დაბადება · თავი 35
ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ და აღუშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე შენ პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა
უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე; აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი.
ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა და ყოველთა მისთანათა: აღიხილენით ღმერთნი ეგე უცხოთესლთანი, რომელ არიან თქუენ შორის, და განწმიდენით და შეიცვალეთ სამოსლები თქუენი.
უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
და აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე.
ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი.
და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
და წარმოვიდა ისრაჱლ სიკიმათ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა.
და დაიძრნენ. ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ.
მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ესე არს ბეთელი, და ყოველი ერი მის თანა.
მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხითურთ ლუზში ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის.
და აღაშენა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა.
ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.
მოკუდა დებორა, მზარდული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა. და უწოდა სახელი მუხასა მას "მუხაჲ გლოისაჲ".
მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).
ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდა შუამდინარით ასურეთისათ, აკურთხა იგი
კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი.
და ჰრქუა. არღარა გერქუას სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი.
უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი; აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. და უწოდა სახელად ისრაელი.
ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი შენი, აღორძნდი და განმრავლდინ ნათესავი შენი, შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან და მეფენი წელთა შენთაგან გამოვიდენ.
უთხრა ღმერთმა: მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.
და ქუეყანა, რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.
ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისაკს, შენთვის მომიცია, შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა.
აღვიდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას.
გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.
და აღმართნა იაკობ ძეგლნი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა ღმერთი მის თანა, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი.
მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა, და დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ და გამოვიდა მუნით, ჟამსა ზამთრისასა.
უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.
და მიეახლა ქაბრათად მისლვად ქუეყანად ეფრათად, შვა რაქელ.
დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა.
და შობასა მისსა ძნიად შობდა. და იყო ფიცხლად შობასა მისსა. ჰრქუა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ.
როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა: ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება.
და იყო აღმოსლვასა ოდენ სულისა მისისასა. რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი "ძე სალმობისა ჩემისა". ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ.
სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა).
მოკუდა რაქელ და დავფლა გზასა ზედა ცხენთ სარბიელსა ეფრათას, ესე იგი არს ბეთლემი.
მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი.
და აღმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლავისა რაქელისი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე.
და წარვიდა ისრაჱლ და დასცა კარავი თჳსი დამართებით გოდლისა მის გადერისასა.
გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა კარავი გედერის გოდლის უკან.
და იყო, რაჟამს დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა მას, მივიდა რუბენ და დაწვა ბალას თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა, იაკობისა. და ვითარცა ესმა ესე ისრაჱლს, ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა. იყუნეს ძენი იაკობისნი ათორმეტ.
ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან, და გაიგო ეს ისრაელმა.
ძენი ლიასნი: პირმშოჲ რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ.
ლეას ძენი იყვნენ: რეუბენი - იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი.
და ძენი რაქელისნი: იოსებ და ბენიამენ.
რახელის ძენი იყვნენ: იოსები და ბენიამინი.
და ძენი ბალასნი, მჴევლისა რაქელისნი: დაან და ნეფთალიმ.
ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი.
და ძენი ზელფასნი, მჴევლისა ლიასნი: გაად და ასერ. ესე ძენი იაკობისნი, რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა.
ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფადან-არამში.
მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა, ჯერეთ სიცოცხლესა-ღა ქალაქად მამბრედ ეველისა, ესე იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანანისასა, სადა-იგი მსხემ იყო აბრაჰამ და ისაკ.
მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათარბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი.
და იყუნეს დღენი ისაკისნი, რაოდენ ცხონდა ასოთხმეოცდაათ წელ.
ას ოთხმოცი წლისა იყო ისაკი.
და მოაკლდა ისაკ და მოკუდა და შეეძინა მამათა თჳსთა მოხუცებული და სავსე დღითა და დაჰფლეს იგი ესავ და იაკობ, ძეთა მისთა.
აღესრულა ისაკი და მოკვდა, შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული, და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა.
