გამოსვლა · თავი 5

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ამისა შემდგომად შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.

მერე მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში.

2

და ჰრქუა ფარაო: ვინ არს იგი, რათა ვისმინო ჴმისა მისისა, ვითარმედ განუტევნე ძენი ისრაჱლისანი? არა ვიცი უფალი, არცა განუტეო ისრაჱლი.

უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.

3

და ჰრქუეს მას: ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდი გზასა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა მსხუერპლი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუუკუე შემემთხჳოს ჩუენ სიკუდილი, გინა მახჳლი.

უთხრეს: ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით.

4

ჰრქუა მათ მეფემან ეგჳპტისამან: რაჲსათჳს თქუენ, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა საქმისაგან მათისა? წარვედით კაცად-კაცადი თქუენი საქმესა თჳსსა.

უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: რატომ აცდენთ, მოსე და აარონ, ხალხს საქმეს? წადით, შეუდექით თქვენს სამუშაოს.

5

და თქუა ფარაო: აჰა ესერა, აწ განმრავლებულ არს ერი ესე ქუეყანისა, არღარა შეუნდოთ მათ საქმისა მისგან.

კვლავ უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: მრავალრიცხოვანია ახლა ეს ხალხი, თქვენ კი გინდათ, მოაცდინოთ სამუშაოს.

6

და უბრძანა ფარაო მას დღესა შინა საქმის მაწუეველთა მათ ერისათა და მწიგნობართა და ჰრქუა:

უბრძანა იმავე დღეს ფარაონმა ხალხის ზედამხედველებსა და თავდგმურებს და უთხრა:

7

ნუღარა შესძინებთ ცემად ბზესა ალიზისა საქმედ რად, ვითარცა გუშინ და ძოღან, იგინი წარვიდედ და შეიკრიბედ თავისა თჳსისა ბზე.

აღარ მისცეთ ხალხს ბზე ალიზის მოსაზელად, როგორც გუშინ და გუშინწინ აძლევდით. წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე.

8

და ბრძანებული იგი ალიზი, რომელსა იქმან დღითი-დღედ იგივე დასდევით მათ, ნუმცა რას დააკლებენ, რამეთუ სცალს და ამისთჳს ღაღადებენ და იტყჳან: განვიდეთ და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

ხოლო აგურების რაოდენობა, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ აკეთებდნენ, იმდენივე დაუწესეთ, არ მოუკლოთ, რადგან ზარმაცები არიან და ამიტომაც გაჰყვირიან, წავალთ, ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო!

9

დაუმძიმდინ საქმე კაცთა ამათ და მას ზრუნვიდენ და ნუ ზრუნვედ სიტყუასა ცუდსა.

გაუძნელდება შრომა მაგ ხალხს, საზრუნავი გაუჩნდება და ვეღარ მიუგდებს ყურს მაცთუნებელ სიტყვებს.

10

ასწრაფდეს მათ საქმის მწუეველნი იგი ერისანი და მწიგნობარნი იგი და ეტყოდეს ერსა: ამას იტყჳს ფარაო, არარა გცემ თქუენ ბზესა.

გავიდნენ ხალხის ზედამხედველები და თავდგმურები და გამოუცხადეს ხალხს: ასე თქვა ფარაონმა, აღარ მოგცემთო ბზეს,

11

წარვედით თქუენ და შეკრიბეთ ბზე, სადაცა ჰპოოთ და არარაჲ დააკლოთ თქუენ დაწესებულსა მას არცაღა ერთ.

წადით და თავად მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით. მოკლებით კი არაფერი მოაკლდება თქვენს სამუშაოს.

12

და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ.

მოეფინა ხალხი მთელს ეგვიპტის ქვეყანას, რომ ბზის სანაცვლოდ ნამჯა შეეგროვებინათ.

13

ხოლო საქმის მწვეველნი იგი ასწრაფებდეს მათ და ეტყოდეს: აღასრულეთ საქმე დაწესებული თქუენი დღითი-დღედ, ვითარცა-იგი რაჟამს ბზე გეცემოდა თქუენ.

ზედამხედველები კი აიძულებდნენ, ეუბნებოდნენ: ყოველდღიურად შეასრულეთ ის სამუშაო, რასაც მაშინ ასრულებდით, როცა ბზე გეძლეოდათ.

14

და იტანჯნენ მწიგნობარნი იგი ნათესავისა მის ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი-იგი დაედგინნეს მათ ზედა ზედამდგომელთა მათ ფარაოჲსთა და ეტყოდეს: რაჲსათჳს არა აღასრულეთ დაწესებული იგი ალიზისა საქმე თქუენი გუშინდელისა და ძოღანდელისა დღისა დღესცა ეგრევე?

სცემდნენ ისრაელიანთა გზირებს, რომლებიც მიჩენილი ჰყავდათ მათთვის ფარაონის მოხელეებს, და ეუბნებოდნენ: რატომ არ გაგიკეთებიათ დაწესებული რაოდენობის აგური, როგორც გუშინ და გუშინწინ, როგორც დღემდე აკეთებდით?

15

შევიდეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, ღაღადებდეს წინაშე ფარაოსსა და იტყოდეს: რაჲსათჳს ესრეთ უყოფ მონათა შენთა?

მივიდნენ ისრაელიანთა გზირები და შეჰბღავლეს ფარაონს: ასე რად ექცევი შენს მორჩილთ?

16

ბზესა არა გუცემენ მონათა შენთა და ალიზსა მასვე გვეტყჳან საქმედ და, აჰა ესერა, მონანი შენნი ტანჯულ არიან, ავნებ ეგრე ერსა შენსა?

ბზე აღარ ეძლევათ შენს მორჩილთ და მაინც გვეუბნებიან, აგურები აკეთეთო. აჰა, სცემენ შენს მორჩილთ. შენს ხალხს აწევს ცოდვა.

17

ჰრქუა მათ ფარაო: გცალს, მოცალე ხართ და მისთჳს იტყჳთ: განვიდეთ და ემსახურეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

მიუგო: ზარმაცები ხართ, ზარმაცები. ამიტომ ამბობთ, წავალთ, მსხვერპლს შევწირავთო ჩვენს უფალს.

18

აწ უკვე წარვედით და იქმოდეთ, ხოლო ბზე არა გცეს თქუენ და დაწესებული იგი ალიზი მოსცეთ.

ახლა წადით და იმუშავეთ! ბზე არ მოგეცემათ, აგური კი იმდენივე უნდა მოგვცეთ.

19

ვითარცა აღიხილნეს თავნი თჳსნი მწიგნობართა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ ბოროტსა შინა არიან, ვითარ-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: არა დააკლოთ თქუენ განწესებულსა მას მდღევარსა რიცხვი ალიზთა.

დაინახეს ისრაელიანთა გზირებმა, რა ჭირშიც ჩაცვივდნენ, როცა ებრძანათ, არაფერი დააკლოთო ყოველდღიურად დასამზადებელი აგურების რაოდენობას.

20

და შეემთხჳნეს მოსეს და აჰრონს, მო-რა-ვიდოდეს მათა, ვითარ-იგი გამოვიდოდეს ფარაოჲსგან.

როცა ფარაონისგან გავიდნენ, შეეყარნენ მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად გამოსულიყვნენ.

21

და ჰრქუეს მათ: იხილენ ღმერთმან თქუენი და საჯენ, რამეთუ საძაგელ ჰქმენით სულნელებაჲ ჩუენი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა მიცემად მახჳლი ჴელთა მისთა და მოკლვად ჩუენდა.

უთხრეს: უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს, და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში.

22

მოიქცა მოსე უფლისა და ჰრქუა: უფალო, რაჲსა განაბოროტე ერი ესე. რაჲსა მომავლინე მე?

მიბრუნდა უფლისკენ მოსე და თქვა: უფალო, რატომ უბოროტე ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე?

23

და ვინათგან შევედ მე ფარაოჲსა სიტყუად სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფს ერსა შენსა და არა იჴსენ ერი შენი.

მას შემდეგ, რაც ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკნა, ბოროტად ექცევა ამ ხალხს ფარაონი. ხსნით კი, არ იხსენი შენი ხალხი.