დაბადება · თავი 43

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ხოლო სიყმილი განძლიერდებოდა ქუეყანასა.

მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე.

2

და იყო, რაჟამს შეასრულეს იფქლი იგი შეჭმად, რომელ მიეღო ეგჳპტით, ჰრქუა მათ მამამან მათმან: კუალად წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.

როცა შეჭამეს მთელი პური, ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ: გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო.

3

ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი, უფალი ქუეყანისა მის, და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი იყოს თქუენ თანა.

უთხრა მას იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან იქნებაო.

4

უკუეთუ მოავლინო შენ ძმაჲ ჩუენი ჩუენ თანა, შთავიდეთ და გიყიდოთ შენ საზრდელი.

თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.

5

უკუეთუ არა მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, არა შთავიდეთ, რამეთუ კაცი იგი გვეტყოდა ჩუენ და გურქუა: არა იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწმესი იყოს თქუენ თანა.

თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.

6

და ჰრქუა მათ ისრაჱლ: რაჲ ესე ბოროტი მიყავთ მე? რაჲსათჳს უთხართ, კაცსა მას, რამეთუ გივის თქუენ ძმაჲ.

უთხრა ისრაელმა: რად მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?

7

ხოლო მათ ჰრქუეს: კითხჳთ მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა: უკეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ-ღა არს, ანუ თუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ მას კითხჳსა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქუას ჩუენ: ვითარმედ მოიყუანეთ ძმაჲ თქუენი?

უთხრეს: არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებო ჩვენს და ჩვენი მოდგმის ამბავს, თუ არის ცოცხალი მამათქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა. ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო?

8

ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რათა ვსცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ ჩუენ-ცა და შენ-ცა და ვანი-ცა შენი.

უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გაგვატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი.

9

მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთა ჩემთაგან იძიე, უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა.

მე ჩავიბარებ და მევე მომკითხე. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე.

10

და უკეთუმცა არა დავყოვნეთ, აწმცა მოქცეულ ვართ ორგზის.

რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით დაბრუნებულები.

11

და ჰრქუა მას ისრაჱლ: ვინათგან ეგრე არს, ესე ყავთ: მიიღეთ ნაყოფისაგან ამის ქუეყანისა ჭურჭელთა შინა თქუენთა და შთაართუთ ძღუენი კაცსა მის ღმრთისასა: რეტინე და თაფლი და საკუმეველი და შტახსი და ბელეკონი და ნიგოზი.

უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში.

12

და ვეცხლი ორი წილი მიიღეთ ჴელთა თქუენთა, ვეცხლი იგი, რომელ მოიგო ჭურჭელთა თქუენთა თანა, მიიღეთ თქუენ თანავე, ნუუკუ უმეცრება რაჲმე არს.

ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი, თქვენს თოფრებში რომ ეწყო, უკანვე მიეცით. ალბათ შეცდომაა რაღაც.

13

და ძმაჲ თქუენი წარიყუანეთ, და აღდეგით და წარვედით მის კაცისა.

თქვენი ძმაც წაიყვანეთ, ადექით და კიდევ წადით იმ კაცთან.

14

ხოლო ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა, მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთ-ვე უშვილო ვიქმენ.

ყოვლადძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგატანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი, თუ უშვილოდ დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილო!

15

მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი ორი წილი მიიღეს ჴელთა მათთა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა.

წაიღეს კაცებმა ეს ძღვენი, ვერცხლიც ერთიორად წაიღეს, და ბენიამინიც წაიყვანეს; ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარუდგნენ იოსებს.

16

ვითარცა იხილნა იგინი იოსებ და ბენიამენ, ძმაჲ იგი თჳსი ერთისა დედისაჲ, ჰრქუა ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: შეიყუანენ კაცნი ეგე სახიდ და დაკალ საკლველები და მზა-ყავ, რამეთუ ჩემ თანა ჭამონ პური კაცთა მაგათ სამხრის.

დაინახა მათთან ბენიამინი იოსებმა და უთხრა თავისი სახლის მოურავს: მომიყვანე სახლში ეს კაცები, საკლავი დაკალი და გაამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური ამ კაცებმა შუადღისას.

17

ყო ეგრე კაცმან მან, ვითარცა უბრძანა მას იოსებ და შეიყუანნა იგინი ვანად იოსებისა.

ისე მოიქცა ის კაცი, როგორც იოსებმა უბრძანა: მოუყვანა კაცმა ეს კაცები იოსებს სახლში.

18

ვითარცა იხილეს, რამეთუ შეიყუანეს კაცნი იგი სახიდ იოსებისა და თქუეს ვეცხლისა მისთჳს, რაჟამს იპოვა ჭურჭელთა ჩუენთა პირველად, მისთჳს შევჰყავთ ჩუენ შეწამებად დაცვისა და დადებად ბრალისა და მიყუანებად ჩუენდა მონად და კარაულთა ჩუენთა.

შეეშინდათ ამ კაცებს, იოსების სახლში რომ მიიყვანეს. თქვეს, იმ ვერცხლის გამო მოგვიყვანეს ალბათ, მაშინ რომ ვაშკარანებში ჩაგვიდესო; თავს დაგვესხმიან, რომ დაგვიმონონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.

19

მოუჴდეს კაცსა მას, რომელ-იგი იყო სახლსა ზედა იოსებისსა.

მიადგნენ იმ კაცს, იოსების სახლის მოურავს, და დაელაპარაკნენ სახლის შესასვლელთან.

20

ბჭეთა სახლისათა და ჰრქუეს: გევედრებით, უფალო, მოვედით პირველად სყიდად საზრდელისა.

უთხრეს: გევედრებით, ბატონო! ჩვენ წინათაც ჩამოვსულვართ პურის საყიდლად.

21

და იყო, ვითარცა მივედით სადგურსა და აღვაღეთ ძაძათა ჩუენთა, კაცად-კაცადისა ვეცხლი იპოვა ძაძათა ჩუენთა ვეცხლი ჩუენი, სასწორით მოგვიღებიეს ჴელთა ჩუენთა აწ.

ღამის გასათევში რომ მივედით, თავი მოვხსენით ჩვენს ვაშკარანებს და ვხედავთ. ვაშკარანის პირზე დევს თითოეულის ვერცხლი უკლებლივ. ახლა გიბრუნებთ ჩვენი ხელით.

22

და ვეცხლი სხუაჲ მოგჳღებიეს სყიდად საზრდელისა და არა ვიცით, ვინ შთადვა იგი ძაძათა ჩუენთა.

სხვა ვერცხლი წამოვიღეთ ჩვენი ხელით პურის საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ვაშკარანებში.

23

ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა. ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა თქუენთამან გცა საფასე ჭურჭელთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს და გამოგუარა მათ სჳმეონ და შეიყუანნა იგინი შინაგან.

უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! ნუ გეშინიათ, თქვენმა ღმერთმა, მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ვაშკარანებში. მომივიდა თქვენი ვერცხლი. და გამოუყვანა სიმონი.

24

და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და სცა საზრდელი ვირთა მათთა.

შეიყვანა კაცმა ეს კაცები იოსების სახლში, მისცა მათ წყალი ფეხის დასაბანად და მათ სახედრებს საკვები დაუყარა.

25

ხოლო მათ მზა-ყუეს ძღუენი მოსლვადმდე იოსებისა სამხრად, რამეთუ ესმა ვითარმედ, მუნ სადილობად არს.

მოამზადეს ძღვენი, ვიდრე იოსები მოვიდოდა შუადღისას, რადგან გაიგეს, რომ აქ უნდა ეჭამათ პური.

26

შევიდა იოსებ სახიდ თჳსა და შეართუეს მის ძღუენი, რომელ აქუნდა ჴელთა მათთა და თაყუანი-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა.

მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი საკუთარი ხელით, და მიწამდე თაყვანისცეს.

27

ჰკითხა მათ იოსებ და ჰრქუა: ვითარ-რაჲ ცოცხლებით იყუენით? და მერმე ჰრქუა მათ: ცოცხლებით არს-ა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, რომლისა სთქუთ: ცოცხალ-ღა არს?

მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: ხომ მშვიდობით არის მოხუცი მამათქვენი, ვისზეც მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია ჯერაც?

28

ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ-ღა არს. და თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს.

უთხრეს: მშვიდობით არის შენი მორჩილი მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია. მუხლი მოიყარეს და თაყვანისცეს.

29

აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ძმაჲ თჳსი, ერთისა დედისაჲ და ჰრქუა: ესე არსა ძმაჲ თქუენი მრწემი, რომლისა სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუა: ღმერთმან შეგიწყალენ შენ, შვილო.

აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი; იკითხა: ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, ვისზეც მელაპარაკებოდით? თქვა: ღმერთი გწყალობდეს, ჩემო შვილო!

30

შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულებოდა ტირილად, შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ.

ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა.

31

და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგება პურისა.

დაიბანა პირი, გამოვიდა, გაიმაგრა გული; თქვა: მოგვიტანეთ საჭმელი.

32

და დაუგეს მას მარტოსა და მათ თჳსა და მეგჳპტელთა მათ, რომელნი პურს ერთნეს, თჳსა რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების მეგჳპტელთა პურისა ჭამად ებრაელთა თანა. რამეთუ საძაგელებაჲ არს მეგჳპტელთაჲ ყოველი მწყემსი ცხოვართა.

მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე, მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ, პური; სიბილწედ რაცხდნენ ამას ეგვიპტელნი.

33

და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემესი უმრწემესად, განუკჳრდებოდა კაცთა მათ კაცად-კაცადისა ძმისა მიმართ თჳსისა.

დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით; გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს კაცებმა.

34

რამეთუ მიიღებდეს იგინი ბოძსა კაცად-კაცადი, მიიხუენ თავისა თჳსისა, ხოლო დიდად განდიდნებოდა ბოძი ბენიამენისი უფროჲს მათსა ხუთ წილ, ვიდრე მათი, სუეს ღჳნოჲ და დაითვრნეს მის თანა.

უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.