დაბადება · თავი 44
და უბრძანა იოსებ ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: აღავსენით ძაძანი მაგათ კაცთანი საზრდელითა, რაოდენ რომელ ედვას აღებად და შთაუდევით ვეცხლი კაცად-კაცადისა პირსა ზედა ძაძისა თჳსისასა.
უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს და უთხრა: აუვსეთ ამ კაცებს ტომრები პურით, რამდენის ზიდვასაც შეძლებენ, და თითოეულს ტომრის პირზე დაუდევით თავისი ვერცხლი.
და ბარძიმი იგი ჩემი ვეცხლისა შთაუდევით ძაძასა უმრწემესისასა და სასყიდელი-ცა იფქლისა მისისაჲ, ხოლო მათ ყუეს სიტყჳსა მის იოსებისსა, ვითარ-იგი უბრძანა მათ.
ხოლო ჩემი თასი, ვერცხლის თასი, უმცროსს ჩაუდევით ტომარაში მის ვერცხლთან ერთად როგორც იოსებმა უთხრა, ისე გააკეთა კაცმა.
ღამე იგი განთენა და კაცნი იგი წარიგზავნნეს და კარაულნი მათნი
გათენებისას გაისტუმრეს ეს კაცები თავისი სახედრებით.
და ვითარცა განვლეს ქალაქი, არღა განშორებულ იყვნეს შორად, ჰრქუა იოსებ ეზოსმოძღუარსა თჳსსა: აღდეგ, დევნა-უყავ კაცთა მათ, ეწიე და არქუ მათ: რაჲსათჳს მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ?
ის იყო ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ, რომ უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: წადი და დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი: ბოროტებით რატომ გადაუხადეთ სიკეთე?
რასა მიმპარეთ მე ბარძიმი ვეცხლისაჲ, ანუ არა ესე არს-ა, რომლითა სუამნ უფალი ჩემი და იგი ზმნით იზმნიან მაგით? ბოროტი აღასრულეთ რომელ ესე ჰყავთ.
ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი; ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ.
და ვითარ ეწია იგი, ჰრქუა მათ სიტყჳსა მისებრ.
მიეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები.
ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳს უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას? ნუ იყოფინ ჩუენდა, მონათა შენთა სიტყჳსა მაგისებრ.
მიუგეს: რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მორჩილნი ამგვარი საქმისაგან.
უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ ჭურჭელთა ჩუენთა, მოვიღე შენდა ქუეყანით ქანანით, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ, გინა ვეცხლი?
ხომ უკან დავაბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან ვერცხლი, ჩვენს ტომრებში რომ ვიპოვეთ? ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?
ხოლო რომლისაცა თანა იპოოს მონათა შენთაგანისა ბარძიმი იგი მოკუედინ და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა.
შენს მორჩილთაგან თუ ვინმეს აღმოაჩნდა თასი, მოკვდეს იგი, ხოლო დანარჩენები მონებად გავუხდებით ჩვენს ბატონს.
ხოლო მან ჰრქუა: და აწ ვითარ იტყჳთ, ეგრე იყავნ. ვის თანა-ცა იპოოს ბარძიმი იგი, იყავნ ჩუენდა მონა. ხოლო თქუენ უბრალო იყვნეთ.
უთხრა: ეგრე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. ვისაც აღმოაჩნდება, თასი, მონად გამიხდეს; დანარჩენი უდანაშაულო იქნებით.
და ისწრაფეს და გარდაჰჴადეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი და განჴსნეს თითოეულად ძაძა თჳსი.
საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს.
და იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან, ვიდრემდე მოვიდა უმრწემესისა და პოვა ბარძიმი იგი ტჳრთსა შინა ბენიამენისსა.
მოჰყვა ჩხრეკას კაცი, უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.
ხოლო მათ დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი კარაულსა მათსა და მიიქცეს ქალაქად.
შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ.
შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა, ვიდრე სახლსა-ღა შინა იყო და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანისა ზედა.
მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში - ჯერ კიდევ შინ იყო იგი - და პირქვე დაემხნენ მის წინაშე.
ჰრქუა მათ იოსებ: რაჲ-ვსე ჰქმენით? არა იცითა, რამეთუ ზმნით იზმნის კაცი ჩემ ვითარი?
უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალიც შესწევს?
ჰრქუა მას იუდა: რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა ჩუენსა, ანუ რასა ვიტყოდით, ანუ რასა ვიმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა. აჰა ესერა, ვართ ჩუენ მონა უფლისა ჩუენისა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი.
მიუგო იუდამ: რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს, რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ. აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.
ჰრქუა მას იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა ყოფად სიტყჳსა მაგის, კაცი რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგი-ცა იყოს ჩემდა მონა ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა.
უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად, დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან.
მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები უფალო, იტყოდი მონა შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შე ხარ შემდგომი ფარაოსა.
ახლოს მივიდა იუდა და უთხრა: გევედრები, ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს, ნუ განურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ.
შენ გვკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ, გინათუ ძმაჲ?
ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მორჩილთ, მამა ან ძმა თუ გყავთო.
და გარქუთ უფალსა ჩუენისა, ვითარმედ გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძე სიბერისა მისისა. ძმაჲ მისი მოკუდა და იგი მარტო დაშთა დედასა მისსა და მამამან მისმან შეიყუარა იგი.
ჩვენც ვუთხარით ჩვენს ბატონს: მოხუცებული მამა გვყავს და პატარა ბავშვი, მის სიბერეში შობილი; ძმა მოუკვდა და ისღა დარჩა მისი დედისგან, ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.
ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: მოიყუანეთ იგი ჩემდა და მე ვიღუაწო იგი.
გვითხარი შენს მორჩილთ: ჩამომიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო.
ხოლო ჩუენ გარქუთ შენ, უფალსა ჩუენსა, ვერ ჴელ-გეწიფების ყრმასა მას დატევებად მამისა, უკუეთუ დაუტეოს მამაჲ, მოკუდეს იგი.
მივუგეთ ჩვენს ბატონს: ვერ მიატოვებს ყმაწვილი მამას, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.
ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: უკუეთუ არა მოვიდეს ძმაჲ თქუენი უმრწემესი თქუენ თანა, არ-ღა-რა შესძინოთ ხილვად პირისა ჩემისა.
გვითხარი შენს მორჩილთ: თუ არ ჩამოგიყვანიათ თქვენი უმცროსი ძმა, თვალით აღარ დამენახოთო.
და იყო, ვითარცა აღვედით მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, უთხართ მას სიტყუაჲ უფლისაჲ ჩუენისა.
როცა მივედით მამაჩემთან, შენს მორჩილთან, შევატყობინეთ ჩვენი ბატონის ნათქვამი.
და მრქუა ჩუენ მონამან შენმან, მამამან ჩუენმან: წარვედით, და მიყიდეთ ჩუენ კუალად მცირედ საზრდელი.
გვითხრა მამაჩვენმა: დაბრუნდით, გვიყიდეთო მცირეოდენი პური.
ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ, ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არა თუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი შთამოვიდეს ჩუენ თანა, რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ხილვად პირისა კაცისა მის, უკუეთუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი არა იყოს ჩუენ თანა.
ვუთხარით: ვერ ჩავალთ. უმცროსი ძმა თუ ჩვენთან იქნება, მაშინ ჩავალთ. რადგან ვერ დავენახვებით იმ კაცს, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება.
ხოლო მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან, ჩუენდა მომართ: თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შუნა იგინი ცოლმან ჩემმან.
გვითხრა მამაჩემმა, შენმა მორჩილმა: თქვენ იცით, რომ ორი ვაჟი მიშვა ჩემმა ცოლმა.
და ერთი იგი წარწყმდა, განვიდა ჩემგან და სთქუთ: მჴეცმან შეჭამა იგი და არ-ღა-რა ვიხილე.
ერთი წავიდა ჩემგან, ვთქვი, მხეცმა დაგლიჯა-მეთქი, და დღემდე აღარ მინახავს იგი.
აწ უკუე ესე-ღა თუ წარიყუანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა, შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა.
ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე, ჩემს ჭაღარას გამწარებულს ჩაიყვანთ შავეთში.
აწ უკუეთუ შევიდე მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, და ყრმაჲ ეგე არა იყოს ჩუენ თანა, რამეთუ სულნი მისნი გამოაბენ სულთა მაგისთა.
ახლა რომ მივუვალთ მამაჩვენს და არ მივუყვანთ ყმაწვილს, რომლის სულთანაც მისი სულია გადაფსკვნილი.
და იყოს, რაჟამს იხილოს, ვითარმედ ყრმაჲ ეგე არა არს ჩუენ თანა, აღესრულოს და შთავიდეს სიბერე მამისა ჩუენისა მწუხარებით ჯოჯოხეთა.
დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი და მოკვდება, და გამწარებულს ჩავიყვანთ შენი მორჩილნი მამაჩვენის, შენი მორჩილის ჭაღარას შავეთში.
რამეთუ მონასა შენსა თავს-მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყუანო შენ წინაშე და დავადგინო, შეცოდებულ ვიყო მე მამისა ყოველთა დღეთა.
რადგან შენმა მორჩილმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამისგან და ასე ვუთხარი: თუ უკან არ მომიყვანია, მთელი ჩემი სიცოცხლე შემცოდე ვიყო-მეთქი მამაჩემის წინაშე.
აწ უკუე ვდგე მე მონად შენდა ყრმისა მაგის წილ, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა თჳსისა.
ახლა, დარჩეს შენი მორჩილი შენს მონად ამ ყმაწვილის სანაცვლოდ, ყმაწვილი კი თავის ძმებს წაჰყვეს.
ვითარმე უკუე აღვიდე მამისა, არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემესი ჩუენ თანა, რათა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან?
როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი ჩემთან არ იქნება? ნუმც შევსწრებივარ უბედურებას, რაც მამაჩემს დაატყდება თავს!
