რიცხვნი · თავი 22
და იძრნეს ძენი ისრაჱლისნი და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.
დაიძრნენ ისრაელიანები და დაბანაკდნენ მოაბის ველზე, იორდანეს გაღმა, იერიქონს ქვემოთ.
და იხილა ბალაკ, ძემან სეფორისმან, ყოველი, რაჲცა-იგი უყო ისრაჱლმან ამორეველსა.
დაინახა ბალაკ ციფორის ძემ ყველაფერი, რაც ისრაელმა უყო ამორეველებს.
და შეეშინა მოაბსა ერისა მისგან ფრიად, რამეთუ მრავალ იყუნეს და ზარ-ჰჴდა მოაბსა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა.
დიდად შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან ბევრნი იყვნენ და დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე.
და ჰრქუა მოაბ მოხუცებულთა მადიამისათა: აწ აღლოშოს კრებულმან ამან ყოველი გარემოჲს ჩუენსა, ვითარცა აღლოშის ზროხამან მწუანე ველისაგან. და ბალაკ, ძე სეფორისი, მეფე მოაბისაჲ იყო მას ჟამსა ოდენ.
უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: ახლა გადაჭამს ეს ურდო ყველაფერს ჩვენს გარშემო, როგორც ნახირი გადაჭამს ხოლმე მინდვრის ბალახს. ბალაკ ციფორის ძე იყო იმხანად მოაბის მეფე.
და მიავლინნა მოციქულნი ბალაამისსა ძისა ბეორისსა ფათურაჲსსა, რომელ არს მდინარესა ზედა ქუეყანასა ზედა, ძეთა ერისა თჳსისათა, მოხადად მისა და რქუმად მისა: აჰა, ესერა, ერი გამოჴდა ეგჳპტით. აჰა, ესერა, დაიფარა პირი ქუეყანისაჲ, და ესე დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა.
გაუგზავნა მოციქულები ბალაამ ბეყორის ძეს ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს, მისი ხალხის ქვეყანაში, და დააბარა, რომ ეთქვათ: აჰა, ერთი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. აჰა, დაფარა მან მიწის პირი და ჩემს ახლოს დასახლდა.
და აწ მოვედ და წყევე ერი ესე, რამეთუ უძლიერეს არს ესე ჩემსა. უძლოთ ხოლო თუ მოსრვად მათგანთა და განვასხნეთ იგინი ქუეყანით, რამეთუ უწყი, რომელნი აკურთხნი შენ, კურთხეულ არიედ და, რომელნი სწყევნი შენ, წყეულ არიედ.
ახლა, მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია.
და წარვიდეს მოხუცებულნი მადიამისანი და სამისნველნი ჴელთა შინა მათთა. და მოვიდეს ბალაამისსა და უთხრნეს მას სიტყუანი ბალააკისანი.
წავიდნენ მოაბის უხუცესები და მიდიანის უხეცესები, და სამისნო ძღვენით ხელში მივიდნენ ბალაამთან. უთხრეს მას ბალაკის დანაბარები.
და ჰრქუა მათ: დაადგერით მწუხრად და მიგეთხრას თქუენ საქმე, რომელ თქვას უფალმან ჩემდამო. და იყუნეს მთავარნი იგი მოაბისანი ბალაამის თანა.
მიუგო მათ: აქ გაათიეთ ეს ღამე და გეტყვით პასუხს, რასაც უფალი გამომიცხადებს. დარჩნენ მოაბის თავკაცები ბალაამთან.
და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა, და ჰრქუა მას: ვინ არიან კაცნი ესე შენსა?
გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და უთხრა: ეს ვინ კაცებია შენთან?
და ჰრქუა ბალაამ ღმერთსა: ბალააკ, ძემან სეფორისმან, მეფემან მოაბისმან, მოავლინნა იგინი ჩემდა და თქუა:
მიუგო ბალაამმა ღმერთს: ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს, გამოუგზავნია ჩემთან.
აჰა, ესერა, ერი გამოსრულ არს ეგჳპტით და დაუფარავს პირი ქუეყანისაჲ და, ესერა, დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა. და აწ მოვედ და სწყევე მას, უძლო ხოლო თუ მოსრვად.
აჰა, ერთი ხალხი გამოვიდაო ეგვიპტიდან, და მიწის პირი დაფარაო. ახლა მოდი და შემიჩვენეო იგი, იქნებ შევძლოთ მათთან შებრძოლება და მათი განდევნა.
და ჰრქუა ღმერთმან ბალამს: არა შეხჳდე მათ თანა, არცაღა სწყეო ერი იგი, რამეთუ კურთხეულ არს.
უთხრა ღმერთმა ბალაამს: ნუ წაჰყვები მათ, ნუ დასწყევლი მაგ ხალხს, რადგან კურთხეულია იგი.
და აღდგა ბალაამ განთიად, ჰრქუა მთავართა მათ ბალაკისთა: წარვედით უფლისა თქუენისა, არა მიფლო მე ღმერთმან შესლვად თქუენ თანა.
ადგა ბალაამი დილით და უთხრა ბალაკის თავკაცებს: წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან არ უნდა უფალს, რომ გამოგყვეთ.
და აღდგეს მთავარნი იგი მოაბისანი და მივიდეს ბალაკისა და ჰრქუეს: არა ჰნებავს ბალაამს მოსლვად ჩუენ თანა.
ადგნენ მოაბის თავკაცები და დაბრუნდნენ მოაბთან, უთხრეს: არ მოინდომა ბალაამმა ჩვენთან წამოსვლა.
და შესძინა მერმე ბალაკ მივლინებად მთავარნი უმრავლესნი და უპატიოსნესნი ამათსა.
ისევ გააგზავნა ბალაკმა თავკაცები, მათზე უფრო დიდებულნი და პატივსაცემნი.
და მოვიდეს ბალაამისსა და ჰრქუეს მას: ესრე იტყჳს ბალაკ, ძე სეფორისი, გლოცავ შენ, ნუ გცონის მოსლვად ჩემდა.
მივიდნენ ბალაამთან და უთხრეს: ასე ამბობს ბალაკ ციფორის ძე: უარს ნუ ამბობ ჩემთან მოსვლაზე.
რამეთუ პატიოსნად გადიდო შენ, და რაჲცა მრქუა, ვყო შენ თანა, გარნა მოვედ და წყევე ერი ესე.
რადგან დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს გაგიკეთებ. მოდი, შემიჩვენე ეს ხალხი.
და მიუგო ბალაამ და ჰრქუა მთავართა ბალაკისთა: მო-თუ-მცეს მე ბალაკ სახლი თჳსი სავსე ოქროჲთა და ვეცხლითა ვერ შემძლებელ ვარ, გარდასლვად სიტყუასა უფლისა ღმრთისასა, დამცირებად მისა, ანუ განდიდებად გულსა შინა ჩემსა.
მიუგო ბალაამმა ბალაკის მსახურებს: თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს.
და აწ იყვენით თქუენცა ღამესა ამას და გულისხმა-ვყო, რაჲ შესძინოს უფალმან სიტყუად ჩემდამო.
თქვენ ახლა დარჩით აქ ამაღამ და გავიგებ, კიდევ რას მეტყვის უფალი.
და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა ღამე და ჰრქუა მას: ხადილდ თუ შენდა მოსრულ არიან კაცნი ესე, აღდეგ და მივედ მათ თანა და სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესრე ჰყო.
მივიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა: თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი.
და აღდგა ბალაამ განთიად და დაასხნა ვირსა თჳსსა და წარვიდა მთავართა თანა მოაბისათა.
ადგა ბალაამი დილით, შეკაზმა სახედარი და წაჰყვა მოაბის თავკაცებს.
და განრისხნა გულისწყრომით ღმერთი, რამეთუ მივიდა იგი. და დადგა ანგელოზი ღმრთისა დაბრკოლებად მისა. და იგი აღმჴედრებულ იყო ვირსა ზედა მისსა და ორნი ყრმანი მისნი მის თანა.
აინთო ღვთის რისხვა მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ის კი შემჯდარიყო თავის სახედარზე და მიდიოდა ორი მსახური ბიჭის თანხლებით.
და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე გზასა ზედა და მახჳლი ჴდილი ჴელსა შინა მისსა, და მიიქცია ვირმან მან გზისაგან და ვიდოდა ველსა და სცა ვირსა მას კუერთხითა მოქცევად იგი გზად.
დაინახა სახედარმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია გზიდან და წავიდა ყანებზე, მინდვრებზე. დაუწყო ცემა ბალაამმა სახედარს, რომ მოებრუნებინა გზისკენ.
და დადგა ანგელოზი იგი ღმრთისა ფოლოცთა ვენაჴისათა, იყო ღობე ერთკერძო და ღობე ერთკერძო.
დადგა უფლის ანგელოზი ბილიკზე ვენახებს შორის, ერთ მხარესაც ღობე იყო, მეორე მხარესაც ღობე.
და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა, და მიიდრიკებოდა იგი ღობესა მას, და მოჰქლიშა ფერჴი ბალამისი და შესძინა მერმე გუემად მისა.
დაინახა თუ არა სახედარმა უფლის ანგელოზი, აეკრა კედელს და ბალაამის ფეხიც მიაჭყლიტა ზედ. ისევ დაუწყო ცემა ბალაამმა.
და შესძინა მერმე ანგელოზმან მან ღმრთისამან და მივიდა და დადგა გზასა იწროსა, რომელსა ვერ იყო მისაქცეველ მარჯულ, ვერცა მარცხლ.
ისევ დაიძრა უფლის ანგელოზი და ჩადგა ვიწროში, საიდანაც არც მარჯვნივ იყო გასახვევი გზა და არც მარცხნივ.
და იხილა ვირმან მან ანგელოზი ღმრთისა და დაჯდა ქუეშე ბალაამისსა. და განრისხნა ბალამ და სცემდა ვირსა მას კუერთხითა.
დაინახა სახედარმა უფლის ანგელოზი და ჩაიკეცა ბალაამის ქვეშ. გაბრაზდა ბალაამი და ჯოხი დასცხო სახედარს.
და განუღო ღმერთმან პირი მას ვირსა და ჰრქუა ბალაამს: რაჲ გიყავ შენ, რამეთუ მეც მე? ესე სამგზის ყო.
გაუხსნა ბაგე უფალმა სახედარს და უთხრა სახედარმა ბალაამს: რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?
და ჰრქუა ბალაამ ვირსა მას: რამეთუ დამიწუნე მე და, თუმცა მაქუნდა მახჳლი ჴელსა შინა ჩემსა, მუნთქუსვემცა დაგურიმე შენ.
უთხრა ბალაამმა სახედარს: რა და, მასხრად ამიგდე. მახვილი რომ მქონდეს ხელში, ახლავე მოგკლავდი.
და ჰრქუა ვირმან მან ბალაამს: არა მე ვირი იგი შენი ვარა, რომელ ზედა შჯდი სიჭაბუკით შენითგან მოდღენდელად დღედმდე? ანუ შეურაცხებით შეურაცხ-გყავ სადამე შენ? ხთლო მან თქუა: არა.
უთხრა სახედარმა ბალაამს: განა შენი სახედარი არა ვარ, რომლითაც დადიხარ უკვე რა ხანია დღემდე? ოდესმე თუ მოგქცევივარ ასე? მიუგო: არა.
და განუხუნა ღმერთმან თუალნი ბალაამისნი და იხილა ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე წინაშე ვირისა და მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა მისთა, დადრკა და თაყუანის-სცა პირითა.
აუხილა უფალმა თვალი ბალაამს და დაინახა ბალაამმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში. თაყვანისცა და პირქვე დაემხო.
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან ღმრათსამან: რად ეც ვირსა მაგას შენსა ესე სამგზის? და, აჰა, ესერა, მე გამოსრულ ვარ დაყდუნებად შენდა, რამეთუ არა მართალ არს გზაჲ ეგე შენი წინაშე ჩემსა.
უთხრა მას უფლის ანგელოზმა: რისთვის სცემ შენს სახედარს უკვე მესამეჯერ? აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში.
და მიხილა მე ვირმან მაგან და მიაქცია ჩემგან ესე სამგზის. და თუმცა არა მიმრიდა მე ესე სამგზის, აწ შენმცა მოგკალ და ესემცა განვარინე.
დამინახა სახედარმა და უკვე მესამეჯერ გადაუხვია ჩემგან. რომ არ გადაეხვია, შენ მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი.
და ჰრქუა ბალაამ ანგელოზსა მას: უფალო, ვსცოდე, რამეთუ არა უწყოდე, რამეთუ შენ სდეგ გზასა ზედა დაყდუნებად ჩემდა, და აწ არა თუ გთნავს შენ, უკუნვიქცე.
უთხრა ბალაამმა უფლის ანგელოზს: შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ იყავი ჩემს გზაზე გადამდგარი. ახლა კი, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან გავბრუნდები ჩემთვის.
და ჰრქუა ანგელოზმან ღმრთისამან ბალაამს: მივედ კაცთა მათ თანა, გარნა სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესე იკრძალე სიტყუად. და წარვიდა ბალამ მთავართა თანა ბალაკისთა.
უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი. წაყვა ბალაამი ბალაკის თავკაცებს.
და ესმა ბალაკს, ვითარმედ მოვალს ბალამ. გამოვიდა წინამიგებებად მისა ქალაქად მოაბსა, რომელ არს საზღუართა ზედა აჰრონისთა, რომელ არს კიდეთა საზღუარისათა.
გაიგო ბალაკმა, რომ მოდის ბალაამი, და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბის ქალაქისკენ, რომელი არნონის საზღვართან მდებარეობს, ზედ საზღვარზე.
და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: არა მიგივლინენა ხადიდ შენდა, რასათჳს არა მოხჳდოდე, ანუ ნანდჳლ, ვერ შემძლებელ ვარ პატივის-ყოფად შენდა.
უთხრა ბალაკმა ბალაამს: ხომ გამოვგზავნე ხალხი შენს დასაძახებლად? რატომ არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენს პატივისცემას?
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: აჰა, ესერა, მოვალ შენდა. აწ შემძლებელ მე რაჲ ვიწყო სიტყუად რაჲსამე, გინა სიტყუაჲ, რომელ მომცეს მე ღმერთმან პირსა ჩემსა, ესე ვთქუა.
უთხრა ბალაამმა ბალაკს: აჰა, მოვედი შენთან. განა შემიძლია ახლა რაიმეს თქმა? რასაც ღმერთი ჩამიდებს ბაგეებში, იმას ვიტყვი.
და მივიდა ბალაამ ბალააკის თანა და მოვიდეს ქალაქთა ბალააკისთა.
გაჰყვა ბალაამი ბალაკს და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში.
და დაწყჳდა ბალაკ ცხოვარი და ზროხაჲ და მიუძღუანა ბალაამს და მთავართა, რომელ იყუნეს მის თანა.
დაკლა ბალაკმა ხარები და ცხვრები და გაუგზავნა ბალაამს და მის თანმხლებ თავკაცებს.
და იყო განთიად, წარიყვანა ბალაკ ბალაამი და აღიყვანა იგი ძეგლსა ზედა ბაალისსა და უჩუენა მას მიერ მცირედი რაჲმე მის ერისაჲ.
მეორე დილით ადგა ბალაკი და ბაალის გორაკებზე აიყვანა ბალაამი. დაინახა იქიდან ბალაამმა ხალხის ნაწილი.
