რიცხვნი · თავი 21

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ესმა ქანანის მეფესა არადიდსა, რომელ მკჳდრ იყო უდაბნოსა, ვითარმედ მოვიდა ისრაჱლი გზასა ათარისასა, და ბრძოლა-უყო ისრაჱლსა, და იტაცეს მათგან სატყუენავი.

გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები.

2

და აღუთქუა ისრაჱლმან აღთქმაჲ უფალსა და თქუა: მო-თუ-მცე ერი ესე ჴელთა ჩემთა, შეჩუენებულ-ვყო იგი და ქალაქები მისი.

აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: თუ ხელში ჩამაგდებინებ ამ ხალხს, დავარისხებ მათ ქალაქებს.

3

და ისმინა უფალმან ჴმაჲ ისრაჱლისაჲ და მოსცა ქანანი ჴელთა მისთა. და შეჩუენებულ-ყო იგი და ქალაქები მისი და უწოდა მას ადგილსა სახელი - „შეჩუენებულ“.

უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი).

4

და იტრნეს ორით მთით გზით ზღჳთ კერძო ერუთრად და გარეშევლლეს ქუეყანაჲ ედომისაჲ. და სულმოკლე იქმნა ერი იგი გზასა ზედა.

დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვის გზით, რომ შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.

5

და ძჳრსა იტყოდა ერი იგი ღმრთისა მიმართ და მოსესთჳს და თქუა: რაჲსათჳს მოგჳყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად უდაბნოსა ამას, რამეთუ არა არს პური, არცა წყალი და სულსა ჩუენსა მოეწყინა პური ესე ცუდი?

საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა.

6

და მოუვლინა უფალმან ერსა მას გუელი მომსრველი და უკბენდეს ერსა მას და მოისრა ერი მრავალი ძეთა ისრაჱლისათაჲ.

მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში.

7

და მოვიდა ერი იგი მოსესა და ეტყოდა: ვცოდეთ, რამეთუ ძჳრსა ვიტყოდეთ უფლისათჳს და შენთჳს. ილოცე აწ უფლისა მიმართ და განგუაყენე ჩუენგან გუელი ესე. და ილოცა მოსე უფლისა მიმართ ერისა მისთჳს.

მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის.

8

და ჰრქუა უფალმან მოსეს: ქმენ შენ გუელი და დადვე იგი საზღვარსა ზედა. და იყოს, უკბინოს თუ გუელმან კაცსა, ყოველმან კბენილმან, რომელმან იხილოს იგი, ცხონდეს.

უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება.

9

და ქმნა მოსე გუელი რვალისაჲ და აღმართა იგი საზღვართა ზედა. და იყო, რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მიჰხედის გუელსა მას რვალისასა და ცხონდის.

გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა.

10

და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს უბოთსა.

დაიძრნენ ისრაელიანები და ობოთში დაბანაკდნენ.

11

და იძრნეს უბოთით და დაიბანაკეს აქალგას წიაღ უდაბნოსა, რომელ არს პირის-პირ მოაბსა აღმოსავლით კერძო მზისაჲთ.

დაიძრნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, მოაბის გასწვრივ რომ არის, მზის აღმოსავლეთისკენ.

12

მიერ იძრნეს და დაიბანაკეს ჴევსა სარედისასა.

დაიძრნენ იქიდან და ზარედის ხევში დაბანაკდნენ.

13

მიერ იძრნეს და დაიბანაკეს მიერ წიაღ არნუნსა უდაბნოსა, რომელ გამოვლეს საზღვართაგან ამორეველთაჲსა, რამეთუ არნუნი საზღვარი მოაბელთაჲ არს და არს საშუვალ ამორეველისა.

დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ არნონთან, უდაბნოში, სადაც არნონი ამორეველთა საზღვრიდან გამოდის, რადგან იგი მოაბისა და ამორეველთა საზღვარია.

14

ამისთჳს თქმულ არს წიგნსა ბრძოლაჲ იგი უფლისა, ზუობი მოწუა და ჴევნი არნონისანი.

ამიტომაც არის ნათქვამი საუფლო ბრძოლების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ღვარები.

15

და ჴევნი დაამტკიცნა დამკჳდრებად ერისა. და ახს საზღვართა მოაბისათა.

ეშვება ღვარები და უხვევს, რომ დამდოვრდეს ყართან და მიადგეს მოაბის საზღვარს.

16

და მუნ იყო ჯურღმული ესე, ჯურღმული, რომლისათჳს ჰრქუა უფალმან მოსეს: შეკრიბე ერი ეგე და ვსცე მათ წყალი სუმად.

იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს.

17

მაშინ გალობდა ისრაჱლი გალობასა ამას ჯურღმულსა მას ზედა. წინამძღუართა მისთა თხარეს

მაშინ იმღერა ისრაელმა ეს სიმღერა: აივსე, ჭაო! უმღერეთ მას!

18

ჯურღმული, მთავართა აღმოკოდეს იგი, მეუფეთა წარმართთა მეუფებასა მათსა, რაჟამს ეუფლებოდეს მათ და ჯურღმულით მანთანაინდ.

ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ერის თავკაცებმა კვერთხით - თავიანთი არგნებით. უდაბნოდან მათანისკენ.

19

და მანთანაით მანთანაჱლდ და მანანაჱლით ბაბუოთდ,

მათანიდან ნახალიელში, ნახალიელიდან ბამოთში.

20

და ბამოოთით იანანდ თავი, რომელ არს ველსა მოაბისასა თავით გოთლილით, რომელ ხედავს პირსა უდაბნოჲსასა.

ბამოთიდან გავიდნენ დაბლობზე, მოაბის ველზე რომ არის, ფისგას მთასთან, უდაბნოსკენ რომ იყურება.

21

და წარავლინნა მოსე მოციქული სიონ მეფისა ამორეველთაჲსა სიტყჳთა მშჳდობისაჲთა.

გაუგზავნა მოციქულები ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს და შეუთვალა:

22

და ჰრქუა: განვლო ქუეყანა შენი, გზაჲ განვლო, არა მივაქციოთ აგარაკსა შენსა, არცა ვენაჴთა შენთა, არა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ. გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ ვიდრე გარდასლვადმდე საზღვართა შენთა.

გამატარე შენს ქვეყანაზე; არ შევალთ ყანებში და ვენახებში, არ დავლევთ ჭის წყალს; სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე შენი საზღვრიდან არ გავალთ.

23

და არა სცა სიონი ისრაჱლსა განსლვად საზღვრით მისით. და შეკრიბა სიონ ყოველი ერი თჳსი და გამოუჴდა ბრძოლად ისრაჱლსა უდაბნოდ და მოვიდა იასასარდ და ეწყო ისრაჱლსა.

არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში; მივიდა იაჰელაში და შეებრძოლა ისრაელს.

24

და სძლო მას ისრაჱლმან მოსრვად მახჳლითა და ეუფლა ქუეყანასა მისსა არნუნითგან მიიაბუკდმდე და ვიდრე ძეთა ამანისთადმდე, რამეთუ იაზერ საზღვარი არს ამმანისთაჲ.

მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო ყამონელთა საზღვარი.

25

და დაიპყრა ისრაჱლმან ყოველი ქალაქები ესე. და დაეშენა ისრაჱლი ყოველსა შინა ქალაქებსა ამორეველთასა ესებონს შინა და ყოველთა შინა მოსაზღურეთა მისთა.

აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დაიწყო ისრაელმა ცხოვრება ამორეველთა ყველა ამ ქალაქში, ხეშბონში და მთელს მის დაბა-სოფლებში.

26

რამეთუ ესებონი ქალაქი სერუნისი არს მეფისა ამორეველთაჲსაჲ და ამას ჰბრძოდა მეფესა ამორეველთასა წინა და დაიპყრა ყოველი ქუეყანაჲ მისი არუჱრითგან მიარნუნდმდე.

რადგან ხეშბონი ამორეველთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო. მან ბრძოლა გაუმართა მოაბის წინანდელ მეფეს და წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე.

27

ამისთჳს თქჳანმე იგავითა მოვედით ესებონს, რათა აღეშენოს და განეგოს ქალაქი სიონისი.

ამიტომაც ამბობენ მეიგავარაკენი: წადით ხეშბონს, აშენდება და განმტკიცდება სიხონის ქალაქი.

28

რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესებონით, ალი ქალაქით სიონისით და შეჭამა მოაბადმდე, შთანთქნა ძენი არნუნისნი.

რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა ყარ-მოაბი, არნონის გორაკთა პატრონები.

29

ვაჲ შენდა, მოაბ, წარსწყმიდე ერი ქამონისი, მიეცა, ძენი მათნი ევლტოდეთ და ასულები მათი ტყუე იყოს მეფისა ამორეველთაჲსა სიონისი.

ვაი შენ, მოაბო! განადგურდი, ქამოშის ხალხო! თავისი ვაჟები ლტოლვილებად აქცია, თავისი ქალები ამორეველთა მეფის, სიხონის, ტყვეებად.

30

და ნათესავი მათი წარწყმდეს ესებონდ მიდებონდმდე და დედებმან მათმან უფროჲს აღაგზნეს ცეცხლი მოაბსა ზედა.

დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის!

31

ხოლო დაეშენა ისრაჱლი ყოველთა ქალაქებთა ამორეველთასა.

დაიწყო ცხოვრება ისრაელმა ამორეველთა ქვეყანაში.

32

და წარავლინა მოსე მოხილვად იაზერისა და დაიპყრეს იგი და დაბნები მისი და გამოჴადეს ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ.

გაგზავნა კაცები მოსემ იაზერის დასაზვერად და აიღეს მისი დაბა-სოფლები და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები.

33

და მოაქციეს და აღვიდეს გზასა ბასანისასა და გამოვიდა ოგ, მეფე ბასანისაჲ, წინაშემთხუევად მათა, თავადი იგი და ყოველი ერი მისი ბრძოლად ედრაინს.

გამობრუნდნენ და დაადგნენ ბაშანის გზას. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ედრეიში საბრძოლველად.

34

და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ გეშინინ მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი ქუეყანა მისი და უყავ მას, ვითარცა-იგი უყავ სეონ მეფესა ამორეველთასა, რომელ შენ იყო ესებონს შინა.

უთხრა უფალმა მოსეს: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდებ მას და მთელს მის ჯარს, მთელს მის ქვეყანას. იმასვე უყოფ მას, რაც უყავი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ ცხოვრობდა.

35

და მოკლა იგი და ძენი მისნი, და ყოველი ერი მისი, და არა დაუტევა მისი განრინებული და დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი.

მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელს მის ქალაქს, ისე რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა.