რიცხვნი · თავი 20
და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი უდაბნოდ სინად თთუესა პირველსა. და დაადგრა ერი იგი კადეს და აღესრულა მარიამ და დაეფლა იგი მუნ.
მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს.
და არა იყო წყალი კრებულსა მას და შეკრბეს მოსეს ზედა და აჰრონისა.
არ ჰქონდა წყალი საზოგადოებას და შეითქვნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ.
და იწყეს ძჳრის-სიტყუად ერმან მან მოსეს ზედა და თქუეს: შჯობდა, მო-ღამცა-ვკუედით წარწყმედასა მას ძმათა ჩუენთასა წინაშე უფლისა.
აუყვირდა ხალხი მოსეს და ასე უთხრა: ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით უფლის წინაშე.
და რაჲსათჳს აღმოიყვანეთ კრებული ესე უფლისა უდაბნოსა ამას მოსრვად ჩუენდა და საცხოვრისა ჩუენისა?
რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, ჩვენი და ჩვენი საქონლის გასაწყვეტად?
და რაჲსათჳს ჰყავთ ესე? აღმოგჳყვანენ ჩუენ ვგჳპტით მოსრვად ადგილსა ამას ბოროტსა? ადგილი, რომელ არა ითესვის, არცა არს ლეღჳ, არცა ვენაჴი, არცა მროწეული, არცა არს წყალი სასმელად.
რისთვის ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უბედურ არემარეში, სადაც არ არის თესლის ადგილი, არც ლეღვი, არც ყურძენი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალია?
და მოვიდა მოსე და აჰრონ პირისაგან კრებულისაჲსა კარად კარვისა საწამებელისად და დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა მათ ზედა.
გადგნენ მოსე და აარონი კრებულისგან სადღესასწაულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადა მათ უფლის დიდება.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ელაპარაკა უფალი მოსეს, უთხრა:
მოიღე კუერთხი ეგე და შეკრიბეთ კრებული შენ და აჰრონ, ძმამან შენმან, და არქუთ კლდესა წინაშე მათსა, და გამოსცეს წყალი და გამოუდინოს მათ წყალი კლდისაგან და ასუას კრებულსა ამას და საცხოვარსა მათსა.
აიღე კვერთხი და შეჰყარეთ საზოგადოება შენ და შენმა ძმამ, აარონმა. დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს. ამოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან და დაარწყულებ მთელს საზოგადოებას მათი საქონელითურთ.
და მოიღო მოსე კუერთხი იგი, რომელ იყო წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან.
აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისგან.
და შეკრიბეს მოსე და აჰრონ კრებული იგი წინაშე კლდესა მას და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი, ურჩნო, კლდისაგან ნუ ამის გამოგიდინოთ თქუენ წყალი.
შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიგდეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?
და აღყო მოსე ჴელი თჳსი და სცა კლდესა მას კუერთხითა მით ორგზის და გამოჴდა წყალი ფრიად, და სუა კრებულმან მან და საცხოვარმან მათმან.
აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.
და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: რამეთუ არა გრწმენა თქუენ ჩემი წმიდა-ყოფად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ამისთჳს არა შეიყვანოთ კრებული ესე ქუეყანასა მას, რომელ მივეც მათ.
უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული.
ესე არს წყალი ცილობისა, რამეთუ მაცილობელ იქმნეს ძენი ისრაჱლისანი წინაშე უფლისა და წმიდაჲ იქმნა მათ შორის.
ეს არის მტრობის წყალი, სადაც ედავებოდნენ ისრაელიანები უფალს და რითაც წმიდად გამოჩნდა იგი.
და წარავლინნა მოსე მოციქულნი კადეთ მეფესა ედომელთაჲსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს ძმაჲ შენი ისრაჱლი: შენ უწყი ყოველი შრომაჲ, რომელმან გუპოვნა ჩუენ.
გაუგზავნა მოსემ კადეშიდან მოციქულები ედომის მეფეს: ასე ამბობს შენი ძმა ისრაელი: შენ იცი ყველა უბედურება, რაც შემემთხვა.
და შთავიდეს მამანი ჩუენნი ეგჳპტედ და ვსხემობდით ეგჳტეს შინა მრავალ დღე, გუბრძოდეს ჩუენ ეგჳპტელნი და მამათა ჩუენთა.
ჩავიდა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეს და ვცხოვრობდით ეგვიპტეში მრავალი ხანი. ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას.
და ჴმა-ვყავით უფლისა მიმართ. და ისმინა უფალმან ჴმისა ჩუენისა და მოავლინა ანგელოზი და გამოგჳყვანა ჩუენ ეგჳპტით. და აწ ვართ კადეს შინა ქალაქსა, ერთკერძო საზღვართა შენთასა.
შევღაღადეთ უფალს და მან ისმინა ჩვენი ხმა, გამოგვიგზავნა ანგელოზი და გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ შენს მოსაზღვრე ქალაქში.
გზა-გუეც განსლვად ქუეყანით შენით, არა განვიდეთ ყანობირსა შენსა, არცა ვენაჴებსა შენსა, არცა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ, გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ, არა მივაქციოთ მარჯულ, არცა მარცხლ გარდასლვადმდე საზღუართა შენთა.
გაგვატარე შენს ქვეყანაზე: არ გადავუვლით შენს ყანებს და ვენახებს, არ დავლევთ შენი ჭის წყალს; სამეფო გზით ვივლით, არც მარჯვნივ გავუხვევთ, არც მარცხნივ, ვიდრე შენს საზღვარს არ გავცდებით.
და ჰრქუა მათ ედომ: ვერ განხჳდეთ ჩემით, უკუეთუ არა ბრძოლით განგიჴდე შემთხუევად შენდა.
უთხრა ედომმა: არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით დაგხვდები.
და ჰრქუეს მას ძეთა ისრაჱლისათა: მთის პირი წარვლოთ, უკუეთუ ვსუათ წყალი შენი მე და საცხოვარმან, მიგცეთ შენ სასყიდელი, ხოლო საქმე ესე არა რაჲ არს, მთის პირი წარვლოთ.
მიუგეს ისრაელიანებმა: მთავარი გზით წამოვალთ. თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საზღაურს გადაგიხდი. ეს იქნება და ეს, ჩემი ფეხით გავივლი.
ხოლო მან თქუა: ვერ განხჳდეთ ჩემით. და გამოჴდა ედომი შემთხუევად მისა ერითა დიდითა და ჴელითა მტკიცითა.
მიუგო: ვერ გაივლი. გამოვიდა მის დასახვედრად ედომი დიდძალი ხალხით და მაგარი ხელით.
და არა ჯერ-იჩინა ედომმან გზის-ცემაჲ ისრაჱლისა საზღვარით თჳსით.
არ დაანება ედომმა ისრაელს გავლა თავის საზღვარზე და გაერიდა მას ისრაელი.
და მიაქცია ისრაჱლმან მისგან. და იძრნეს კადეთ და მივიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი ორდ მთად.
დაიძრნენ კადეშიდან და მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ჰორის მთასთან.
და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს ორს მთასა შინა, საზღვართა ზედა ედომისათა, და თქუა:
უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვართან:
შეეძინენ აჰრონ ერსა თჳსსა, რამეთუ ვერ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ მივეც ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ განმარისხეთ მე წყალსა მას ზედა ცილობისასა.
შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო,რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.
წარიყვანე აჰრონ და ელიაზარ, ძე მისი, და აღიყვანენ იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა.
ხელი მოჰკიდე აარონს და მის ძეს ელეაზარს, და ჰორის მთაზე აიყვანე.
და გასძარცუე აჰრონს სამოსელი მისი და შეჰმოსე ელიაზარს, ძესა მისსა, და აჰრონ შეეძინენ და მოკუედინ მუნ.
გახადე სამოსელი აარონს და მით ელეაზარი, მისი ძე შემოსე. შეერთოს აარონი და მოკვდეს იქ.
და ყო მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან და აღიყვანნა იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა.
ისე მოიქცა მოსე, როგორც უბრძანა მას უფალმა. ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი საზოგადოების თვალწინ.
და გასძარცვა აჰრონს სამოსელი თჳსი და შეჰმოსა იგი ელიაზარს, ძესა მისსა.
გახადა მოსემ აარონს სამოსელი და მით ელეაზარი, მისი ძე, შემოსა. მოკვდა აარონი იქ მთაზე და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან.
და მოკუდა აჰრონ თავსა ზედა მის მთისასა. და გარდამოჴდა მოსე და ელიაზარ მთით.
დაინახა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოკვდა აარონი, და დასტიროდა აარონს მთელი ისრაელის სახლი ოცდაათ დღეს.
და იხილა ყოველმან კრებულმან, რამეთუ ჯმნულ იყო აჰრონ და სტიროდეს აჰრონს ოცდაათ დღე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ.
