დაბადება · თავი 42

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ვითარცა იხილა იაკობ, რამეთუ არს სასყიდელი ეგჳპტეს, ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ.

გაიგო იაკობმა, რომ იშოვებოდა პური ეგვიპტეში და უთხრა იაკობმა თავის შვილებს: რას უყურებთ?

2

აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ.

უთხრა: აჰა, შევიტყვე, პური იშოვება თურმე ეგვიპტეში. ჩადით იქ და გვიყიდეთ პური, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ.

3

და შთავიდეს ძმანი იოსებისნი ათნი ეგჳპტედ სყიდად იფქლისა.

ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში.

4

ხოლო ბენიამენ, ძმაჲ იოსებისი, არა წარავლინა ძმათა მისთა თანა, რამეთუ თქუა: ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა.

ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს; თქვა: უბედურება არ შეემთხვესო.

5

მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტედ სყიდად მომავალთა თანა. ხოლო იყო სიყმილი ქუეყანასა-ცა ქანანისასა.

მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.

6

ხოლო იოსებ იყო მთავარ ქუეყანასა მას და ესე მიჰყიდდა ყოველსა ერსა ქუეყანისასა. და მოვიდეს ძმანი იოსებისნი და თაყუანის-სცეს მას პირსა ზედა ქუეყანისასა.

იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში; ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს.

7

და ვითარცა იხილა იოსებ ძმანი თჳსნი, იცნა იგინი და არა გამოეცხადა მათ, არამედ ეტყოდა ფიცხელად და ჰრქუა მათ: ვინა მოხუალთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქუეყანით ქანანისათ სყიდად საზრდელისა.

დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მიუგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად.

8

იცნა იოსებ ძმანი თჳსნი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.

იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.

9

მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან და ჰრქუა მათ: მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად.

გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა, და უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით.

10

ხოლო მათ ჰრქუეს: არა, უფალო, მონანი შენნი ვართ და მოვედით სყიდად საზრდელისა.

უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი.

11

ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან მსტოვრები შენი მორჩილნი.

12

ჰრქუა მათ იოსებ: არა, არამედ ალაგთა სოფლებისათა მოსრულ ხართ ხილვად.

უთხრა: არა, ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედითო.

13

ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტნი ვიყვენით ჩუენ ძმანი, მონანი შენნი, ქუეყანასა ქანანისსა. და ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს დღეს, ხოლო ერთი იგი არა არს ჩუენ შორის.

უთხრეს: თორმეტი ძმანი ვართ შენი მორჩილნი, ერთი მამის შვილები, ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი აღარა გვყავს.

14

ჰრქუა მათ იოსებ: ესე იგი არს, რომელსა გეტყოდე თქუენ, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

უთხრა იოსებმა: ასეა, როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ-მეთქი.

15

ამით საცნაურ იყვნეთ: უკუეთუ მშჳდობისანი ხართ, ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, არა განხჳდეთ ამიერ, ვიდრე არა მოვიდეს აქა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი.

უნდა გამოგცადოთ. ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, ვიდრე თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა.

16

წარავლინეთ ერთი თქუენგანი და მოიყუანეთ იგი აქა. ხოლო თქუენ გიპყრნე კრძალულად, ვიდრე განცხადნენ სიტყუანი თქუენნი, გინა თუ ჭეშმარიტ არიან, გინა არა. უკეთუ არა ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; დანარჩენები დატყვევებული იქნებით. მაშინ გაირკვევა თუ მართალს ამბობთ. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, მსტოვრები ხართ.

17

და შესხნა იგინი საპყრობილესა სამ დღე.

სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.

18

და მესამესა დღესა ჰრქუა მათ: ესე ჰყავთ და სცხოვნდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის.

უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე.

19

უკუეთუ ხართ მშჳდობისანი. ძმაჲ თქუენი ერთი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი

თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს.

20

და ძმა იგი თქუენი მოიყუანეთ ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი ეგე თქუენნი; უკეთუ არა, მოსწყდეთ. ხოლო მათ ჰრქუეს: ეგრე.

აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი. დათანხმდნენ.

21

და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისათჳს ჩუენისა, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა, რაჟამს-იგი გვევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳს მოიწია ჩუენ ზედა ყოველი ესე ჭირი.

უთხრეს ერთმანეთს: მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი.

22

მიუგო რუბენ და ჰრქუა მათ: არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების.

მიუგო მათ რეუბენმა და უთხრა: ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით-მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.

23

ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის იოსებს, რამეთუ თარგმანი დგას მათ შორის.

არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის.

24

მიიქცა გარე მათგან იოსებ და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე.

შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდა მათ და ელაპარაკა; გამოარჩია მათგან სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორკილი.

25

და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე. და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭელნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადისა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა და უყვეს მათ ეგრე.

ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ვაშკარანები, გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში ჩაედოთ და საგზალი მიეცათ. ასეც მოიქცნენ.

26

და აღჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს მიერ.

აჰკიდეს პური სახედრებს და წავიდნენ.

27

განჴსნა ერთმან ტჳრთსა, რათა-მცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა კრული იგი ვეცხლი თჳსი, რამეთუ იყვა ზედა კერძო ძაძასა მისსა

ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა, სახედრისთვის საკვები რომ დაეყარა, მოხსნა პირი ვაშკარანს და და დაინახა თავისი ვერცხლი: ვაშკარანის პირზე დევს იგი.

28

მიუგო და ჰრქუა ძმათა თჳსთა: კუალად მომეცა მე ვეცხლი ჩემი და, აჰა, იგი ვაშკარანსა ჩემსა არს. და განუკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ ღმერთმან?

უთხრა ძმებს: დაუბრუნებიათ ჩემი ვერცხლი. აჰა, ჩემს ვაშკარანში დევს. გულზე შემოეყარათ და შიშით უთხრეს ერთმანეთს: ეს რა გვიყო ღმერთმა?

29

და მოვიდეს იგინი იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანანისა, უთხრეს მათ ყოველი, რაჲცა შეემთხჳა და ეტყოდეს:

მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:

30

მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისა ფიცხლად და შემსხნა საპყრობილესა, ვითარცა მსტოვარნი ქუეყანისანი.

მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია.

31

ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: რამეთუ მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

ვუთხარით: პატიოსნები ვართ, მსტოვრები არა ვართ.

32

ათორმეტნი ვიყუენით ჩუენ ძენი ერთისა მამისანი, ერთი იგი არა შოვრის არს, ხოლო ერთი იგი უმრწამესი მამისა ჩუენისა თანა არს ქუეყანასა ქანანისსა.

თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები; ერთი აღარა გვყავს ცოცხალი; უმცროსი ახლა მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში.

33

და მრქუა ჩუენ კაცმან მან, უფალმან მის ქუეყანისამან: ამით ვცნა, რამეთუ მშჳდობისანი ხართ, ძმაჲ ერთი თქუენგანი აქა დაუტევეთ ჩემ თანა და სყიდულიცა იგი იფქლი, რომელი მიგიღებიეს, მიართჳთ ვანსა თქუენსა და წარვედით.

გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის პატრონმა: ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური თქვენიანებისთვის და წადით.

34

და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი მოიყუანეთ ჩემდა და ვცნა, რამეთუ არა მსტოვარნი ხართ, არამედ მშჳდობისანი, მიგცე ძმაჲ ესე თქუენი და ქუეყანასა ამას იქცეოდეთ და ვაჭრობდეთ.

მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ მსტოვრები არა ხართ, რომ პატიოსანი ხალხი ხართ. მოგცემთ თქვენს ძმას და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას.

35

და იყო, ვითარცა წარმოაცალიერებდეს ძაძათა მათთა, იპოვა შეკრული ვეცხლი კაცად-კაცადისა ძაძასა თჳსსა. და ვითარცა იხილეს შეკრულები იგი ვეცხლი მათი და შეეშინათ.

როცა გადმოაცარიელეს თავ-თავიანთი ვაშკარანები, თითოეულს თავისი ვერცხლით სავსე ტომსიკა აღმოაჩნდა ვაშკარანში. დაინახეს თავიანთი ვერცხლი მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ.

36

და ჰრქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს, სჳმეონ არა არს და ბენიამენ-ღა მიმიღოთ, ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი.

უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: შვილები წამართვით! იოსები აღარ მყავს, სიმონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ. ყველაფერი მე დამატყდა თავს!

37

მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.

ასე უთხრა რეუბენმა მამამისს: ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ.

38

ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ გზასა ზედა, რომელსა მიხუალთ და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად.

უთხრა იაკობმა: ჩემს შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ. გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!