დაბადება · თავი 17
ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაჲ. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალოჲ.
ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.
და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.
დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.
და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:
პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:
და აჰა, აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა.
ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები!
და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.
აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.
და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად და დაგდვა შენ ნათესავად, და მეფენი შენგან გამოვიდენ.
დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.
და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ.
დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.
მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ.
მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.
და თქუა უფალმან აბრაჰამის მიმართ ხოლო შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა.
უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე.
და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე,
ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა, ჩემსა და თქვენს შორის და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე; წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.
წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა.
დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.
და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა, სახლისწულმან და ვერცხლით ფრდილმან ყოვლისაგან ძისა უცხოჲსა, რომელ არს თესლისაგან შენისა, წინა-დაცვეთით წინა-დაიცვითოს სახლისწულმან სახლისა შენისამან ღა ვერცხლით ფრდილმან.
რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ-ტომის არ არის.
და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ.
წინადაიცვითოს შენს სახლში დაბადებულმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა; იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცში სამარადისო აღთქმად.
და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.
წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.
და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.
უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი.
ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.
ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.
და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა და თქუა გონებასა თჳსსა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას ძე და სარრა ოთხმეოცაათისა წლისამან შუეს.
პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?
და თქუა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ: ისმაილ ესე ცხოვნდინ წინაშე შენსა.
უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.
და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.
უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის.
ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.
ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამთავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.
ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა.
მაგრამ აღთქმას ისაკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად, ამ დღეის სწორს.
დაასრულა მეტყუელმან მისსა მიმართ და ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან.
შეწყვიტა ლაპარაკი და განეშორა ღმერთი აბრაამს.
და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან.
ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ჰყავდა ნაყიდი, ყველა მამაკაცს, აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას.
ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა.
ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრაამი, როცა დაიცვითა ჩუჩა.
ხოლო ისმაილ, ძე მისი, ათცამეტის წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა წინადაუცვეთელებაჲ ჴორცისა მისისაჲ.
მისი ვაჟი ისმაელი ცამეტი წლის იყო, როცა დაიცვითა ჩუჩა.
ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან.
ერთ დღეს დაიცვითეს აბრაამმა და მისმა ვაჟმა ისმაელმა.
და ყოველთა კაცთა სახლისა მისისათა და სახლის ნაშვთა და ვეცხლით ფრდილთა უცხოთესლთაგან ნათესავთა წინა-დასცჳთა მათ.
მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა, დაიცვითეს მასთან ერთად.
