულა ხალხი, ვიდრე მირიამი არ დაბრუნდა.

16

მერე დაიძრა ხალხი ხაცოროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.