გამოსვლა · თავი 8
ჰრქუა უფალმან მოსეს: შევედ ფარაოსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე.
და უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა თაყვანი მცენ.
უკუეთუ არა ინებო გამოვლინება, აჰა ეგერა, ვგუემნე ყოველნი საზღუარნი შენნი მყუარითა.
თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელს შენს ქვეყანას.
და გამოსცეს მდინარემან მყუარი და აღმოჴდეს და შევიდეს სახლთა შენთა და საუნჯეთა სასუენებელთა შენთასა და ცხედართა შენთა და სახლთა მსახურთა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა და საპურესა შენსა და თორნეთა შენთა.
გომბეშოები აფუთფუთდებიან ნილოსში, ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საძილე ოთახს, შენს საწოლს, შენს მორჩილთა სახლებს, შენს ხალხს, შენს თონეებსა და შენს ვარცლებს.
და შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ერსა შენსა ზედა აღმოჴდეს მყუარნი.
შემოგახტებათ გომბეშოები თავად შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მორჩილს.
ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ ჴელითა შენითა კუერთხი ეგე მდინარესა მაგას ზედა და ჴევნებსა და წყურნებსა დ აღმოიყვანე მყუარი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.
უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს: მოუღერე კვერთხიანი ხელი მდინარეებს, ნაკადულებს და ჭაობებს და ამოასხი გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.
და განირთხა აჰრონ ჴელი თჳსი წყალთა მათ ზედა ეგჳპტისათა და აღმოიყუანა მყვარი. და აღმოვიდა მყვარი და დაფარა ქუეყანა ეგჳპტისა.
მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა.
ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა და აღმოავლინნეს მყვარი ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა.
იგივე მოიმოქმედეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით: ამოასხეს გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰქუა მათ: ლოცვა-ყავთ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ თქუენისა, რათა განმაყენოს ჩემგან მყუარი ესე და ერისა ამის ჩემისგან და განვავლინო ერი ესე. რათა მივიდენ და ჰმსახურონ უფალსა ღმერთსა.
იხმო ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: შეევედრეთ უფალს, რომ მოგვაცილოს გომბეშოები მე და ჩემს ხალხს. მაშინ გავუშვებ თქვენს ხალხსაც და შესწირონ მსხვერპლი უფალს.
და ჰრქუა მოსე ფარაოს: დრო-მეც, ოდეს ვილოცო შენთჳს და ერისა მაგის შენისათჳს და მსახურთა შენთათჳს, და მოისპოს მყუარი ესე შენგან და ერისა მაგის შენისაგან და ტაძრებისა მაგისგან თქუენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.
უთხრა მოსემ ფარაონს: მიბრძანე, როდის შევევედრო შენთვის და შენს მორჩილთათვის, შენი ხალხისთვის, რომ მოგაშოროს გომბეშოები შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ ნილოსში დარჩნენ?
და ჰრქუა ფარაო: ხვალისა. და ჰრქუა მოსე: აჰა, ვითარცა სთქუ, რათა უწყოდე, ვითარმედ არა არს სხუა ღმერთი უფლისა გარეშე.
უთხრა: ხვალ. უთხრა მოსემ: შენი სიტყვისამებრ იყოს! რათა იცოდე, რომ ვერავინ შეედრება ჩვენს უფალ ღმერთს.
და მოაკლდეს მყუარები ეგე შენგან და ტაძრებისა მაგის შენისაგან და ეზოებისა შენისაგან და მსახურთა მაგათ შენთაგან და სოფლებისა შენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.
მოგცილდებიან გომბეშოები შენ და შენს სახლებს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს; მხოლოდ ნილოსში დარჩებიან.
და გამოვიდეს მოსე და აჰრონ პირისაგან ფარაოჲსა და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა განქარვებისათჳს მის მყუარისა, ვითარცა-იგი დრო-იღეს მათ ფარაოსგან.
გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეჰღაღადა უფალს მოსემ გომბეშოების გამო, ფარაონისთვის რომ ჰყავდა მისეული.
უბრძანა უფალმან, ვითარცა-იგი ჰრქუა მოსე და მოსწყდა მყუარი იგი ტაძრებისა მისგან და არეთაგან მათთა და ეზოებისა მისგან.
აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში.
და შეკრიბეს მყუარი იგი ყოველი ზჳნად და დალპა ყოველი იგი ქუეყანა.
გროვებად დაყარეს და აქოთდა ქვეყანა.
იხილა რაჲ იგი ფარაო, რამეთუ განქარდა მყუარი იგი სოფლებისაგან მისისა, მერმე გან-ვე-იფიცხა გული თჳსი და არა ისმინა მან ბრძანებაჲ იგი ღმრთისაჲ.
დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული: არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ შენ აჰრონს, რათა განირთხას ჴელი თჳსი და აღირთხას კუერთხი იგი მისი და სცეს სიზრქესა ქუეყანისასა. და გამოჴდეს მიერ მუმლი, დაეცეს ზედა კაცსა და საცხოვარსა ერთბამად ყოველსა ქუეყნასა ეგჳპტისასა.
უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, მოიღერე კვერთხი და დაჰკარი მიწას და მუმლი მოედება მთელს ეგვიპტეს.
აღირთხა აჰრონ ჴელითა თჳსითა კუერთხი იგი და სცა სიზრქესა მას ქუეყანისასა, დაჰკრბა მუმლი კაცსა და საცხოვარსა. და ყოველივე ნაპრალი მის ქუეყანისა აღივსო მუმლითა მით.
ასეც მოიქცა: მოიღერა აარონმა კვერთხიანი ხელი და დაჰკრა მიწას, და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყვს, მთელი მიწა მუმლად იქცა ეგვიპტის ქვეყანაში.
ყვიანღა თუ გრძნეულთა მათ მისნობითა მით მათითა გამოყვანებაჲ მუმლისა, განა-ვერ-ვე-აძლიან და განმრავლდა მუმლი იგი ზედა კაცსა და საცხოვარსა.
იხმარეს თავიანთი ჯადოსნობა გრძნეულებმა, რომ გამოედევნათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს, და ეხვია მუმლი მიწას და პირუტყვს.
ღაღად-ყვეს გრძნეულთა მათ და ქურუმთა წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს: თითი ღმრთისაჲ არს ეგე. და განუფიცხნა გული ფარაოსი და არავე ისმინა, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან.
უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის ხელია! გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ შეისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე განთიად და წარდეგ შენ წინაშე ფარაოჲსა და მუნთქუესვე გამოვიდოდეს იგი წყლის კიდედ, ჰრქუა შენ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მოვიდენ და მმსახურონ მე.
უთხრა უფალმა მოსეს: წადი დილაადრიანად და წარუდექი ფარაონს, როცა წყალზე ჩამოვა; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ თაყვანი მცეს.
უკუეთუ არა ინებო გამოვლინება ერისა ჩემისა, აჰა ეგერა, მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ზედა ერსა შენსა და ყოველსა ზედა სახლებსა თქუენსა ძაღლის მწერი. და აღივსოს ძაღლის მწერითა ყოველივე სახლები ეგჳპტელთა და ქუეყანასა მას, რომელსა იყვნენ იგინი მას ზედა.
თუ არ გაგიშვია ჩემი ხალხი, ბუზანკალს მოგისევ შენ და შენს მსახურებს, შენს ხალხს, შენს სახლებს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და ის მიწაც, სადაც ისინი არიან.
და საკჳრველ-ვყო ქუეყანაჲ იგი გესემი მას დღესა შინა, რომელსა-იგი ერი ჩემი დაშენებულ არს მუნ, რამეთუ მუნ არა იყოს ძაღლის მწერი იგი, რათა ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისა.
გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ შეაღწიოს იქ ბუზანკალმა, ვინძლო დარწმუნდე, რომ ქვეყნის შუაგულში ვარ მე, უფალი.
და დავდვა სარიდებელი შორის ერსა ჩემსა და შორის ერსა შენსა. და ხვალე იყოს სასწაული ესე ქუეყანასა მაგას ზედა.
გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისგან. ხვალ მოხდება ეს სასწაული.
და ყო უფალმან ღმერთმან ეგრე და მოუჴდა ძაღლის მწერი ძლიერი ტაძრებსა მას ფარაოსასა და ყოველსა სახლებსა ერისა მისისასა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა. და მოისრა ყოველი ქუეყანა ძაღლის მწერითა მით.
ასეც გააკეთა უფალმა. შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს, მის მორჩილთა სახლებს, მთელ ეგვიპტის ქვეყანას. იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალისგან.
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: მივედით ქუეყანასა მასვე და შეწირეთ მსხუერპლი თქუენი უფლისა ღმრთისა თქუენისა.
უხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ჩემს ქვეყანაში.
და ჰრქუა მოსე: ვერ ეგების ეგე, ვითარმცა წიდოვანებითა მით ეგჳპტელთათა შევიწრეთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ შევწიროთ ჩუენ საძაგელებითა ამით მეგჳპტელთათა, ვამსხვერპლოთ წინაშე, ქჳთა განვიტჳნნეთ.
უთხრა მოსემ: ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. ხომ ჩაგვქოლეს, თუ შევწირეთ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ!
არამედ წარვიდეთ ჩუენ გზასა სამ დღისა სავალსა უდაბნოდ და მუნ შევწიროთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა მიბრძანა ჩუენ უფალმან.
სამი დღის სავალზე გავალთ უდაბნოში და იქ შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს.
და თქუა ფარაო: მე განგიტევნე თქუენ უდაბნოდ, გარნა შორად ხოლო ნუვე ხუალთ, არამედ აწ მივედით და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ.
უთხრა ფარაონმა: გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს უდაბნოში, ოღონდ შორს ნუ წახვალთ. ილოცეთ ჩემთვის.
ჰრქუა მოსე: მისლვად შევიდე და ვილოცო შენთჳს ღმრთისა მიმართ, რათა განგეყაროს შენგან ძაღლის მწერი ეგე, მონათა შენთა და ერსა შენსა ხვალევე. ხოლო მერმე ნუ განჰფიცხნე და არა გამოუტეო ერი ეგე მსხუერპლისა შეწირვად უფლისა.
უთხრა მოსემ: აჰა, გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რომ ხვალვე მოაშოროს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს. ოღონდ აღარ მოიტყუოს ფარაონმა და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად.
გამოვიდა მოსე ფარაოსგან და ილოცვიდა უფლისა მიმართ.
გავიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს.
და ყო უფალმან, ვითარცა იგი ჰრქუა მას მოსე, და მოუსპო ძაღლის მწერი იგი ფარაოსგან და მონათა მისთა და ერისა მისისაგან და არა დაშთა არცაღა ერთ.
შეიწყნარა უფალმა მოსეს ვედრება და მოაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მორჩილთ და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა.
მერმეცა გან-ვე-იფიცხა ფარაო გული თჳსი და მას ჟამსაცა არავე ისმინა, არცა ინება გამოვლინებაჲ ერისაჲ მის.
გაისასტიკა გული ფარაონმა ამჯერადაც და არ გაუშვა ხალხი.
