დაბადება · თავი 49
და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა.
მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა.
თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს, მამათქვენს, უსმინეთ!
რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი.
რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი.
ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ შენ საწოლსა მამისა შენისასა მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ.
ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.
სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა.
სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული!
ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა ნუ აღყუებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულისწყრომითა მათითა მოსწყჳდნეს კაცნი და გულისთქმითა მათითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა.
მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტი ნებით გამოძარღვეს ხარი.
წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ თავჴედობაჲ და ბორგაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის.
წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.
იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?
ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა.
არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.
და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი.
ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.
მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.
თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.
ზაბულონ ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე.
ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.
იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა.
ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.
და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ.
ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.
და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის.
დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.
და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ.
გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი.
და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის.
შენგან მოველი ხსნას, უფალო!
გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა.
გადს მოადგებიან ურდოები, თავადაც კვალში ჩაუდგება.
ასერ, პოხილ პური მისი და მან მისცეს საზრდელი მთავართა.
აშერისგან - პური ნოყიერი და გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა.
ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.
შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული საშურველი ძე ჩემი უმრწემესი ჩემდა მოიქცე, რომლისათჳს ზრახვა-ყვეს.
ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
და ძმაცვიდეს და ემტერნეს მათ უფალნი იგი მშჳლდთანი.
გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობისთა მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ.
შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.
ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა.
მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა.
მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
ბენიამენ, მგელი მტაცებელი, განთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა.
ბენიამინი მგელია მტაცებელი, დილით ჭამს, საღამოთი იყოფს ნადავლს.
ყოველნი ესე ძენი იაკობისნი - ტომი ათორმეტ. და ამას ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა.
ყველა ესენი ისრაელის თორმეტი შტოა. ეს უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევით აკურთხა.
ამცნო მათ და ჰრქუა მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა.
უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,
რომელ არს წინაშე მამბრესსა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისაგან ქეტელისა სასყიდლით საფლავად.
მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად.
მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარრა ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაფლეს ლია მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა.
იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი; იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავმარხე მე ლეა.
და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა.
ეს მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.
გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.
