დაბადება · თავი 13
ხოლო გამოვიდა აბრაამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველნი მისნი, და ლოთ მის თანა უდაბნოდ.
წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოტითურთ ნეგებისკენ.
და აბრაამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვრითა და ვეცხლითა და ოქროჲთა.
ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით.
და ვიდოდა, ვინაჲ მოვიდა უდაბნოდ, ვიდრე ბეთელამდე, ვიდრე ადგიდმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ საშუალ ბეთელსა და საშუალ ანგესა.
გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის,
ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა. მუნ აბრაამ სახელსა უფლისასა ღმრთისასა.
სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.
და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები.
ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები.
და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად.
ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქოადათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება.
და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას.
ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.
და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.
უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ.
არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით.
განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.
და აღმხუმელმან თუალთა თჳსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანა ეგჳპტისა, ვიდრე მოსლვადმდე ზოღორად.
გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.
და გამოირჩია ლოთ თავისა თჳსისად ყოველი სოფელი იორდანისაჲ. და წარიტრა ლოთ აღმოსავალით კერძო და განიყუნეს თითოეული ძმისაგან თჳსისა.
აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.
აბრაამ დაემკჳდრა ქუეყანასა ქანანისსა, და ლოთ დაემკჳდრა ქალაქსა გარემო სოფლებთასა და დაიკარვა სოდომთა.
აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
ხოლო კაცნი სოდომთანი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისაჲ.
ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად.
უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.
რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე.
მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ.
და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს.
ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი.
ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი.
და აღიკარვა აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს, და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა.
აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
