გამოსვლა · თავი 9

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე შენ, შევედ ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ: გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა გამოვიდენ უდაბნოდ და მმსახურონ მე.

უთხრა უფალმა მოსეს: წადი ფარაონთან და ელაპარაკე. ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ.

2

უკუეთუ არა გინდეს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა, მერმეცა იპყრობდე მას,

თუ უარს იტყვი მათ გაშვებაზე და კიდევ დააკავებ,

3

აჰა ეგერა, ჴელი უფლისა იყოს ყოველსა ზედა საცხოვარსა შენსა ველისასა და ყოველთა ზედა ჰუნეთა შენთა და ყოველსა ზედა კარაულებსა შენსა და აქლემებსა შენსა და ზედა ზროხასა და ცხოვარსა შენსა სიკუდილი სასტიკი და ფრიადი.

დაჰკრავს უფლის ხელი შენს საქონელს, მინდვრად რომ გყავს - ცხენებს, სახედრებს, აქლემებს, ცხვარ-ძროხას. გაჩნდება საშინელი ჭირი.

4

და ვისაკვირველო მე მას ჟამსა შინა ქუეყანა იგი ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა, რათა საცხოვრისა მათისაგანი არა მოკუდეს არცაღა ერთი და საცხოვრისა მისგან ეგჳპტელთასა არა დაშთეს არცაღა თუ ერთ.

გამოარჩევს უფალი ისრაელიანთა საქონელს ეგვიპტელთა საქონელისაგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელიანებს.

5

და დრო-უყო ღმერთმან და თქუა: ხვალისა დღესა ყოს ღმერთმან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა ზედა.

დანიშნა დრო უფალმა და თქვა: ხვალ აღასრულებს ამ საქმეს უფალი ქვეყანაში.

6

და ხვალისაგან ყო უფალმან სიტყუაჲ იგი და მოიწია სიკუდილი ყოველსა ზედა პირუტყუსა ეგჳპტელთასა და პირუტყუთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა არა განეჴუა არცაღა ერთ.

აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და გაწყდა ეგვიპტელთა საქონელი, ხოლო ისრაელიანთა საქონელში არც ერთი სული არ დაღუპულა.

7

იხილა რაჲ ფარაო, რამეთუ საცხოვათა მათგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არა განეჴუა არცაღა ერთი, განიფიცხა გული თჳსი და არა გამოუტევა ერი იგი.

გაგზავნა ამბის გასაგებად ფარაონმა და, აჰა, არც ერთი სული არ იყო დაღუპული ისრაელის საქონელში. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.

8

და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: აღიღეთ თქუენ და აღივსენით ჴელნი თქუენნი ნაცრითა თორნისათა და აღაფქურიეთ ცად აღმართ წინაშე ფარაოსა, წინაშე ყოვლისა მის ერისა მისისა.

უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ.

9

და იყოს მტუერი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და აღმოესხას ყოველსა კაცსა და ყოველსა საცხოვარსა ფაქლი გამომტკუფოლვარე გამოსხმით ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.

10

და მოიღეს ნაცარი იგი თორნისაჲ და აღაცცა მოსე ზეცად წინაშე ფარაოსა და იწყო გამოსხმად ფაქლმან და აღდუღებად ნატკუფოლავსა მას ზედა კაცსა და პირუტყუსა.

აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები.

11

და ვერღარა დაუდგებოდეს გრძნეულნი იგი წინაშე მოსესა ფაქლისა მისთჳს, რომელი-იგი გამოსხმულ იყო მათ ზედა, რამეთუ ეგრე სასტაკად გამოესხმოდა პირველად გრძნეულთა მათ და მერმეღა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

ვერაფერს გახდნენ გრძნეულები მოსესთან, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებსაც და მთელს ეგვიპტეს.

12

და განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი და არა ერჩდა მათ, ვითარცა-იგი უბრძანებდა უფალი.

გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.

13

და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე შენ ცისკარსა წინაშე ფარაოჲსა და არქუ ესრე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთა: გამოუტევე ერი ჩემი და მმსახურონ მე ამას ჟამსა.

უთხრა უფალმა მოსეს: ადექი დილაადრიანად, წარუდექი ფარაონს და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.

14

და მე მიუტეო ყოველი შესამთხუეველი, რაჲ-იგი შეგემთხჳოს გულსა შენსა და გულსა მონათა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა, რათა უწყოდით, რამეთუ არა ვინ არს სხუა ჩემებრ ყოველსა ზედა ქუეყანასა.

თორემ ამჯერად ყოველგვარ სენს შევყრი შენს გულს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს, რათა გეცოდინოთ, რომ არავინ არის ჩემი სწორი მთელს ქვეყანაზე.

15

რამეთუ აწ მივყო ჴელი ჩემი და გგუემო შენ გუემითა მრავლითა და ერი ეგე შენი მოვსრა სიკუდილითა და აღგჴოცო შენ ქუეყანისაგან.

აი, ახლავე მოვიღერებდი ხელს და მოგსპობდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს, და წარიხოცებოდით ამ ქვეყნიდან.

16

რამეთუ ამისთჳს დაგმარხე შენ მოაქამდე, რათა შენ ზედა ვაჩუენო ძლიერებაჲ ჩემი, რათა მიეთხრას სახელი ესე ჩემი ყოველსა ქუეყანასა.

მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას.

17

აწ უკუე შენ იპყრობვეღა ერსა მაგას ჩემსა და არა გამოუტევებ მაგათ.

აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ.

18

აჰა ეგერა, ვაწვიმებ მე ამას ჟამსა ხვალე სეტყუასა ფრიად სასტიკსა, რომელ ეგევითარი არასადა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ჟამითგან დაბადებისა მისისათ მოაქამომდე.

აჰა, ჩამოვყრი ხვალ ამ დროს მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსი არ უნახავს ეგვიპტის ქვეყანას მისი დაფუძნებიდან დღემდე.

19

აწ უკვე სწრაფით უბრძანე შემოკრებად საცხოვრისა, რომელ-იგი იყოს ველსა გარე, რამეთუ ყოველი კაცი და პირუტყჳ, რომელ იპოოს ველსა და არა შევიდეს სახიდ, დაეცემოდის მას ზედა სეტყუაჲ იგი და მოსპოლვიდეს მას.

ახლა მიხედე შენს საქონელს და ყველაფერს, რაც მინდვრადა გყავს; ყოველი კაცი და პირუტყვი, რაც კი გარეთ დარჩება და ჭერს არ შეეფარება, დაისეტყვება და მოისპობა.

20

და ყოველთა, რომელთა შეეშინა სიტყჳსა მისგან უფლისა მონათა მისთაგან ფარაოსთა, შემოკრიბეს საცხოვარი იგი მათი სახლებსა და განერა.

ვინც შეუშინდა ფარაონის მორჩილთაგან უფლის სიტყვას, ჭერქვეშ შეაფარა თავისი ყმები და საქონელი.

21

და რომელთა-იგი არა მიხედეს სიტყუასა მას უფლისასა, დაუტევეს ველსა გარე და მოისრა.

ხოლო ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, მინდორში დატოვა თავისი ყმები და საქონელი.

22

და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღყავ ჴელი ეგე შენი ზეცად და მოჴდეს სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ზედა კაცთა, საცხოვართა და ყოველსა ზედა თივასა, რომელ არს ველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ მოიღერე ხელი და დაისეტყვება მთელი ეგვიპტე, კაცი, პირუტყვი და მინდვრის ბალახი ეგვიპტის ქვეყანაში.

23

აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ცად და უფალმან მოსცა ჴმაჲ ზეცით გარდამო და იყო ქუხილი და მოჴდა სეტყუაჲ იგი სასტიკი და რბიოდა ნაბერწყალები ზედა ქუეყანასა მას. და აწჳმა უფალმან სეტყუაჲ იგი სასტიკი ყოველსა მას ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

ცისკენ მოიღერა მოსემ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლმა დაუარა დედამიწას და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.

24

და სეტყუდა სეტყუაჲ იგი და შესტუსვიდა ცეცხლი შორის სეტყუასა მას და იყო სეტყუაჲ იგი სასტიკ ფრიად, რომელ არა ოდეს ყოფილ იყო ეგევითარი დასაბამითგან ჟამთა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში, ძალზე მაგარი იყო სეტყვა, მისი მსგავსი არ მოსულა ეგვიპტის ქვეყანაში, რაც იქ ხალხი სახლობს.

25

და გუემა სეტყუამან ყოველი იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მათ კაცითგან მიპირუტყუთადმდე. და ყოველი თივაჲ ველისა მოსპო სეტყუამან მან და ყოველი ხე ველისაჲ შემუსრა.

ყველაფერი გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის ქვეყნად, რაც კი გარეთ დარჩა, კაციდან პირუტყვამდე; მინდვრის მთელი ბალახი გაანადგურა სეტყვამ და მინდორში მდგარი ყველა ხე დალეწა.

26

გარნა ქუეყანასა მას ხოლო გესემისასა, სადა-იგი იყუნეს ძენი ისრაჱლისანი, არა იყო სეტყუაჲ იგი.

მხოლოდ გოშენის მხარე არ დასეტყვილა, სადაც ისრაელიანები ცხოვრობდნენ.

27

მიავლინა ფარაო და მოუწოდა მაოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: აწ შეცოდებულ ვარ მე ამიერითგან, რამეთუ უფალი მართალ არს, მე და ერი ჩემი ცრუ ვართ.

დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: ახლა კი ვხედავ, რომ შემიცოდავს; მართალია უფალი - დავაშავეთ მე და ჩემმა ხალხმა.

28

ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა და დასცხრეს ჴმაჲ ესე სეტყჳსა და ცეცხლისაჲ და ნაბერწყალი ესე და განგავლინნე თქუენ, რათა მერმე არღარა დაჰყუდნეთ.

შეევედრეთ უფალს, შეწყდეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ; მეტს აღარ დაყოვნდებით.

29

ჰრქუა მას მოსე: აწ ვითარცა განვიდე ქალაქსა ამას, განვიპყრნე ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა. და ჴმაჲ ეგე ქუხილისა მაგის დაყუდნეს და სეტყუაჲ ეგე დასცხრეს და დადგეს წჳმაჲ ეგე, რათა უწყოდი, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ.

უთხრა მოსემ: როგორც კი გავალთ ქალაქიდან, ხელს გავიწვდი უფლისკენ და შეწყდება გრგვინვა და გადიღებს სეტყვაც, ვინძლო მიხვდე, რომ უფლისაა ეს ქვეყანა.

30

არამედ შენ და ერი ეგე შენი, ესოდენ უწყი, ვითარმედ არღა გეშინის უფლისა.

მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მორჩილნი.

31

რამეთუ სელი იგი და ქრთილი იგუემა, რამეთუ ქრთილი იგი გოდლოოდა ოდენღა და სელი თესლოოდა.

განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ათავთავებული იყო და სელი ყვაოდა.

32

ხოლო იფქლი იგი და ასლი არა იგუემა, რამეთუ მცხუედ იყო.

ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან საგვიანო იყო.

33

და გამოვიდა მოსე ფარაოჲსაგან ქალაქსა მას, აღიპყრა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ და ქუხილნი იგი და ელვანი, წჳმაჲ იგი და სეტყუაჲ დასცხრეს და არღარა დასწუთა ნაწუეთი ერთი ქუეყანასა ზედა.

გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქის გარეთ და გაიწოდა ხელი უფლისაკენ. შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და წვიმის წვეთიც აღარ დაცემულა მიწაზე.

34

იხილა რაჲ ფარაო. რამეთუ დასცხრეს წჳმანი იგი და სეტყუაჲ და დაყუდნეს ჴმანი იგი ქუხილისანი მის, შე-ვეღა-სძინა შეცოდებაჲ.

დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, გრგვინვაც და სეტყვაც, და კვლავ შესცოდა. გაიქვავეს გული მან და მისმა მორჩილებმა.

35

და განიფიცხა გული მისი და გული ერისა მისისა და არღარა განუტევნა ძენი ისრაჱლისანი. ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელიანები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.