გამოსვლა · თავი 35
და შეკრიბა მოსე ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: ესე სიტყუანი არიან, რომელნი თქუა უფალმან ყოფად მათდა.
შეკრიბა მოსემ ისრაელიანთა მთელი საზოგადოება და უთხრა: აი, რისი გაკეთება ბრძანა უფალმა:
ექუს დღე იქმოდეთ საქმესა, ხოლო დღესა მის მეშჳდესა განისუენო, წმიდა არს ესე შაბათი ესე განსუენებაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, სიკუდილითა მოკუედინ.
ექვს დღეს აკეთეთ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის - უფლის განსვენების შაბათი. ყველა, ვინც კი საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოკვდება.
არა აღაგზნეთ ცეცხლი ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა დღესა შაბათსა, რამეთუ მე ვარ უფალი.
ცეცხლს ნუ დაანთებთ თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს.
ეტყოდა მოსე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და თქუა: ესე სიტყუა არს, რომელი გიბრძანა უფალმან და თქუა:
ასე უთხრა მოსემ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: ეს არის, რაც მიბრძანა უფალმა თქვენთვის სათქმელად:
მოიღეთ თქუენ თავისა თქუენისა შესაწირავად უფლისა. ყოველმან, რომელმან დაიჯეროს გულითა, მოიღოს ნაყოფად პირველად უფლისა ოქროჲ, ვეცხლი და რვალი.
გაიღეთ ძღვენი უფლისათვის; ყველამ თავისი გულუხვობით მიიტანოს საუფლო ძღვენი - ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
ვიაკინთი, და ძოწეული და მეწამული რჩეული, და ზეზი შესთული და თმა თხათა.
ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილი, სელი და თხისური,
და ტყავი ვერძთა ტარსიკონი, და ტყავი ცისხეული, და ძელი ულპოლველი.
დათრიმლული ტყავები, თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები,
და ზეთი სანთებელი, და საკუმეველები იგი ზავებული, და ნელსაცხებელი რჩეული.
ზეთი გასანათებლად, სურნელებანი მირონისთვის და საკმევლისთვის,
და ქვაჲ სარდიონი, და ანთრაკი გამოქანდაკებულად საჴმართა მათ დასაწველთა.
ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
და ყოველივე ბრძენი გონებით თქუენ შორის მოვედინ და იქმოდენ ყოველსავე მას რომელი ბრძანა უფალმან,
ყოველი გულბრძენი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა:
საქმედ კარავსა მას, და სტოაებსა, და სახურველებსა, და სამაგდარებსა, და მოქლონებსა, და სუეტებსა, და ხარისხთა.
სავანე და მისი კარავი გადასახურავითურთ, მისი კაუჭები და კოჭები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები,
და კიდობანსა მას საწამებელისასა და აღსაღებელთა მას მისთა. და სალხინებელსა, და კრეტსაბმელსა და განსაბმელსა მას ეზოსასა, და სუეტთა მათ მისთა, და ქვათა მათ ზმარაგდოთა საკმეველთა, და ზეთთა მათ ცხებისათა,
კიდობანი და მისი კეტები, სახურავი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
და ტაბლასა მას, და ყოველსავე ჭურჭელსა მისსა, და საგრილებელთა ტაბლისათა, და საკუმეველსა მას შეზავებულსა, და აღსაღებელსა მას, და ყოველსა ჭურჭელსა მისსა, და პურსა პირისა.
ტაბლა და მისი კეტები, მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პურები,
სასანთლესა სანთლისასა ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და სასანთლესა, და ზეთსა ნათლისასა.
სასანთლე გასანათებლად, მისი მოწყობილობა და ლამპრები, და ზეთი გასანათებლად,
და ტაბლასა საკუმეველისა, და საგრილებთა მისთა, და ზეთსა საცხებელისა, და საკუმეველსა შეზავებულსა და კრეტსაბმელთა ბჭისა კარვისათა,
სასაკმევლე სამსხვერპლო და მისი კეტები, მირონი და სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი ფარდა სავანის შესასვლელისთვის,
და ტაბლასა საკუერთხთასა, და ლანძვსა რვალისასა და საგრილობელსა მისსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და საბანებელთა, და ხარისხთა მისთა,
სამსხვერპლო აღსავლენი მსხვერპლისათვის და მისი სპილენძის ცხაური, მისი კეტები და მისი მოწყობილობა, საბანელი და მისი კვარცხლბეკი,
და სტოვაებსა, და კრეტსაბმელთა, და სვეტთა მისთა და ხარისხთა მისთა,
ეზოს ფარდები თავისი სვეტებითა და კვარცხლბეკებითურთ, და ეზოს კარიბჭის ფარდა.
და კრეტსაბმელსა კარისა მის ეზოჲსასა, და მანაებსა მას ეზოჲსასა,
სავანის პალოები, ეზოს პალოები მათი ბაგირებითურთ,
სამოსელსა მას წმიდასა აჰრონ მღდლისასა, და სამოსელსა მას, რომელი მსახურებენ სიწმიდესა მას შინა, და სამოსელსა მას ძეთა აჰრონისთასა სამღდელოსა.
შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და შესამოსელი მისი შვილებისთვის მღვდლობის გასაწევად.
და გამოვიდა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა მოსესგან.
გავიდა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსესაგან.
და მოიღებდეს კაცად-კაცადი, რომელი უნდა გულსა მათსა, და რომელი ჯერ-უჩნდა სულსა მათსა, მოიღებდენ შესაწირავად უფლისა ყოველსავე საქმესა კარვისა მის საწამებელისასა, ყოველსავე მას საქმარსა მისსა და ყოველსავე
მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად, მისი ყოველი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისთვის.
სამოსელსა წმიდასა.
მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები, გულუხვობით მიჰქონდათ დასამშვენებელი რგოლები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ყოველგვარი ოქროს ნივთი; თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის.
მოიღეს ქმართა ცოლთაგან მათთა ყოველივე, რომელსა ჯერ-უჩნდეს გონებასა თჳსსა, მოაქუნდა ბეჭედი, და საყურები, და გრკალები, და საცხინველები, და სალტეები და ყოველივე ჭურჭელი ოქროჲსა და ყოველსა მოაქუნდა ოქროჲ შესაწირავად უფლისა.
ყველას მოჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ლურჯი, ძოწეული, ჭიაფერის ნართი და ბისონი, თხისური, წითლად შეღებილი ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები;
და ყოველსა, რომელსა თანა იპოვა მეწამული და ვაკინთი და ზეზი ვანად თჳსად, მოაქუნდა ბალანი თხათა, და ტყავები მეწამული და ტყავები ცისხეული ტარსიკონი.
ყველას, ვისაც კი სურდა ვერცხლისა და სპილენძის ძღვნად მიტანა, მოჰქონდა ძღვნად უფლისათვის; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა ურთხელის ძელები რაიმე საქმისათვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
და მოიღეს ყოველი, რომელი შესწირვიდა შესაწირავსა ოქროჲსა და ვეცხლისა, და ყოველი მოაქუნდათ შესაწირავად უფლისა, და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ძელი ულპოლველი, მოაქუნდა ყოვლისა მისთჳს საქმისა მომზადებად.
ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ლურჯი, მეწამული და ჭიაფერის ნართი და ბისონი.
და ყოველი დედაკაცი ბრძენი გონებითა ჴელითა სთვიდა და მოაქუნდა სთული მყიე, და ძოწეული და მეწამული, და ზეზი და ყოველსა დედაკაცსა, რომელსა ჯერ-უჩნდა გონებათა მათთა, სიბრძნით სთჳდეს თმასა თხისასა.
ყველა დედაკაცი, ვისაც კი გული უწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს.
და მთავარნი იგი მამანი მოიღებდეს თვალთა პატიოსანთა: ანთრაკსა, ზამარაგდესა და ბივრილსა, და იაკინთსა ნივთად ვაკასისა მის.
თავკაცებს მიჰქონდათ ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები,
და საკითხავისა შემზადებად და ზეთსა მას ცხებისასა და შემზადებასა მას საკუმეველთასა.
ნელსურნელება, ზეთი გასანათებლად, მირონისთვის და სურნელოვანი საკმევლისათვის.
და ყოველი მამაკაცი და დედაკაცი, რომელთა მოუვიდოდა გონებითა მათითა, შევიდოდეს საქმედ ყოველსავე მას საქმესა, რომელი ბრძანა უფალმან საქმედ მოსეს მიერ. მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა შესაწირავი უფლისა.
კაცსა თუ ქალს, ვისაც კი თავისი გულუხვიბით სურდა მოეტანა ძღვენი ყოველი საქმისთვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მიჰქონდათ უფლისთვის.
და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა: აჰა ესერა, უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა.
უთხრა მოსემ ისრაელიანებს: უყურეთ, უფალმა მოუხმო სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან.
და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა.
აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით,
ყოველსავე ზედა ხუროთმოძღურებად საქმედ ოქროჲსა და ვეცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას.
რათა შეასრულოს ჩანაფიქრი, დაამუშაოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოვვლსა საქმესა სიბრძნისასა და წინაწარ განზრახვად მოსცა მას.
გამოთალოს თვლები მოსაოჭავად და გამოახარატოს ხე, შექმნას ხელოვნური ნივთნი.
და ელიაბს, ძესა მას აქის მაქისისასა, ტომისაგან დაანისსა.
გულში ჩაუდო სხვათა დამოძღვრის უნარი, მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის შტოდან.
და აღავსნა იგინი სიბრძნისა და განზრახვისა და გულისხმის-ყოფად და საქმედ ქსოვასა, და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძღურებისა.
აუვსო გული სიბრძნით, რომ აკეთონ ხარატის მქსოველის ყოველგვარი საქმე, ქარგონ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილზე და ბისონზე, აკეთონ მქსოველის, ყოველგვარი ხელოვანის საქმე.
