რიცხვნი · თავი 25
და დაიბანაკა ისრაჱლმან სატინს ასულთა თანა მოაბელთა.
როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან.
და ხადეს მათ ნაგებთა ზედა კერპთა მათთასა და ჭამა ერმან მან ნაზორევთა მათთაჲ და თაყუანი-სცეს კერპთა მათთა.
იწვევდნენ ის ქალები ხალხს თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს.
და შეეჩუენა ისრაჱლი ბეელფეგორს და განრისხნა უფალი გულისწყრომით ისრაჱლსა ზედა.
შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიყვანენ ყოველნი მთავარნი ერისანი და განაქიქენ იგინი უფლისა მიერ წინაშე მზესა და უკუნიქცეს რისხვაჲ იგი გულისწყრომისა უფლისა ისრაჱლისაგან.
უთხრა უფალმა მოსეს: აიღე და ჩამოუკიდე უფალს მზისით ხალხის ყველა თავკაცი და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგან.
და ჰრქუა მოსე ნათესავთა ისრაჱლისათა: მოკალნ კაცად-კაცადმან სახლეული თჳსი, რომელ შეჩუენებულ არს ბეელფეგორისა.
უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: მოკლას თითოეულმა თავისი კაცები, ვინც კი ბაალ-ფეღორს ან შეთვისებულები.
და. აჰა, ესერა, კაცი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოვიდა, მიიყვანა ძმაჲ თჳსი მადიანიტელისა წინაშე მოსესა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათაჲსა, ხოლო იგინი ტიროდეს წინაშე კართა კარვისა მის საწამებელთაჲსა.
აი, მოვიდა ერთ-ერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ.
და იხილა ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, და აღდგა იგი შორის კრებულსა, მოიღო ლახუარი ჴელთა.
დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ ფინხასმა, წამოდგა საზოგადოებაში და ხელში შუბი იპყრა.
და შევიდა უკანა კაცისა მის ისრაიტელისა საცხობელსა კეცისასა და დაგურიმნა ორნივე იგი: კაცი იგი ისრაიტელი და დედაკაცი იგი საშოჲთ მისით. და დასცხრა გუემაჲ იგი ძეთაგან ისრაჱლისათაჲსა.
შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს - ისრაელიანს და ქალს - მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება.
და იყუნეს მოსრულნი გუემასა მას შინა ოცდაოთხ ათას.
გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, დააცხრვო რისხვაჲ ჩემი ძეთაგან ისრაჱლისათა აღშურვებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპენ ძენი ისრაჱლისანი შურსა შინა ჩემსა.
ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით.
ესრე არქუ:
ამიტომ უთხარი: აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას.
აჰა, ესერა, მე მივსცემ მას აღთქუმასა მშჳდობისასა და იყოს მისა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქმა მღდელობისაჲ საუკუნე, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისა და ლხინება-ყო ძეთათჳს ისრაჱლისათა.
იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება.
ხოლო სახელი კაცისა მის ისრაიტელისაჲ მის, რომელ მოკუდა მადიანიტელისა თანა, ზამბრი, ძე სალომისი, მთავარი სახლისა ტომისა სჳმეონისი.
სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოიკლა მიდიანელ ქალთან ერთად, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა მოდგმის თავკაცი.
და სახელი დედაკაცისა მის მოკლულისაჲ, მადიანიტელისაჲ - ქასბი, ასული სურისი, მთავრისა ნათესავისა სომმოთისი, სახლისა ტომთა მადიამელთაჲ არს.
სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, უბოთის მეთაურის. მიდიანის მოდგმისა იყო იგი.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ემტერენით მადიამელთა და მოსრენით იგინი.
ემტერეთ მიდიანელებს და მუსრი ავლეთ,
რამეთუ გემტერებიან თქუენ იგინი ზაკჳთ, რავდენსა გზაკვენ იგინი თქუენ ფოგორისთჳს და ქაზბისთჳს, ასულისა მთავრისა მადიამელისა, დისს მათისათჳს, რომელ მოკუდა დღესა მას გუემისა ფოგორისთჳს.
რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცთუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს.
