რიცხვნი · თავი 2

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:

2

კაცად-კაცადმან მახლობელად განწესებასა თჳსსა მსგასად უწყებასა თჳსსა სახლად-სახლად და ტომად-ტომად დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა გარემო კარავსა წამებისასა.

თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ დაიბანაკოს.

3

დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა და რომელთა დაიბანაკონ პირველად აღმოსავალით განწესებულმან ბანაკმან იუდაჲსმან ძალითურთ მათით და მთავარ ძეთა იუდაჲსთა, ნაასონ, ძე ამინადაბისი,

წინა მხარეს, აღმოსავლეთით, იქნებიან დაბანაკებულნი: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდიანთა თავკაცი ნახშონ ყამინადაბის ძე,

4

ძალი მისი აღხილული სამეოცდაათოთხმეტ ათას და ექუსას.

და მისი ლაშქარი რიცხვით სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი.

5

და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან იზაქარისმან და მთავარმან ძეთა ისაქარისთა, ნათანაელ, ძემან სოგორისმან.

მის გვერდით დაბანაკებული იქნებიან ისაქარის შტო და ისაქარიანთა თავკაცი ნათანაელ ცუარის ძე,

6

ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას და

და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი.

7

რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ზაბულონისმან და მთავარმან ძეთა ზაბულონისთა, ელიაბ, ძე ქიროსისი,

ზებულონის შტო და ზებულონის თავკაცი ელიაბ ხელონის ძე,

8

ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაშჳდ ათას და ოთხას.

და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი.

9

ყოველნი აღრაცხილნი ნათესავთა თანა იუდაჲსთა ასოთხმეოცდაექუს ათას და ოთხას ძალითურთ მათით, პირველად აღიძრნენ.

იუდას ბანაკს მიეთვალა სულ ასოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით; პირველად ესენი უნდა დაიძრან.

10

განწესებული ბანაკი რუბენისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთა რუბენისთაჲ - ელისურ, ძე ედიორისი.

სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და რეუბენიანთა თავკაცი ელიცურ შედეურის ძე,

11

ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.

და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი.

12

და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან სჳმეონისმან და მთავარმან ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძემან სურისადაჲსმან.

დაბანაკებული იქნებიან მის გვერდით სიმონის შტო და სიმონიანთა თავკაცი შელუმიელ ცურიშადაის ძე,

13

ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათცამეტ ათას და სამას.

და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი.

14

და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან გადისმან და მთავარ ძეთა გადისთა - ელისაფატ, ძე რაგუჱლისი.

გადის შტო და გადიანთა თავკაცი ელიასაფ რეღუელის ძე,

15

ძალი მისი აღხილული - ორმეოცდახუთ ათას ექუსას და ერგასის.

და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი.

16

ყოველნივე აღრაცხილ ბანაკსა თანა რუბენისსა - ასერგასის და ერთ ათას და ოთხას და ერგასის ძალითურთ მათით.

რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან.

17

მეორედ აღიძრნენ და აღიღონ კარავი წამებისაჲ და ბანაკი ლევიტელთაჲ შორის ბანაკთა, ვითარცა დაიბანაკონ, ეგრეცა აღიძრნენ თითოეულად მახლობელად განწესებასა მათსა.

მერე დაიძრება სადღესასწაულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკებს შორის იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე უნდა იყვნენ გზაშიც, თითოეული თავის დროშასთან.

18

განწესებული ბანაკი ეფრემისი ზღჳთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთაგანი ეფრემისთაჲ.

დასავლეთით ეფრემის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და ეფრემიანთა თავკაცი ელიშამაყ ამიჰუდის ძე,

19

ელისამა, ძე ემეუდისი, ძალი მისი აღხილული ორმეოც ათას და ხუთას.

და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცი ათასი ხუთასი.

20

და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან მანასჱსმან და მთავარ ძეთაგან მანასჱსთა გამალიელ ძემან ფადასორისმან.

მის გვერდით მენაშეს ტომი და მენაშეანთა თავკაცი გამალიელ ფედაცურის ძე,

21

ძალი მისი აღხილული - ოცდაათორმეტ ათას და ორას.

და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.

22

და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამისმან და მთავარი ძეთა ბენიამისთაჲ - აბიდან, ძე გედეონისი.

ბენიამინის შტო და ბენიამინიანთა თავკაცი აბიდან გიდეონის ძე, 22. და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი.

23

ძალი მისი აღხილული - ოცდაათხუთმეტ ათას და ოთხას, რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამენისამან და მთავარი ძეთა ბენიამენისთაჲ - აბედან, ძე გედეონისი. ძალი მისი აღხილული - ოცდათხუთმეტ ათას და ორას.

24

ყოველნი აღრაცხილ ბანაკთა თანა ეფემისთა ასდარვა ათას და ორა ძალითურთ მათით.

ეფრემის ბანაკს მიეთვალა სულ ასრვა ათას ასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მესამენი დაიძრებიან ესენი.

25

მესამედ აღიძრნედ განწესებული ბანაკი დანისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით, და მთავარი ძეთა დანისთაჲ - აქეზერ, ძე ამისადისი.

ჩრდილოეთით დანის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და დანიანთა თავკაცი ახიყეზერ ყამიშადაის ძე,

26

ძალი მათი აღხილული - სამეოცდაორ ათას და შჳდას.

და მისი ლაშქარი, რიცხვით სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი.

27

და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ასერისმან და მთავარ ძეთა ასერისთა - ფაგელ, ძე ექრანისი.

მის გვერდით იქნებიან დაბანაკებულნი აშერის შტო და აშერიანთა თავკაცი ფაგიელ ყაქრანის ძე,

28

ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაერთ ათას და ხუთას.

და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი.

29

და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ნეფთალისმან და მთავარი ძეთა ნეფთალემისთაჲ - აქირე, ძე ენანისი.

ნაფთალის შტო და ნაფთალიანთა თავკაცი ახირაყ ყენანის ძე,

30

ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათ ათას და ოთხას.

და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.

31

ყოველნი აღრაცხილნი ბანაკსა თანა დანისსა ასერგასისდაშჳდ ათას და ექუსას ძალითურთ მათით. უკანაჲსკნელ აღიძრნენ მსგავსად განწესებულებისა მათისა.

დანის ბანაკს მიეთვალა სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით.

32

ესე რიცხჳ ძეთა ისრაჱლისათაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ და ყოველი აღხილვაჲ ბანაკთა მათთა ძალითურთ მათით ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის.

ეს არის ისრაელიანთა რიცხვი მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.

33

ხოლო ლევიტელნი არა შეარაცხნეს მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

ლევიანები არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

34

და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრესახედ დაიბანაკეს მსგავსად განწესებულებასა მათსა და ესრეთ აღიძრნიან თითოეულად მახლობელად ტომად-ტომად მათა მსგავსად სახლად-სახლად მამათა მათთა.

ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. ასე ბანაკდებოდნენ თავ-თავისი დროშების მიხედვით და ასე მგზავრობდნენ თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით, მამისსახლებად.