დაბადება · თავი 22
და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან თქუა: აჰა, მე.
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!
და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ.
უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.
აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა.
ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.
და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და იხილა ადგილი იგი შორით.
მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულისა თანა, და მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ.
უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.
წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად.
აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად.
ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?
უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?
ხოლო აბრაჰამ ჰრქუა: ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო წარვიდეს ორნივე ზოგად.
უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.
და მიიწივნეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და აღაშენა აბრაჰამ საკურთხეველი და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძე თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა თანა.
მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ.
და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა.
გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
ხოლო უწოდდა ანგელოზი უფლისა ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ. აბრაჰამ. და მან თქუა: აჰა მე.
მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ.
და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.
უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.
და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა.
გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად.
და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას "უფალმან იხილა", რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას "უფალი გამოჩნდა".
უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.
და უწოდა ანგელოზი უფლისა აბრაჰამს მეორედ ზეცით და ჰრქუა.
მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან
თავსა ჩემსა ვფუცე, თქუა უფალმან, ვინათგან ჰყავ სიტყაჲ ესე. და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.
და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,
კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა.
კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;
და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.
იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.
და მიიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს. ერთბამად ჯურღმულად ფიცისა და დაეშენა აბრაჰამ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.
დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან; ადგნენ და წავიდნენ ერთად ბერშებაში. და ცხოვრობდა აბრაამი ბერშებაში.
და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ უთხრეს აბრაჰამ და ჰრქუეს: აჰა ესერა, უშვა მელქამანცა ძეებ ნაქორს, ძმასა შენსა.
ამ ამბების შემდგომ მოხდა, რომ ემცნო აბრაამს: აჰა, მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისთვის, შენი ძმისათვის:
ოქს პირმშოჲ და კავქს, ძმაჲ მისი, და კამოელ მამაჲ ასურთაჲ.
ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, ამის ძმა, კემუელი, არამელთა მამა,
და ქაზათ და აზავ და ფალდას და ალაბ და ბათოელ.
ქესედი, აზო, ფალდასი, იდლაფი და ბეთუელი.
და ბათოელს ესუა რებეკა. რვანი ესე ძენი, რომელნი უსხნა მელქა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.
ბოლო ბეთუელს შეეძინა რებეკა. ეს რვანი უშვა მილქამ ნახორს, აბრაამის ძმას.
და ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რეჰმა, შვა მანცა, ბაეკ და ტაბეკ და ტოქოს და მუქან.
მისმა ხარჭამაც, სახელად რეუმამ, შვა ვაჟები: ტებანი, გახამი, თახაში და მაყაქა.
