დაბადება · თავი 25

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყუანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტურა.

კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა.

2

და უშვა მას ზემბრან და იეკტან და მანადან და მადიამ, იესბოკამ და სუვიე.

უშვა ქალმა ზიმრანი, იაქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი.

3

და იეკტან შვა სამან და თემან და დედან. და ძენი დედანისნი იყუნეს: რაგველ და ნაბდიელ და სურინ და ლატუსინ და ლომიმ.

იაკშანს შეეძინა შება და დედანი; დედანის შვილები იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.

4

და ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ და ენოქ და აბიდრა და სერგამაჲ. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტურაჲსნი.

მადიანის შვილები: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაღა. ყველა ესენი კეტურას შვილები არიან.

5

და მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები ისაკს, ძესა თჳსსა.

მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი.

6

და ძეთა მათ ხარჭთა მისთასა სცა საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსლვად ქუეყანად აღმოსავალთასა.

ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს, და გაუშვა აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მხარეში.

7

ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რაოდენ ცხოვნდა ასსამეოცდაათხუთმეტ წელ.

აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც იცოცხლა, იყო ას სამოცდათხუთმეტი წელი.

8

და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა სავსე და შეეძინა ერსა თჳსსა.

აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.

9

და დაფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა მისთა, ქუაბსა მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა საარისსა ქეტელისასა, რომელ არს წინაშე მამბრესსა.

დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა, მახფელას გამოქვაბულში, ხეთელი ყეფრონ ცონარის ძისეულ მინდორზე, მამრეს გასწვრივ,

10

აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი.

იმ მინდორზე, რომელიც აბრაამმა შეისყიდა ხეთელებისგან. იქ მარხიან აბრაამი და მისი ცოლი სარა.

11

და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძე მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა.

აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისაკი, მისი შვილი. დასახლდა ისაკი ბერ-ლახაი-როის მახლობლად.

12

და ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელ უშვა აგარ მეგჳპტელმან, მჴევალმან აბრაჰამს.

ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა.

13

და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთა მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთასა: პირმშოჲ ისმაელისი-ნაბეოთ და კედარ და აბდიელ, მასმან.

ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,

14

და მასონ და იდუმა და მასე.

მიშმაყი, დუმა და მასსა,

15

და ქოლდადად და თემან, და ესტურ და ნაფეს და კედნაჲ.

ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა.

16

ესე არიან ძენი ისმაელისნი ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და ეზოთა შინა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი.

ესენი არიან ისმაელის ძენი, ეს არის მათი სახელები მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი ბელადია თავ-თავისი ტომისა.

17

და ესე არიან წელნი დღეთა ცხორებისა ისმაელისანი: ასოცდაჩჳდმეტ წელ. და მოკლებით მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა.

ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.

18

და დაეშენა ევლათიდგან ვიდრე სურდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსულადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაემკჳდრა.

სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.

19

და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ.

აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი.

20

და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად

ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და.

21

და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა

ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.

22

და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.

ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.

23

და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.

უთხრა უფალმა: ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემორჩილება.

24

და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.

მოაწია მშობიარობის ჟამმა და, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.

25

და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ.

გამოვიდა პირველი - სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი; და დაარქვეს მას სახელად ესავი.

26

და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა

მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და დაარქვეს მას სახელად იაკობი. სამოცი წლისა იყო ისაკი მათი შობისას.

27

აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.

წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები.

28

უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.

უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი; ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.

29

შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი.

მოამზადა იაკობმა შეჭამადი და ესავიც დაბრუნდა ველიდან დაღლილი.

30

და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ.

უთხრა ესავმა იაკობს: შემახვრეპინე წითელი, ეგ წითელი, რადგან დაღლილი ვარ. ამიტომაც ეწოდა სახელად ედომი (წითური).

31

და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი.

უთხრა იაკობმა: ახლავე მომყიდე შენი პირმშოება.

32

ჰრქუა მას ესავ: აჰა ესერა, მე მივახ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე?

თქვა ესავმა: სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოება.

33

ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.

უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოება.

34

ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისა. ჭამა და სუა, აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი.

მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება.