დაბადება · თავი 47
და მივიდა იოსებ, უთხრა ფარაოს და ჰრქუა: მამაჲ ჩემი და ძმანი ჩემი და ყოველი საცხოვარი და ზროხანი მათნი მოსრულ არიან ქუეყანით ქანანისათ და აჰა არიან იგინი ქუეყანასა გესემისასა.
მივიდა იოსები და ამცნო ფარაონს და უთხრა: მამაჩემი და ჩემი ძმები თავიანთი ცხვარ-ძროხითა და მთელ საბადებლითურთ ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან. აჰა, უკვე გოშენის მხარეში არიან.
და ძმათაგანი მისთა წარიყუანა იოსებ ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი , წინაშე ფარაოჲსა.
ძმების მხრიდან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს.
და ჰრქუა ფარაო ძმათა იოსებისთა: რაჲ არს საქმე თქუენი? ხოლო მათ ჰრქუეს ფარაოს: მწყემს ვართ ცხოვართა მონანი შენნი სიყრმითგან, ვიდრე აქამომდე, ჩუენ-ცა და მამანი ჩუენნი.
უთხრა ფარაონმა მის ძმებს: რა საქმეს მისდევთ. უთხრეს ფარაონს: მეცხვარეები გახლავართ შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი მამა-პაპები იყვნენ.
და ჰრქუეს ფარაოს: მწირობად მოსრულ ვართ ჩუენ ქუეყანასა, რამეთუ არა არს საძოვარი საცხოვართათჳს მონათა შენთასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ქანანისასა აწ უკუე დავეშენნეთ მონანი შენნი ქუეყანასა მას გესემისასა.
უთხრეს ფარაონს: მდგმურად მოვედით ამ ქვეყანაში რადგან აღარ გვქონდა საძოვარი ცხვრისათვის თქვენ მორჩილთ; მძიმე გახდა შიმშილი ქანაანის ქვეყნად. დაგვასახლე შენი მორჩილნი გოშენის მხარეში.
ჰრქუა ფარაო იოსებს და ეტყოდა: მამაჲ შენი და ძმანი შენნი მოსრულ არიან შენდა.
უთხრა ფარაონმა იოსებს: მამა და ძმები მოგივიდნენ.
ეგერა, ქუეყანა ეგჳპტისა შენ წინაშე არს, უმჯობესა ქუეყანასა დაამკჳდრენ მამაჲ შენი და ძმანი შენნი, დაემკჳდრნედ ქუეყანასა გესემისასა, უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა.
შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები; დაესახლონ გოშენის მხარეში. თუ გამოძებნი მათ შორის მარჯვე კაცებს, დაუდგინე სარქლებად ჩემს საქონელს.
შეიყვანა იოსებ მამაჲ თჳსი იაკობ და დაადგინა იგი წინაშე ფარაოჲსა და აკურთხა იაკობ ფარაო.
მოიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.
და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?
უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ?
და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა, რაოდენთა დღეთა მწირობდეს.
უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
და აკურთხა იაკობ ფარაო და განვიდა მისგან.
დალოცა იაკობმა ფარაონი და გავიდა ფარაონისგან.
და დააშენა იოსებ მამაჲ თჳსი და ძმანი თჳსნი და მისცა მათ სამკჳდრებელი ქუეყანასა ეგჳპტისასა და უმჯობესსა ქუეყანასა მას რამესესასა, ვითარცა იგი უბრძანა ფარაო.
დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამსესის მხარეში, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები.
და იფქლსა უწყვიდა საწყაულით იოსებ მამასა თჳსსა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა იფქლსა თავად-თავად.
ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მთელს მამის სახლს პურით ბავშვების სულადობის კვალობაზე.
და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა.
პური არ იყო მთელს ქვეყანაში, რადგან გამძიმდა შიმშილობა მეტისმეტად; მოუძლურდა ეგვიპტის ქვეყანა და ქანაანი შიმშილისგან.
და შეკრიბა იოსებ ყოველი ვეცხლი, რაოდენი იპოვა ქუეყანასა ეგჳპტისასა იფქლითა მით, რომელსა ჰყიდდეს და იფქლსა უწყვიდა მათ და შეიღო იოსებ ყოველი ვეცხლი სახლსა ფარაოსსა.
მთელი ვერცხლი, რაც კი ეგვიპტეში და ქანაანში იპოვებოდა, იოსებმა მოიხვეჭა გაყიდული პურის ფასად და შესძინა ფარაონის სახლს.
და მოაკლდა ვეცხლი ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა ქანანისსა, მოვიდეს ყოველნი ეგჳპტელნი იოსებისა და ეტყოდეს: მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი.
გამოილია ევრცხლი ეგვიპტეში და ქანაანში, და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: მოგვეცი პური. ვერცხლი რომ გამოგველია, ამისთვის ხომ არ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ?
ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენ- და გცე პური საცხოვრისა წილ თქუენისა.
უთხრა იოსებმა: მოასხით საქონელი და მოგცემთ საქონლის ფასად, ვერცხლი თუ გამოგელიათ.
მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა, ცხენებისა წილ და ვირებისა ზროხებისა და ცხოვარისა: და გამოზარდნა იგინი მას წელიწადსა შინა პურითა ყოვლისა წილ საცხოვარისა მათისა. წარჴდა წელიწადი იგი.
მიჰყავდათ იოსებთან საქონელი და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრის ფარის, ნახირის და სახედრების საფასურში; ამარაგებდა მათ იმ წელიწადს პურით მთელი მათი საქონლის საფასურად.
და მოვიდეს მისა წელიწადსა მას მეორესა და ჰრქუეს: ნუუკუე მოვისრნეთ უფლისა ჩუენისაგან, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი და მონაგები და საცხოვარი შენდამი უფლისა ჩუენისა და არა დამიშთა ჩუენ წინაშე უფლისა ჩუენისა, გარნა თჳსი ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი.
მიიწურა ის წელიც და მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ვერცხლიცა და საქონლის ჯოგიც ჩვენი ბატონისთვის მისაცემად; არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბაგონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა.
რათა არა მოვსწყდეთ წინაშე შენსა და ქუეყანაჲ ჩვენი მოოჴრდეს, არამედ მიმიყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყუნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა, მეც ჩუენ თესლი, რათა ვსთესოთ და ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ და ქუეყანა არა მოოჴრდეს.
რისთვის უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და განადგურდეს ჩვენი ყანები? გვიყიდე ბარემ ყანებიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს ჩვენცა და ჩვენი ყანებიც. მოგვეცი მარცვალი, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ, და მიწაც არ გაუკაცრიელდეს.
და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანა ეგჳპტისაჲ ფარაოს, რამეთუ მისცეს ქუეყანა მათი ეგჳპტელთა ფარაოს, რამეთუ დაიპყრა იგინი სიყმილმან და იყო ქუეყანა იგი ფარაოჲსა.
შეუსყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონს, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავიანთი ყანები გაუსაძლისი შიმშილის გამო. ასე დაეუფლა მიწას ფარაონი.
და ერი იგი დაამონა ფარაოს კირთად კიდითგან საზღურით ეგჳპტისად ვიდრე კიდედმდე მისა თჳნიერ.
გადაჰყავდა ხალხი ქალაქებში ეგვიპტის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში.
ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა იგი ხოლო არა მოიყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემდა იოსებ მღდელთა მათ ფარაოსთა და ჭამეს საცემელსა მას, რომელსა სცემდა მათ ფარაო, ამისგან არა განყიდეს ქუეყანა მათი.
მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან ჰქონდათ ნაკვეთები, და თავს ირჩენდნენ ამ ნაკვეთებით, ფარაონმა რომ მისცა. ამიტომაც არ გაუყიდიათ თავიანთი მიწა.
ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა ესერა, მოგიგენ თქუენ და ქუეყანა თქუენი დღესითგან ფარაოსად, მიიღეთ თქუენ თესლი, დასთესეთ ქუეყანასა.
უთხრა იოსებმა ხალხს: აჰა, ნაყიდი მყავხართ ახლა ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწებიც. აჰა, თესლი და დათესეთ პური.
და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთე ნაწილი ფარაოს, ხოლო ოთხი ნაწილი იყოს თავისა თქუენისა თესლად ქუეყანისა საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა და საჭმელად ჩჩჳლთა თქუენთა.
მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, ხოლო ოთხი წილი ყანის დასათესად და საკვებად დაიტოვეთ თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი წვრილშვილისთვის.
და მათ ჰრქუეს: მაცხოვნენ ჩუენ, ვპოვეთ მადლი წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, და ვიყუნეთ მონა ფარაოჲსა.
უთხრეს: შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.
და დადვა იოსებ ბრძანებაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე: მეხუთე ნაწილი ფარაოს, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა არა იყო ყოველი ფარაოჲსა.
ასეთი წესია დღემდე დადგენილი იოსებისგან ეგვიპტის მიწებზე: მეხუთედი ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა გესმეს, და დაეშენნეს მას ზედა და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად.
დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში, ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავლდნენ.
და ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებისა მისისანი ასორმეოცდაშჳდ წელ.
იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; ხოლო ხანი მისი სიცოცხლისა იყო ასორმოცდაშვიდი წელი.
და ვითარცა მოიწივნეს დღენი სიკუდილისა იაკობისნი; მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა და პოოს ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რათა არა დამფლა მე ეგჳპტეს.
დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს და უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი. მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში.
არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო.
რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა: შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი.
და ჰრქუა მას: მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.
უთხრა იაკობმა: შემომფიცე. მანაც შეჰფიცა. და სასთუმალზე მიდო თავი ისრაელმა.
