დაბადება · თავი 23
იყო ცხორებაჲ სარრასი ასოცდაშჳდ წელ.
იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი, ეს არის სარას სიცოცხლის წლები.
და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბოკსა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისსა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრასა და გლოვად.
მოკვდა სარა კირიათ-არბეში, აწინდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყნად. მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა მისგან და ჰრქუა ძეთა ქეტისთა მეტყუელმან:
მოსცილდა თავის მკვდარს აბრაამი და ეუბნება ხეთელებს:
მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავისაჲ თქუენ შორის და დავფლა მკუდარი ჩემი ჩემგან.
მსხემად და მდგმურად ვარ თქვენთან; მომეცით საკუთარი სამარხი თქვენს მიწაზე, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი.
მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს.
მიუგეს ხეთელებმა აბრაამს და უთხრეს:
რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.
მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენს შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.
აღდგა აბრაჰამ და თაყუანი-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა.
ადგა აბრაამი და თაყვანისცა ამ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს.
და ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გულითად გნებავს, რათა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა; ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა სარისსა.
ასე უთხრა მათ: თუ ინებებთ და მკვდარს დამამარხვინებთ, ბარემ ნუ გამაწბილებთ და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს,
და მომეცინ მე ქუაბი მრჩობლი. რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერთკერძო აგარაკსა მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცინ მე იგი თქუენ შორის მონაგებად საფლავისა.
მომცეს მახფელას მღვიმე, მისი ყანის ბოლოს რომ არის; თავის ფასში მომცეს თქვენი თანდასწრებით საკუთარ სამარხად.
ხოლო ეფრონ ჯდა შორის ძეთა ქეტისთა, მიუგო ეფრონ ქეტელმან აბრაჰამს და ჰრქუა წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდეს ქალაქად.
ყეფრონი ხეთელებს შორის იჯდა; მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ნეთელთა და ყველას გასაგონად, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული, და უთხრა:
და ჰრქუა: ჩემდა მოიხილე, უფალო და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა ჩემთა დაჰფალ მუნ მკუდარი შენი.
არა, ბატონო, მომისმინე: მინდორიც მომიცია და მღვიმეც, იქ რომ არის; ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია; დამარხე შენი მკვდარი.
თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ყოვლისა ერისა მის ქუეყანისა.
თაყვანისცა აბრაამმა ქვეყნის ერს.
და ჰრქუა ეფრონს ყურთა მიმართ ყოვლისა ერისა მის ქუეყანისათა: რამეთუ ჩემ კერძო ხარ, ისმინე ჩემი, ვეცხლი აგარაკისა მის მიიღე ჩემგან და დავფლა მკუდარი ჩემი მუნ.
ასე ელაპარაკა ყეფრონს ქვეყნის ერის გასაგონად: თუ თანახმა ხარ, აიღე მინდვრის საფასური, გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს.
და მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა:
მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა:
არა, უფალო, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ქუეყანა ოთხასისა დიდრაქმისა ვეცხლისა არს, არამედ შენ შორის და ჩემ შორის რაჲ არს ესე? ხოლო შენ დაჰფალ მკუდარი შენი.
ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა. წადი, დამარხე შენი მკვდარი.
და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა.
დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა აბრაამმა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად, ოთხასი შეკელი ვერცხლი ვაჭართა მაზანდით.
და დაამტკიცა აგარაკი იგი ეფრონისი. რომელი იყო ქუაბსა მა~ მრჩობლსა, რომელ არს პირისპირ წინაშე მამბრესსა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელი იყო მას შინა და ყოველი ხე, რომელი იყო აგარაკსა შინა, რომელ არს საზღვართა მისთა გარემო.
ასე დაუმტკიცდა საკუთრებად აბრაამს ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს წინ რომ არის, მინდორი და იქ მდებარე მღვიმე, ყოველი ხე იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ დგას ირგვლივ,
ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.
ხეთელთა და ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული.
და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა.
ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყნად.
და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა.
დაუმტკიცდა აბრაამს მინდორი და იქ მდებარე მღვიმე ხეთელებისგან საკუთარ სამარხად.
