რიცხვნი · თავი 10

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2

იქმნენ თავისი შენისა ორნი ნესტუნი, ჭედილნი ვეცხლისანი ჰქმნე იგინი და იყუნენ შენდა მოწოდებად კრებულისა და ტრვად ბანაკისა.

გაიკეთე ორი ვერცხლის საყვირი, ჭედური გააკეთე ისინი, საზოგადოების შესაკრებად და ბანაკების ასაყრელად გქონდეს.

3

და დაჰბეროს მით და შემოკრბეს ყოველი კრებული კარად კარვისა საწამებელისა.

დააყვირებენ და შენთან შეიყრება მთელი საზოგადოება, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

4

უკუეთუ ერთსა დაჰბეროთ, მოვიდოდიან შენდა მთავარნი იგი წინამძღუარნი ისრაჱლისანი.

როცა ერთხელ დააყვირებენ, შეიყრებიან შენთან თავკაცები - ისრაელიანთა ათასისთავები.

5

და დაჰბეროთ საუწყებელად და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს მზის აღმოსავალით,

დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, აღმოსავლეთით დაბანაკებულნი.

6

და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეორესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ჩრდილოჲთ; და დაჰბერეთ საუწყებელითა მესამითა, იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ზღჳთ კერძო; და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეოთხესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ბღუარით. და საუწყებელსა დაჰბეროდიან ტრვასა მას მათსა.

მეორედ დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, სამხრეთით დაბანაკებულნი; მათი დაძვრისათვის საგანგაშო დააყვირონ.

7

და რაჟამს შეჰკრიბოთ კრებული, დაჰბეროთ და ნუ საუწყებელად.

საზოგადოების შესაყრელადაც დააყვირე, ოღონდ არა საგანგაშო.

8

და ძეთა აჰრონისთა, მღდელთა, დაჰბეროდიან ნესტუებითა მით და იყოს იგი თქუენდა შჯულად საუკუნოდ ნათესავთა შორის თქუენთა.

აარონის შვილებმა, მღვდლებმა უნდა დააყვირონ საყვირებს. ეს იყოს სამარადისო წესი თქვენს თაობებში.

9

უკუეთუ განხჳდეთ ბრძოლად მტერთა მათ თქუენთა ქუეყანასა მას თქუენსა და აუწყოდით ნესტუებითა მით და მოიჴსენნეთ წინაშე უფლისა და განერნეთ მტერთაგან თქუენთა.

როცა გახვალთ თქვენს ქვეყანაში მომხდურ მტერთან საბრძოლველად, ასტეხეთ განგაში საყვირებით და გახსენებული იქნებით უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გადაურჩებით თქვენს მტრებს.

10

და დღესა სიხარულისა თქუენისათა და დღესასწაულთა და თთჳსთავთა თქუენთა დაჰბერით ნესტუებითა მით მსხუერპლთა თქუენთა ზედა და შესაწირავთა ცხორებისა თქუენისათა და იყოს თქუენდა მოსაჴსენებელ წინაშე ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალმთავრობისას, როცა აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

11

და იყო, წელსა მას მეორესა და თთუესა მეორესა, ოცსა თთჳსასა, აღიმაღლა ღრუბელმან კარვისა მისგან წამებისა.

მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს.

12

და წარიტრნეს ძენი ისრაჱლისანი კარვითურთ მათით უდაბნოჲსა მისგან სინაჲსა და დადგა ღრუბელი იგი უდაბნოსა მას ფარანისასა.

დაიძრნენ ისრაელიანები სამგზავროდ სინაის უდაბნოდან და დადგა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.

13

და იტრნეს პირველად სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.

დაიძრნენ პირველად უფლის ბრძანებისამებრ მოსეს წინამძღოლობით.

14

და იტრა განწესებული ბანაკი ძეთა იუდაჲსთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა მათსა - ნაასონ, ძე ამინადაბისი,

იუდიანთა ბანაკის დროშა დაიძრა პირველად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონ ყამინადაბის ძე.

15

და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ისაქარისთასა - ნათანიელ, ძე სოგარისი.

ისაქარიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ნათანიელ ცუყარის ძე.

16

და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ზაბულონისთა ელიაბ, ძე ქერონისი.

ზებულონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიაბ ხელონის ძე.

17

და დაჴსნენ კარავი იგი და იტრნენ ძენი გეთსონისნი და ძენი მერარისნი და აღიღონ კარავი იგი.

დაშალეს სავანე და დაიძრნენ გერშონიანები და მერარიანები, სავანის მზიდველნი.

18

და წარიძრა განწესებული იგი ბანაკი ძეთა რუბენისთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - ელისურ, ძე სედეორისი, და ერსა მას ზედა ნათესავისა.

დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მის ლაშქარს სათავეში ედგა ელიცურ შედეურის ძე.

19

ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძე სურისადაჲსი.

სიმონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა შელუმიელ ცურაშადის ძე.

20

და ერსა ზედა ნათესავისა ძეთა გადისთასა - ელისაფან, ძე რაგუელისი.

გადიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიასაფ რეღუელის ძე.

21

და იტრნეს ძენი კაათისნი და აღიღონ სიწმიდე იგი და აღმართონ კარავი იგი ვიდრე მისლვად მათთამდე.

დაიძრნენ კეჰათელები, საწმიდარის მზიდველნი. სავანე მათ მოსვლამდე იყო აღმართული.

22

და იტრას განწესებული ბანაკი ეფრემისი და ერსა მას ზედა მათსა - ელისამა, ძე სემიუდისი.

დაიძრა ეფრემიანთა ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ელიშამაყ აბიჰუდის ძე.

23

და ერსა ზედა ტომისა ძეთა მანასესთასა - გამალიელ, ძე ფადასურისი,

მენაშეანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა გამალიელ ფედაცურის ძე.

24

და ერსა ზედა ტომისა ძეთა ბენიამისთასა - აბიდან, ძე გედეონისი.

ბენიამინთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა აბიდან გედეონის ძე.

25

და იტრას განწესებული ბანაკი ძეთა დანისთაჲ შემდგომად ყოველთა ბანაკთა ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - აქეზურ, ძე ამინადაჲსი.

დაიძრა დანიანთა ბანაკის დროშა ყველა ბანაკის ჩამკეტად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ახიეზერ ყამიშადის ძე.

26

და ერსა მას ზედა ტოჰმისა ასერისთასა - ფაგელ, ძე ექრანისი.

აშერიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ფაგიელ ყაქრანის ძე.

27

და ტომსა მას ზედა ძეთა ნეფთალემისთასა - აქირე, ძე ენანისი.

ნაფთალიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ახირაყ ყენანის ძე.

28

ესე ბანაკი ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი წარიძრნეს ძალითურთ მათით.

ასეთი იყო ისრაელიანთა სვლის რიგი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ასე დაიძრნენ ისინი.

29

და ჰრქუა მოსე იუბიბას, ძესა რაგუელისსა, მადიამელსა, სიმამრსა მოსესა: წარვიძრვით ჩუენ ადგილსა მას, რომელი მრქუა ჩუენ უფალმან. ესე მიგცე თქუენ, აწ მოვედ ჩუენ თანა და კეთილი გიყოთ შენ, რამეთუ უფალმან თქვა კეთილი ისრაჱლისათჳს.

უთხრა მოსემ ხობაბს, რეღუელ მიდიანელის, მოსეს სიმამრის ძეს: მივემართებით იმ ადგილისკენ, რომელზედაც გვითხრა უფალმა, თქვენ გაძლევთო მას. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთე უბრძანებია უფალს ისრაელზე.

30

და მან ჰრქუა მას: არა მივიდე, არამედ ქუეყანად ჩემდა და ნათესავისა ჩემისა წარვიდე.

მიუგო: ვერ წამოვალ, რადგან ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში მივდივარ.

31

და ჰრქუა მას მოსე: ნუ დამიტევებ ჩუენ, ვინაჲთგან იყავ ჩუენ თანა უდაბნოსა ამას და იყო ჩუენ შორის მოხუცებულად.

უთხრა: ნუ დაგვტოვებ, რადგან შენ იცი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.

32

და უკუეთუ მოხჳდე ჩუენ თანა, იყოს კეთილი იგი, რაოდენი კეთილი გჳყოს ჩუენ უფალმან, შენცა კეთილ გიყოთ და მან არა ინება.

თუ წამოგვყვები, თქვენც გაზიარებთ იმ სიკეთეს, რასაც მოგვმადლებს ღმერთი.

33

და წარიძრნეს იგინი მთისაგან უფლისა გზასა სამისა დღისასა და კიდობანი იგი უფლისა წინავიდოდა უწინარეს მათსა გზასა სამისა დღისასა,

იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა სამი დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი.

34

განხილვად მათთჳს განსასუენებელისა.

უფლის ღრუბელი იყო მათზე დღისით, როცა ისინი ბანაკიდან დაიძრნენ.

35

და იყო, რაჟამს წარიძრვოდა კიდობანი და თქუა მოსე: აღდეგ, უფალო, და განიბნინედ ყოველნი მტერნი შენნი და ივლტოდედ ყოველნი მოძულენი შენნი პირისა შენისაგან.

როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: აღიმართე, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი.

36

და დადგრომასა თქუა: მოაქციე, უფალო, ათასეული და ბევრეული ისრაჱლსა შორის. და ღრუბელი იგი აგრილობდა მათ ზედა დღისი ტრვასა მას მათსა ბანაკით.

დავანებისას იტყოდა: დაბრუნდი, უფალო, ისრაელის ბევრათასეულთან.