გამოსვლა · თავი 31

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

ასე უთხრა უფალმა მოსეს:

2

აჰა ეგერა, მიწოდებიეს სახელით ბესელიელ, ძე ურისი, რომელი-იგი არს ოვრაი ტომისაგან იუდასი.

აჰა, მოვუწოდე სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან,

3

და აღვავსო იგი სულითა საღმრთოჲთა, სიბრძნითა და მეცნიერებითა, ყოვლითა საქმითა.

და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,

4

განზრახვად და ხუროთმოძღვრებად საქმედ ოქროჲსა მის და ვეცხლისა და რვალისა.

რომ შეეძლოს ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის დამუშავება,

5

და იაკინთისა და ძოწეულისა, და მეწამულისა მის სთულისა და ზეზისა მის ძახილისა სამსახურებელისა მის, და საქმისა მისა ძელით ხუროობისა საქმედ, ყოვლისავე საქმისაებრ.

მოსაოჭველი თვლების გათლა, ხის კვეთა ხელოვნურ ნივთთა დასამზადებლად.

6

და მე მივსცე მას ელიაბ, ძე აქისამაქისი, ტომისაგან დაანისა და ყოველსა გულისხმის-მყოფელსა გულითა მივეც მეცნიერებაჲ, და ქმნენ ყოველი, რომელი გიბრძანე შენ.

აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე.

7

კარავი იგი საწამებელისაჲ და კიდობანი იგი შჯულისა და სალხინებელი მას ზედა და შესამზადებელი იგი კარვისაჲ.

სადღესასწაულო კარავი, მოწმობის კიდობანი სახურავითურთ და კარვის ყოველი ჭურჭელი,

8

საკურთხეველები და ტაბლა და ყოველი ჭურჭელი მისი, და სასანთლენი წმიდაჲ და ყოველნი ჭურჭელნი მისნი და საკურთხეველი საკუმეველთა.

ტაბლა და მისი ჭურჭელი, წმიდა ლამპარი და ყველა მისი ჭურჭელი, საკმევლის სამსხვერპლო,

9

და საკურთხეველი შესაწირავთა და ყოველი ჭურჭელი მისი და საბანელი და ხარისხი მისი.

აღსავლენის სამსხვერპლო და ყველა მისი ჭურჭელი საბანელი თავისი კვარცხლბეკითურთ,

10

და შესამოსელი ქვესამსახურებელი სიწმიდისანი და სამოსელნი იგი, სამსახურებელნი აჰრონისი და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელოდ ჩემდა.

საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი,

11

და ზეთი იგი ცხებულებისა და საკუმეველი იგი შეზავებული სიწმიდისა მსგავსად ყოვლისა, რომელი გიბრძანე შენ, ქმნენ ყოველთაებრ, რომელთა მე გამცნებდ შენ ქმნად.

მირონი და სურნელოვანი საკმეველი საწმიდარისთვის - ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც მე გიბრძანე.

12

და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი:

ასე უთხრა უფალმა მოსეს:

13

შენ ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ეკრძალენით და შაბათი ჩემი დაიმარხენით, რამეთუ იგი სასწაული ჩემდამო და თქუენ შორის და ნათესავთა თქვენთა, რათა სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან განგწმიდენ თქუენ.

ასე გამოუცხადე ისრაელიანებს: დაიცავით ჩემი შაბათები, რადგან ეს იქნება ნიშანი ჩვენს შორის თაობიდან თაობაში იმის საცოდნელად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი.

14

დაიმარხეთ შაბათი ჩემი, რამეთუ წმიდაჲ არს უფლისა მიერ თქუენ შორის, რომელმან შეაგინოს იგი, სიკუდილითა მოკუდეს და ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, მოისპოს სული იგი შორის ერისა მის.

დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს; შაბათობით მოსაქმე უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

15

ექუს დღე იქმოდე საქმესა შენსა, ხოლო დღე იგი მეშჳდე განსუენება არს, წმიდაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას დღესა, სიკუდილითა მოკუედინ.

ექვს დღეს აკეთონ საქმე, მეშვიდე დღეს საუქმო შაბათია, უფლისათვის წმიდა. ყველა, ვინც კი შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უნდა მოკვდეს.

16

და დაიმარხედ ძეთა ისრაჱლისათა შაბათისა მის. ყოფად მისა ნათესავთა მათ შორის სჯულად საუკუნოდ.

დაიცვან ისრაელიანებმა შაბათი, რათა უქმობდნენ შაბათს თაობიდან თაობაში. სამარადისოა ეს აღთქმა;

17

შორის ჩემსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა სასწაული არს ჩემ წინაშე საუკუნო, რამეთუ ექუსთა დღეთა ქმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და დღესა მეშჳდესა დააცადა.

ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელანებს შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.

18

და მოსცა უფალმან მოსეს, რაჟამს დასცხრა სიტყუად მისა მთასა მას ზედა სინასა, ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა.

მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.