გამოსვლა · თავი 38

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ქმნა საკურთხეველი იგი რვალისაჲ (საცეცხურთა მათგან რვალისათა, რომელნი იყვნეს კაცთა მათ მის მკრებელთაჲ კრებულისა მის კორესისა) ძელთაგან ულპოლველთა, ხუთ წყრთა- სიგრძე მისი და ხუთ წყრთა - სივრცე მისი ოთხკუთხედად და სამ წყრთა - სიმაღლე მისი.

გააკეთა ურთხელისგან აღსავლენის სამსხვერპლო, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, ოთხკუთხედი, სიმაღლით სამი წყრთა.

2

და ქმნა რქანი მისნი ოთხთა მათ კიდეთა მისთასა, დასაწყისითვე მისით იყვნეს რქანი მისნი და შემოსნა იგინი რვალითა.

გაუკეთა რქები ოთხსავე კუთხეში - მისგანვე გამოდიოდა რქები - და სპილენძით მოჭედა.

3

ამან ქმნა ყოველივე იგი სასანოვაგე ჭურჭელი საკურთხეველისაჲ, ხარისხი მისი და საცეცხური მისი, ფიალები მისი და ფუცხები მისი რვალისაჲ.

დაამზადა სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეუობა: ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები, ჩანგლები და მაშები; მთელი მისი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთა.

4

ამან ქმნა გარემოსადგმელი იგი საკურთხეველისაჲ, ქმნული კანკლედად ქვეშე საცეცხურისა მის ქვემორე ვიდრე საშუალამდე მისა.

დაუყენა სამსხვერპლოს ცხაური, სპილენძისა, დის მაგვარი, ქვემოდან მის ნახევრამდე.

5

და განასხნა მას ოთხნი გრკალნი რვალისანი ოთხთა მათ კიდეთა გარემოსადგმელისა მის საკურთხეველისათა რვალისანი.

ჩამოასხა ოთხი რგოლი სპილენძის ცხაურის ოთხივე კუთხისთვის კეტების გასაყრელად.

6

და ქმნა სალხინებელი ძელთაგან ულპოლველთასა და შემოსა იგი რვალთათა.

ურთხელისგან გააკეთა კეტები და სპილენძით მოჭედა.

7

და შეაცვნეს გრკალნი ტაბლისა მის კერძო აღსაღებელად ტაბლისა, მათ მიერ ყოვლითურთ ფიცრითა შეძერწული, და ქმნა შინაგანი მისი ცალიერ.

გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს გვერდებზე, რომ მისი ტარება შეძლებოდათ. ღრუ გააკეთა იგი, ფიცრებისგან.

8

ამან ქმნა საბანელი იგი რვალისაჲ და ხარისხი მისი რვალი სარკეთა მათგან მმარხველთა დედათაჲსა, რომელნი იმარხვიდეს წინაშე კართა მის კარვისა საწამებელისათა დღესა მას, რომელსა აღმართა კარავი იგი.

გააკეთა სპილენძის საბანელი სპილენძისავე კვარცხლბეკითურთ, დედაკაცთა სარკეებისგან, რომლებიც მოჰქონდათ მათ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

9

და ჰქმენი ეზოჲ იგი სამხრით კერძო და წალაები იგი მისი ზეზისაგან ძახილისა, ას წყრთა - სიგრძე, ასი - სივრცე.

მოაწყო ეზო; სამხრეთის მხარეს ეზოს ფარდები გრეხილი სელისგან იყო - ასი წყრთა.

10

სუეტები მათი - ოც და ხარისხები მათი - ოც რვალისაჲ, გარემოჲს სუეტები და სუეტების თავი - ვეცხლისა.

მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისგან, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან.

11

და გვერდი იგი ბღუარით კერძო და გარემოჲს სუეტის თავნი შეძერწულ ვეცხლითა.

ჩრდილოეთ მხარეს ასი წყრთა ფარდა; მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა.

12

და გვერდი იგი ზღუდით კერძო, ეზოები - ერგასის წყრთა, სუეტები მათი - ათ და ხარისხები მათი - ათ და გარემოჲს სუეტთა და სუეტის თავნი - შეძერწულ ვეცხლითა.

დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა; მისი ათი სვეტი და ათი ფეხი; სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან.

13

და გვერდი იგი - აღმოსავალით კერძო ერგასის წყრთა, ეზოჲ წარმოსატევებელ.

აღმოსავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა.

14

ათხუთმეტ წყრთა სამხრით კერძოჲსა, სუეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ.

თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთ ფრთაზე; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ.

15

და ზურგით კერძოჲსა მას მეორესა ამიერ და იმიერ ბრჭისა მისებრვე ეზოჲსა, ეზოები ათხუთმეტ წყრთით და სვეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ.

მეორე ფრთისათვის, ეზოს კარის ორსავე მხარეს, აქეთ და იქით თხუთმეტი წყრთა ფარდა; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ.

16

და ყოველი იგი ეზოჲსა მის კარვისა გარემოს ზეზსაგან ძახილისა.

ეზოს ყველა ფარდა მისი ირგვლივ გრეხილი სელისა იყო.

17

და ხარისხები სუეტებისა მის რვალისაჲ, და იდაყუნი მათნი ვეცხლისანი, და სუეტის თავნი მათნი - შემოსილნი ვეცხლითა და სუეტნი მისნი - შემოსილ ვეცხლითა.

სვეტების ფეხები სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა, თავები ვერცხლით მოჭედილი, ეზოს ყველა სვეტი ვერცხლის სამაგრებით იყო დამაგრებული.

18

ყოველივე სვეტები ეზოჲსა მის და დასახურველი ბჭისა მის ეზოჲსაჲ - ქმნული ჭრელებულად იაკინთისაგან და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ოც წყრთა - სიგრძე და სივრცე - ათხუთმეტ წყრთა, სწორედ ეზოებისა მის წარმოსატევებელისა ეზოჲსა დიდისა.

ეზოს კარის ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქარგებიანი ქსოვილისა და გრეხილი სელისა იყო - სიგრძით ოცი წყრთა, სიმაღლით ხუთი წყრთა მთელს სიგანეზე ეზოს ფარდების შესაბამისად.

19

და სუეტები მათი ოთხ და ხარისხები მათი ოთხ, რვალისა, და იდაყუები იგი მათი ვეცხლისა და სვეტის თავნი შემოსილი ვეცხლითა.

მისი ოთხი სვეტი ოთხი ფეხითურთ სპილენძისა, ვერცხლის კაუჭები, თავები ვერცხლით მოჭედილი და ვერცხლის სამაგრები.

20

და ყოველი სუეტები კარვისა გარემოჲს რვალისა.

სავანისა და ეზოს ირგვლივ ყველა პალო სპილენძისა იყო.

21

და ესე არს ბრძანებისა განწესებაჲ კარვისა მის საწამებელისაჲ, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოსცა მოსეს მსახურებისა მის ყოფაჲ ლევიტელთა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდლისაჲთა,

აჰა, სავანის, მოწმობის სავანის ანგარიში, რომელიც ნაანგარიშევი იყო მოსეს ბრძანებით - ლევიანთა მთელი სამუშაო ითამარ აარონის ძის, მღვდლის, ხელმძღვანელობით.

22

ბესელიელ, ძემან ურისმან, ტომისაგან იუდაჲსმან, ქმნა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

ბეცალიელმა ძემ სურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან, გააკეთა ყველაფერი, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

23

და ელიაბ, ძე აქისმაქისი, ტომისაგან დანისა, რომელი ხუროთმოძღურებდა ქსოვილსა მას, და ნემსულსა და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა და ზეზსა.

მასთან ერთად ოჰოლიაბ ახისამაქის ძემ, დანის შტოდან, ხარატმა, მქსოველმა და მქარგველმა ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისა და სელისა.

24

ყოველი ოქროჲ, რომელი შეემსახურა საქმესა მას ყოვლისა მისებრ საქმისა წმიდათასა, იყო ოქროჲ მის შესაწირავისაჲ ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას და ოცდაათ სიკილა სიკილითა მით წმიდითა.

მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყველა საქმეზე, მთელი შემოწირული ოქრო ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას ოცდაათი შეკელი იყო, საღვთო შეკელით.

25

და ვეცხლი შეწირული აღრაცხილთა მათგან კაცთა კრებულისათა (ასი ქანქარი და ათას შვიდას და სამეოცდაათხუთმეტ სიკილა დიდრაჰქმაჲ ერთი, თავად-თავად ნაზოგალი სიკილისაჲ, სიკილითა მით წმიდითა), ყოველი, რომელი წარმოვიდოდა ახილვასა მას, ოცის წლითგან და უზეშთაესი ექუსასი ბევრისა სამ ათას ხუთას ერგასის.

ხოლო ვერცხლი მთელი საზოგადოებისა, რაც დათვლილი იყო, შეადგენდა ას ქანქარს და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტ შეკელს საღვთო შეკელით.

26

და იყო ასი იგი ქანქარი ვეცხლისაჲ გამოსადნობელად და სხმით სუეტის თავებად კარვისა მის და სუეტის თავად კრეტსაბმელისა და ასი სუეტის თავები ასისა მის ქანქარისაჲ.

თითოეულისგან ერთი ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი საღვთო შეკელით, ყველასგან, ვინც კი აღრიცხული იყო ოცი წლიდან ზემოთ, სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაცისგან.

27

ქანქარი ას და ერთი იყო სუეტის თავი ერთი.

ასი ქანქარი ვერცხლი მოხმარდა საწმიდრის ფეხების და ფარდის ფეხების ჩამოსხმას; ასი ფეხი ასი ქანქარისგან, თითო ქანქარი თითო ფეხისთვის.

28

და ათას შვიდას სამეოცდაათხუთმეტი სიკილაჲ ქმნეს იდაყვებად სუეტებისა მის, და ოქროცხებულ სუეტის თავები იგი შეემკო.

ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი ვერცხლისგან გააკეთა სვეტების კაუჭები, მოუჭედა თავები და სამაგრები გაუკეთა.

29

და რვალი იგი შესაწირავისაჲ სამეოცდაათი ქანქარი იგი და ორ ათას ოთხასი სიკილაჲ.

შემოწირული სპილენძი იყო სულ სამოცდაათი ქანქარი და ორიათას ოთხასი შეკელი.

30

ქმნა მისგან ხარისხები იგი ბჭეთა მათ კარვისა მის საწამებელისათა ტაბლა პილენძისა ღა მარჯუენით კერძო ტაბლისა მის პილენძისა და ყოველივე ტაბლა და ხარისხნი გარეგან კრეტსაბმელისად.

გააკეთა მისგან ფეხები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისავე ცხაურითურთ და სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეული.

31

და ხარისხები ბჭეთა მის ეზოჲსთა და ყოველი მანაებად კარვისა მის და მანაებად ეზოსა მის გარემოჲს და მოსადგმელი იგი იაკინთისა და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა.

ფეხები ეზოს ირგვლივ სვეტებისთვის და ეზოს კარის ფეხები, სავანის ყველა პალო და ეზოს ირგვლივ ყველა პალო.