გამოსვლა · თავი 32

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, შეკრბა ერი იგი აჰრონის ზედა და ჰრქვეს მას: აღდეგ და მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.

დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.

2

და ჰრქუა მათ აჰრონ: გამოუღეთ საყურები ოქროჲსა ყურთაგან ცოლთა თქუენთა და ასულთაგან თქუენთა და მომართვით აქა.

უთხრა მათ აარონმა: დახსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და აქ მომიტანეთ.

3

და გამოიჴადა ყოველმან ერმან საყურები ოქროჲსა ყურთაგან მათთა და მოართვეს აჰრონს.

დაიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები ყურებიდან და მიუტანა აარონს.

4

და მოიღო იგი ჴელთაგან მათთა და გამოუქმნა იგი გამოწერით და შექმნა ჴბო გამოდნობილად დასხმით. და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაილ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით.

გამოართვა აარონმა, საჭრეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.

5

და იხილა აჰრონ და უშენა საკურთხეველი წინაშე მისა და ქადაგი განავლინა მათა აჰრონ და ჰრქუა: დღესასწაული არს უფლისაჲ ხვალე.

ეს რომ დაინახა აარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ. გამოაცხადა აარონმა და თქვა: საუფლო დღესასწაულია ხვალ!

6

და აღიმსთო ხვალისაგან და შეწირა მსხვერპლები. და მოიღო შესაწირავი ცხორებისა და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.

მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ და შესწირეს აღსავლენი და მიიტანეს სამადლობელი მსხვერპლი. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს.

7

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: გარდაგვალე ადრე ამიერ, რამეთუ უშჯულო იქმნა ერი შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით.

უთხრა უფალმა მოსეს: ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე.

8

და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან რომელი ამცენ მათ, იქმნეს თავისა მათისა ჴბოჲ გამოდნობილი და თაყუანის-სცეს მას და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელმან აღმოგიყუანა შენ ქუეყანით ეგჳპტით.

მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.

9

და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიხილე ერი იგი, აჰა, ერი ქედფიცხელი არს.

უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი.

10

და აწ მიტევე მე და განვრისხნე გულისწყრომითა დიდითა. და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად.

ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო.

11

და ევედრა მოსე უფალსა ღმერთსა და ჰრქუა: რაჲსათჳს განრისხნები ერსა შენსა ზედა გულისწყრომითა შენითა, რომელი აღმოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა?

ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით.

12

ნუუკუე თქუან მეგჳპტელთა მათ, ვითარმედ ზაკჳთ განიყვანა იგინი ღმერთმან მოწყვედად მთათა ზედა და აჴოცად მათა ქუეყანით, დასცხერ რისხჳსაგან გულისწყრომისა შენისა და ლხინება-ყავ უკეთურებისა მისთჳს ერისა შენისა.

რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან.

13

მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მსახურთა შენთა, რომელთა-იგი ეფუცა თავისა შენისა, ეტყოდე და ჰრქჳ: ფრიად განვამრავლო ნათესავი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა და ყოველი ესე ქუეყანაჲ, რომელ სთქუ, მიცემად ნათესავსა მათსა, და დაიპყრან იგი უკუნისამდე.

გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი, რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონო.

14

და ლხინებაჲ-ყო ბოროტისა მისთჳს ერისა, რომელ თქუა ყოფად მათდა.

გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს.

15

მოიქცა მოსე და გარდამოვიდოდა მიერ მთით და ორნი იგი ფიცარნი წამებისანი ჴელთა მისთა, ფიცარნი ქვისანი, რომელნი წერილ იყო ორკერძოვე (იმიერ და ამიერ).

პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო.

16

ფიცარნი იგი ქნულნი ღმრთისანი იყვნეს და წერილი იგი იყო წერილი ღმრთისაჲ გამოდგმულ ფიცართა მათ.

ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი.

17

და ესმა ისოს, ძესა ნავესასა, ჴმაჲ იგი ერისა მის და ჰრქუა მოსეს: ჴმაჲ ბრძოლისა მესმის ბანაკსა მას.

მოესმა იესოს ხალხის ხმაური და უთხრა მოსეს: საომარი ყიჟინაა ბანაკში.

18

და ჰრქუა: არა არს ჴმაჲ ესე მთავართაგან ძლევისა, არამედ ჴმაჲ განცხრომისა.

თქვა მოსემ: ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც დამარცხების ზარი, არამედ სიმღერის ხმები მესმის.

19

და ვითარცა მოეახლა ბანაკსა მას, იხილა ჴბოჲ იგი და მწყობრი და განრისხნა მოსე გულისწყრომითა და განუტევა ჴელთაგან თჳსთა ორნი იგი ფიცარნი და შემუსრნა იგინი მთასა მას ქუეშე.

როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას.

20

და ჴბოჲ იგი, რომელ ქმნეს, დაწვა იგი ცეცხლითა, დამუსრნა წვლილად და შთააბნია იგი წყალსა და ასვა იგი ძეთა ისრაჱლისათა.

აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა.

21

და ჰრქუა მოსე აჰრონს: რაჲ გიყო ერმან ამან, რამეთუ მოაწიე მათ ზედა ცოდვაჲ დიდი.

უთხრა მოსემ აარონს: რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე.

22

და ჰრქუა აჰრონ მოსეს: ნუ განრისხნები, უფალო, რამეთუ შენ უწყი სლვა ერისა ამის.

უთხრა აარონმა: რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.

23

რამეთუ მრქუეს მე: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინამიძღოდიან ჩუენ. რამეთუ მოსე, კაცი იგი, რომელმან გამომიყვნა ჩუენ ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.

მითხრეს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც მიგვიძღოდნენ წინ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ მოსეს, კაცს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.

24

და ვარქუ მათ: ვის აქუს ოქროჲ, გამოიღენ. და მომცეს მე და შევაბნიე ცეცხლსა და გამოჰჴდა ჴბო ესე.

მე ვკითხე: ვისა გაქვთ ოქრო? მათაც მოიხსნეს და მე ჩამაბარეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა.

25

და ვითარცა იხილა მოსე ერი, რამეთუ განქარდეს და რამეთუ განაქარვა იგინი აჰრონ მოსაცხრომელად მტერთა მათთა.

დაინახა მოსემ, რომ გახელებული იყო ეს ხალხი, რომ გაახელა იგი აარონმა მისი მტრებისგან ყბადასაღებად.

26

დადგა მოსე ბჭეთა თანა ბანაკისათა და თქუა: ვინ არს უფლისა კერძო, მოვედინ ჩემდა. და შეკრბეს მისა ყოველნი ძენი ლევისანი.

ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა, ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები.

27

და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: შეიბ კაცად-კაცადმან მახჳლი წელთა მისთა და განვლეთ და მოაქციეთ ბჭით ბჭედ ბანაკისა მაგისაგან და მოკალნ კაცად-კაცადმან ძმა თჳსი და კაცად-კაცადმან მოყუასი თჳსი და კაცად-კაცადმან მახლობელი თჳსი.

უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.

28

და ყვეს ძეთა ლევისათა, ვითარცა ეტყოდა მათ მოსე და დაეცნეს მას დღესა შინა ოცდასამი ათასი კაცი.

მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.

29

და ჰრქუა მათ მოსე: აღასრულეთ ჴელითა თქუენითა დღეს უფლისა მიმართ კაცად-კაცადმან ძესა თჳსსა ზედა და ძმასა მოცემად თქუენდა კურთხევისა.

თქვა მოსემ: აივსეთ ხელი დღეს უფლისათვის, რადგან კაცი თავისი ძითა და ძმით არის, რათა კურთხევა გადმოვიდეს დღეს თქვენზე.

30

და იყო ხვალისაგან და ჰრქუა მოსე ერსა მას: თქვენ სცოდეთ ცოდვა დიდი და აწ აღვიდე მე ღმრთისა, რათა გილხინოს ცოდვათა თქუენთათჳს.

მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო ვაპატიებინო თქვენთვის ეს ცოდვა.

31

მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: გევედრები, უფალო, ცოდა ერმან ამან ცოდვა დიდი და იქმნეს თავისა თჳსისა კერპნი ოქროჲსანი და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ.

დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა.

32

უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე.

ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.

33

და ჰრქუა უფალმან მოსეს: რომელმან ცოდა, აღვჴოცე იგი წიგნისაგან ჩემისა.

უთხრა უფალმა მოსეს: ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.

34

ხოლო აწ ვიდოდე და წარუძეღუ ერსა მაგას ადგილსა მას, რომელსა გარქუ შენ. აჰა ესერა, ანგელოზი ჩემი წარგიძღვეს წინაშე პირსა შენსა, რომელსა დღესა მოვხედო, მოვჴადო მათ ზედა ცოდვა მათი.

ახლა წადი და წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. განკითხვის დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს.

35

და მოვსრა მე უფალმან ერისა მისგან ჴბოჲსა მის საქმისათჳს, რომელი-იგი ქმნა აჰრონ.

დასაჯა ხალხი უფალმა იმის გამო, რომ გააკეთეს ხბო, რომელიც აარონმა გააკეთა.