რიცხვნი · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს

ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:

2

და ჰრქუა: მოიღე რიცხჳ იგი ძეთა მათ კაათისთაჲ შოვრის ძეთა მათ ლევისთა ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ,

დაითვალე კეჰათიანები ლევიანებში მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების მიხედვით,

3

ოცდახუთისა წლისაჲთ და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ ყოველსავე მას საქმესა კარვისასა წამებისასა.

ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეუძლია სამსახურში გასვლა, რომ აკეთოს საქმე სადღესასწაულო კარავში.

4

და ესე საქმე იყო ძეთა კაათისთაჲ კარავსა მას წამებისასა წმიდა წმიდათა.

ეს არის კეჰათიანთა საქმე სადღესასწაულო კარავში, წმიდათა წმიდაში.

5

და შევიდეს აჰრონ და ძენი მისნი, რაჟამს აღიძრას ბანაკი იგი და გარდამოჰჴსნენ (!) კრეტსაბმელი იგი, რომელი აგრილობდა და დაჰხურონ მით კიდობანი იგი წამებისაჲ.

შევლენ აარონი და მისი შვილები ბანაკის დაძვრისას, ჩამოხსნიან ჩამოსაფარებელს და მით დაფარავენ მოწმობის კიდობანს.

6

და დასდვან მას ზედა საბურველი იგი ტყავი, იაკინთონი და დაჰბურონ მას სამოსელი ყოვლად იაკინთონი ზედა კერძო და განუთხინენ აღსაღებელნი იგი.

ზედ დააფენენ თახაშის ტყავის ფარდაგს და ზემოდან გადააფარებენ ლურჯი მატყლის ქსოვილს და გაუყრიან კეტებს.

7

და ტაბლასა მას წინაშესა დასდვან მას ზედა ყოვლად ძოწეული სამოსელი, და პინაკები, და ფიალები, და ციცხუები და ტაკუკები, რომლითა-იგი შესწირვიდეს მით და პურნი იგი სამარადისონი მას ზედა იყუნენ.

დასალაგებელ ტაბლაზე გაშლიან ლურჯი მატყლის ქსოვილს და დააწყობენ მასზე ჯამებს, კოვზებს, საწდეებს და თასებს საღვრელად. მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე.

8

და დასდვან მას ზედა სამოსელი მეწამული და დაფარონ იგი საბურველითა ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ მას აღსაღებელნი იგი.

გაშლიან ზედ ჭიაფერ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.

9

და მოიღონ სამოსელი იაკინთონი და შეხურონ სასანთლე იგი, რომელ-იგი ჰნათობნ, და ორნი სანთელნი მისნი და მარწუხნი მისნი და მოსაყოფელნი მისნი და ყოველივე ჭურჭერი ზეთისაჲ, რომლითა-იგი ჰმსახურებედ მით.

აიღებენ ლურჯი მატყლის სამოსელს და დაფარავენ სასანთლეს და მის ლამპრებს, მის მაშებს, აქანდაზებს და ზეთის ყველა ჭურჭელს, რომელსაც მისთვის იყენებენ.

10

და შთადვან იგი და ყოველი ჭურჭერი მისი საბურველსა ტყავისა იაკინთონისასა და დადვან იგი აღსაღებელსა მათ ზედა.

გამოახვევენ მას და მთელს მის ჭურჭელს თახაშის ტყავის გადასაფარებელში და ტახტრევანზე დადებენ.

11

და საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა დაჰბურონ საბურველი იაკინთონი და დაფარონ იგი ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ აღსაღებელნი მისნი.

ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ლურჯ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.

12

და მოიღონ ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რომლითა ჰმსახურებდეს მით სიწმიდეთა შინა და შთადვან იგი სამოსელსა იაკინთონსა და დაფარონ იგი საბურველითა ტყავისა იაკინთონისაჲთა.

აიღებენ ყველა სამსახურებელ ჭურჭელს, რომელსაც საწმიდარში ხმარობენ, დააწყობენ ლურჯ ქსოვილზე და გადააფარებენ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.

13

და დადვან აღსაღებელთა მათ ზედა და საბურველი იგი დაჰბურონ საკურთხეველსა მას და დასდვან მას სამოსელი ყოვლად ძოწეული.

ნაცარს მოაშორებენ სამსხვერპლოს და გადააფარებენ მეწამულ ქსოვილს.

14

და დაასხან მას ყოველი ჭურჭერი, რომლითა-იგი ჰმსახურებდენ მით, საცეცხურები იგი, და ფუცხუები, და ფიალები იგი, და საბურველი იგი და ყოველივე ჭურჭერი საკურთხეველისაჲ და დადვან მას ზედა საბურველი ტყავი იაკინთონი და განუთხინენ მას აღსაღებელნი მისნი.

დააწყობენ ზედ ყველა ჭურჭელს, რასაც კი იქ ხმარობენ - აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს, სასხურებლებს, სამსხვერპლოს მთელს ჭურჭელს და გადააფარებენ ზედ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.

15

და მოიღონ სამოსელი ძოწეული და შეხურონ ემბაზსა მას და ხარისხთა მათ მისთა, და შთადგან იგი საბურველსა ტყავისა იაკინთოსა და დადგან იგი აღსაღებელთა მათ და აღასრულონ აჰრონ და ძეთა მისთა დაბურვაჲ იგი სიწმიდისაჲ მის და ყოველივე ჭურჭერი წმიდა ტრვასა მას ბანაკისასა და ამისა შემდგომად შევიდენ ძენი კაათისნი აღებად და არა შეეხნენ სიწმიდეთა მათ, რათა არა მოწყდენ. ესე აღიღოდიან ძეთა კაათისთა კარავსა მის საწამებელისასა.

როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.

16

და მოღუაწემან ელიაზარ, ძემან აჰრონის მღდელისამან, ზეთი იგი სანთლისა და საკუმეველი იგი შეზავებული და შესაწირავი იგი დღითი დღედი, და ზეთი იგი ცხებისაჲ და საღუაწოჲ იგი ყოველი კარვისაჲ მის, და რაოდენი არს სიწმიდესა მას შინა, და ყოველივე საქმარი მისი.

ელიაზარს, აარონ მღვდლის ძეს, მინდობილი აქვს სასანთლის ზეთი, სურნელოვანი საკმეველი, მუდმივი შესაწირავი და საცხებელი ზეთი, თვალყური მთელს სავანეზე და ყველაფერზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მთელს მის ჭურჭელზე.

17

და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:

18

ნუ მოსრავთ ნათესავსა გუნდისა მის კაათისსა შორის ლევიტელთა, ესრეთ ყავთ მათა მიმართ და ცხონდენ და არა მოწყდენ,

ნუ გადააშენებთ კეჰათის საგვარეულოთა შტოს ლევიანთა შორის.

19

მო-რაჲ-ვიდოდიან იგინი წმიდასა მას წმიდათასა, აჰრონ და ძენი მსნი შევიდენ და დაადგინონ კაცად-კაცადი მათი მსგავსად აღსაღებელისა მათისა.

ასე მოიქეცით, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცონ, როცა წმიდათა წმიდას მიუახლოვდებიან. აარონი და მისი შვილები მივიდნენ მათთან და თითოეული თავის საქმეზე და თავის წასაღებ ტვირთთან დააყენონ.

20

და არა შევიდენ იგინი ხილვად მეყსეულად წმიდასა მას წმიდათასა, რათა არა მოწყდენ.

არ უნდა მივიდნენ საწმიდარის შეფუთვის საყურებლად, თორემ დაიხოცებიან.

21

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ თავად-თავად

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

22

ძენი გეთსონისნი და ამათი სახლად-სახლად მამათა მათთაჲ, ტომად-ტომადი მათი

დაითვალე გერშონიანებიც მათი მამისსახლების და საგვარეულობების მიხედვით.

23

ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე და აღიხილენ იგინი ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ-საქმესა თჳსსა კარავსა მას შინა წამებისასა.

ოცდაათი წლიდან მოყოლებული, ორმოცდაათ წლამდე, აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

24

ესე არს მსახურებაჲ ტომისა გეთსონისი მსახურებად.

ეს არის გერშონის მოდგმის საგვარეულოთა საშრომელი სამსახურებლად და სატარებლად:

25

და აღებად აღსაღებელსა მაშკები კარვისა მის და კარავი იგი წამებისაჲ და საბურველი იგი მისი და შესახურველი იგი იაკინთონი, რომელ არს ზედა კერძო მისსა და საბურველი იგი კარვისა საწამებელისაჲ.

უნდა ატარონ სავანის კრეტსაბმელები, სადღესასწაულო კარავი და მისი გადასახურავი, თახაშის ტყავის გადასახურავი, ზემოდან რომ აფარია, სადღესასწაულო კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,

26

და კარვის ძელები იგი ეზოჲსაჲ მის, და რაოდენი არს კარვისა მის საწამებელისაჲ და მეტი იგი, და ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რაოდენთა-იგი ჰმსახურებდენ მას შინა.

ეზოს ფარდები, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ რომ არის, მისი საბელები და ყველა მისი სამსახურებელი ნივთი. ყველაფერი, რასაც აკეთებენ და იყენებენ.

27

ყონ იგი წინაშე პირსა აჰრონისა და ძეთა მისთა, იყოს მსახურებაჲ იგი ძეთა გეთსონისთაჲ ყოვლისა მისებრ საქმისა მათისა, და აღიხილენით იგინი სახელად-სახელად ყოველივე აღსაღებელი მათგან.

აარონისა და მისი შვილების ბრძანებით უნდა სრულდებოდეს გერშონიანთა ყველა საქმე - ყველაფრის ტარება და ყველაფრის კეთება. მათ ჩააბარე შესანახად ყველაფერი, რაც მათი სატარებელია.

28

ესე არს მსახურებაჲ ძეთა გეთსონისთაჲ კარავსა მას შინა წამებისასა და ჴუმილვაჲ იგი მათი ჴელითა ითამარისითა ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.

ეს არის გერშონიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში და მათი მოვალეობანი ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.

29

ძენი მერარისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ აღიხილნეთ იგინი.

მერარიანები მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით აღრიცხე.

30

ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი ვიდრე ერგასისა წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ კარავსა მას წამებისასა.

ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

31

და ესე არს საცავი აღსაღებელი მათ მიერ ყოვლისავე მისებრ საქმისა მათისა კარავსა მას შინა წამებისა, სუეტისთავნი იგი კარვისანი და მოქლონები იგი და სუეტები იგი და ხარისხები მისი გარდასაბურველი და ხარისხები მათი და სუეტები იგი მათი და საბურველი იგი კარისა მის კარვისაჲ.

აი, რისი ტარება ევალებათ მათ (ეს არის მათი საქმე სადღესასწაულო კარვის სამსახურში): სავანის ბოძები, ლარტყები, სვეტები მათი ფეხებითურთ.

32

და სუეტები იგი ეზოჲსა მის გარემო და ხარისხები მათი და სუეტნი იგი კრეთსაბმელისა ბჭისა მის ეზოჲსანი და ხარისხები მათი და მანაები მათი და საბლები იგი მათი და ყოველი სამსახურებელი მათი, სახელად-სახელად აღიხილნეთ იგინი და ყოველივე ჭურჭერი საცავი აღსაღებელი მათ მიერ.

ეზოს სვეტები, ირგვლივ რომ დგას, მათი ფეხებით, პალოებითა და საბელებითურთ, ყველა მათი ნივთი და ყველა მათი სამსახურებელი, სათითაოდ აღრიცხე ყველა ნივთი, რაც სატარებლად ევალებათ.

33

ესე არს სამსახურებელი ძეთა მერარისთაჲ ყოველთა შინა საქმეთა მათთა კარავსა მას წამებისასა ჴელითა ითამარისითა, ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.

ეს არის მერარიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.

34

და აღიხილნეს მოსე და აჰრონ და მთავართა მათ ისრაჱლისათა ძენი კაათისნი ტომად-ტომადისაებრ მათისა და სახლისაებრ მამათა მათთაჲსა

აღრიცხეს მოსემ, აარონმა და საზოგადოების თავკაცებმა კეჰათიანები მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით.

35

ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.

ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეეძლო სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

36

ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ საქმესა კარვისა წამებისასა და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ ორ ათას შჳდასდაერგასის.

აღირიცხა საგვარეულოთა მიხედვით სულ ორი ათას შვიდას ორმოცდაათი კაცი.

37

ესე არს აღხილვაჲ ძეთა კაათისთაჲ ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისსა, ვითარცა აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.

ესენი აღირიცხნენ კეჰათიანთა საგვარეულობებში, ყველა, ვინც სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით.

38

და აღიხილნეს ძენი გეთსონისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.

აღირიცხნენ გერშონიანები მათი საგვარეულობების და მამისსახლების მიხედვით,

39

ოცდახუთისა წლისაჲთგანნი და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.

ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

40

ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად და საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ სახლად-სახლად მამათა მათთაჲ ორ ათას და ექუსასდაერგასის.

აღირიცხა საგვარეულოების მიხედვით და მამისსახლების მიხედვით სულ ორი ათას ექვსას ოცდაათი კაცი.

41

ესე არს აღხილვაჲ ძეთა გეთსონისთაჲ, ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისასა, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა და ჴელითა მოსესითა.

ესენი აღირიცხნენ გერშონიანთა საგვარეულოებში, ყველა, ვინც სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით.

42

აღიხილნეს ტომნიცა ძეთა მერარისთანი გუნდად-გუნდადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.

აღირიცხა მერარიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით,

43

ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.

ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

44

ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ სამ ათას და ორას.

აღირიცხა მათი საგვარეულოების მიხედვით სულ სამი ათას ორასი კაცი.

45

ესე არს აღხილვაჲ ტომისა ძეთა მერარისთაჲ, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ, სიტყჳთა უფლისათა, ჴელითა მოსესითა.

ესენი აღირაცხნენ მერარიანთა საგვარეულოებში, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით.

46

ყოველნივე აღხილულნი, რომელნი აღიხილხეს მოსე და აჰრონ

ყველა აღრიცხული, ვინც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანებისგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით,

47

და მთავართა ისრაჱლისათა ლევიტელნი იგი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.

ოცდაათი წლიდან მოკიდებული ორმოცდაათ წლამდე, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა და სადღესასწაულო კარვის ტარება,

48

ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე, რომელი შევიდოდა საქმესა მას სიწმიდეთასა და საქმესა მას აღსაღებელსა კარვისა მის წამებისასა. და იყუნეს აღხილულნი იგი რვა ათს ხუთასდაოთხმეოც სიტყჳთა უფლისაჲთა. აღიხილნა იგინი მოსე, ჴელითა მოსესითა კაცად-კაცადი საქმესა მათსა ზედა,

აღირიცხა სულ რვა ათას ხუთას ოთხმოცი კაცი.

49

და რომელი აღიღოდიან მათ და აღიხილნეს, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

უფლის ბრძანებით და მოსეს ხელმძღვანელობით მიეჩინა თითოეულს მისი საქმე და მისი სატარებელი ტვირთი და აღირიცხნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.