გამოსვლა · თავი 7
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აჰა ეგერა, მიგეც შენ ღმერთად ფარაოს, და აჰრონ, ძმაჲ შენი, იყოს შენდა წინაწარმეტყუელ.
უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება.
შენ ეტყოდი მას ყოველსავე, რაოდენსა გამცნებდე შენ და აჰრონ, ძმაჲ შენი, ეტყოდის ფარაოს, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
შენ იტყვი ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო შენი ძმა აარონი ფარაონს ეტყვის, რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან.
ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოსი და განვამრავლნე სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.
გულს გავუსასტიკებ ფარაონს, გავამრავლებ ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყნად.
და არა ისმინოს თქუენი ფარაო და მივყო ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანო ძალითა ჩემითა ერი ჩემი, ძენი ისრაჱლისანი, ქუეყანით ეგჳპტით შურისგებითა დიდითა.
არ მოგისმენთ ფარაონი; მაშინ ხელს მოვუჭერ ეგვიპტეს და დიდი სასჯელების ძალით გამოვიყვან ჩემს კრებულს, ჩემს ერს, ისრაელიანებს ეგვიპტის ქვეყნიდან.
და ცნან ყოველთავე ეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან მივყავ ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი შორის მათსა.
გაიგებს ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა მოვუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან იქიდან ისრაელიანებს.
და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო მათ უფალმან, ეგრეცა ყვეს.
ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი; როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ.
მოსე იყო ოთხმეოცის წლის, ხოლო აჰრონ - ოთხმეოცდასამის წლის, რაჟამს-იგი ეტყოდეს ფარაოს.
ოთხმოცი წლის იყო მოსე და ოთხმოცდასამი წლისა აარონი, როცა ლაპარაკი დაუწყეს ფარაონს.
და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს მეტყუელი,
უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
და ჰრქუა: უკუეთუ გეტყოდის თქუენ ფარაო და გრქუას: ყავთ სასწაული, ანუ ნიში უფლისა მიერ, შენ ჰრქუა აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე და მიაგდე ქუეყანასა წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და იქმნეს ვეშაპ.
თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო, უთხარი აარონს: აიღე შენი კვერთხი და წინ დაუგდე ფარაონს! გველად იქცევა კვერთხი.
და შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. და მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნა იგი ვეშაპ.
მივიდნენ ფარაონთან მოსე და აარონი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. წინ დაუგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონს და მის მსახურებს, და იქცა გველად.
მოუწოდა ფარაო ბრძენთა ეგჳპტისათა და გრძნეულთა და ყვეს გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა ეგრევე.
უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს. და მათაც, ეგვიპტის გრძნეულებმა, თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს.
და მიაგდო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი და იქმნა იგი ვეშაპებ. და შთანთქა კუერთხმან მან აჰრონისმან კუერთხები იგი მათი.
მოისროლეს თავ-თავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად. მაგრამ შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
და განიმტკიცა გული თჳსი ფარაო და არა ისმინა მათი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ უფალი.
გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
ჰრქუა უფალმან მოსეს: დამძიმებულ არს გული ფარაოსი არა გამოვლინებად ერისა.
უთხრა უფალმა მოსეს: გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
მივედ ფარაოჲსა ხვალე. აჰა ეგერა, იგი გამოვალს მდინარესა მას წყალთასა და შეემთხჳე მას მდინარის კიდესა მას. და კუერთხი იგი, რომელ გარდაიქცა გუელად, მოიღე ჴელითა შენითა.
წადი დილით ფარაონთან; წყალზე გამოვა და შენც დახვდი ნილოსის პირას. კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.
და არქუ მას: უფალმან ღმერთამან ებრაელთამან მომავლინა მე შენდა და თქუა: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა. და, აჰა ეგერა, არა ისმინე აქამომდე.
უთხარი: უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, გამომგზავნა-თქო შენთან; გეუბნება, გაუშვი ჩემი ხალხი, რომ უდაბნოში თაყვანი მცენ. აჰა, ყურს არ მიგდებდი აქამდე.
ამას იტყჳს უფალი: ამით ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი: აჰა ესერა, მე ვსცე კუერთხით ამით, რომელ არს ჴელსა ჩემსა, წყალსა ამას მდინარისასა და გარდაიქცეს სისხლად.
ასე თქვა უფალმა: ამით მიხვდები, რომ უფალი ვარ: აჰა, ამ კვრთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა.
და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდენ და დაყროლდეს მდინარე იგი და ვერ ეძლოს ეგჳპტელთა მათ სუმად წყალი მდინარისა მისგან.
გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს.
ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე შენი და განირთხ წყალთა ზედა ეგჳპტისათა და მდინარეთა ზედა მათთა და გამოსადინელსა წყალთა მათთასა. და იყუნენ სისხლ. და იყოს სისხლ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა ხეთა და ქვათა.
უთხრა უფალმა მოსეს: ასე უთხარი აარონს, აიღეთქო შენი კვერთხი და მოუღერე ხელი ეგვიპტის წყალს. მდინარეზე და ნაკადულებზე, ჭაობებზე და წყალთა ყოველ შესაკრებელზე, და იქცევიან სისხლად, სისხლი ჩადგება-თქო მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, ხეში თუ ქვაში.
და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან და განიპყრა აჰრონ კუერთხი იგი მისი და სცა წყალსა მას მდინარისა წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა. და გარდაიქცეს ყოველნი წყალნი მდინარისანი სისხლად.
ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფლისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონისა და მისი მსახურების თვალწინ, და იქცა სისხლად ნილოსის წყალი.
და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდეს და დაყროლდა მდინარე იგი და ვერ ეძლო ეგჳპტელთა მათ წყალი იგი მდინარისა მის სუმად. და იყო სისხლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა და განიფიცხა გული ფარაო და არა ინება გამოვლინებად ერი იგი, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ უფალმან.
იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
მიიქცა ფარაო და შევიდა სახიდ თჳსად და არა დააყოვნა გონებაჲ თჳსი არცა ამას ზედა.
პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.
თხარეს ყოველთა ეგჳპტელთა გარემო მდინარესა მას, რათამცა სუეს წყალი და ვერ ეძლო წყალი სუმად მდინარისა მისგან. და აღესრულნეს შჳდ დღენი შემდგომად გუემისა მის მდინარისა მისგან უფლისა მიერ.
იწყეს თხრა ეგვიპტელებმა ნილოსის გასწვრივ, სასმელი წყალი რომ ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ ნილოსის წყალს.
შვიდმა დღემ განვლო მას მერე, რაც უფალმა დაჰკრა ნილოსს.
