გამოსვლა · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მიუგო მოსე და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისა, რამეთუ მრქუან, ვითარმედ: არა გეჩუენა შენ ღმერთი, რაჲ ვჰრქუა მათ?

მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?

2

ჰრქუა მას უფალმან: რაჲ არს ესე ჴელსა შენსა? ხოლო მან თქუა: კუერთხი.

უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი.

3

და ჰრქუა უფალმან, მიაგდე ეგე ქუეყანასა! ხოლო მან მიაგდო იგი და იქმნა გუელ. და ივლტოდა მოსე გუელისა მისგან.

უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე.

4

ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი და უპყარ ბოლოჲ. მიყო ჴელი მისი მოსე და უპყრა მას ბოლოჲ. და იქმნა იგი კუერთხი ჴელსა მისსა.

უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და კუდზე მოკიდე. გაიწოდა ხელი და მოჰკიდა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.

5

რათა ჰრწმენეს შენი, რამეთუ გეჩუენა შენ უფალი ღმერთი მამათა მათთა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი.

ამით დაგიჯერებენ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი.

6

მერმე ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: შეყავ ჴელი შენი წიაღსა შენსა. ხოლო მან შეყო ჴელი მისი წიაღსა თჳსსა. და ჰრქუა: გამოიღე ჴელი შენი. და გამოიღო და იქმნა ჴელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.

კვლავ უთხრა მას უფალმა: უბეში ჩაიყავი ხელი! მანაც ჩაიყო უბეში ხელი. უკან გამოიღო და, აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან ხელი.

7

და მერმე კუალად ჰრქუა: შეყავ ჴელი შენი წიაღადვე შენდა. და შეყო ჴელი მისი წიაღადვე თჳსა და გამოყო ჴელი მისი წიაღისაგან და კუალად მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა.

უთხრა: ისევ ჩაიყავი ხელი უბეში! ისევ ჩაიყო ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და, აჰა, ხედავს ხორცისფერი დაბრუნებია ხელს.

8

უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინონ ჴმისა შენისა სასწაულისა ამის პირველისაჲ, ჰრწმენეს, უკუეთუ არა ჰრწმენეს პირველისა მის სასწაულისა, მეორისა მის ჰრწმენეს.

თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან.

9

და იყოს უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი ორთა ამათ სასწაულთა, არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყლისა მისგან მდინარისა და დასთხიო ჴმელსა ზედა. და იყოს წყალი, რომელიცა მოიღო მდინარისაგან, სისხლ ჴმელსა ზედა

თუ ამ ორ სასწაულზეც არ გერწმუნენ და არ შეისმინეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე. წყალი, რომელსაც ნილოსიდან ამოიღებ, სისხლად იქცევა ხმელეთზე.

10

ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.

უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.

11

ჰრქუა უფალმან მოსეს: ვინ მოსცა პირი კაცსა, ანუ ვინ შექმნა მსმენელი და ყრუ მხედველი და ბრმაჲ, ანუ არამეა უფალმან ღმერთმან?

უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?

12

ხოლო აწ შენ ვიდოდე და მე აღვაღო პირი შენი და გასწაო შენ. რასა-იგი იტყოდი.

ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა.

13

და ჰრქუა: გევედრები, უფალო, გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო.

უთხრა მოსემ: გევედრები, უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე.

14

და განრისხნა უფალი გულისწყრომით მოსეს ზედა და თქუა: ანუ არა, ეგერა, აჰრონ ძმაჲ შენი ლევიტელი, ვიცი, რამეთუ სიტყჳთ გეტყოდის იგი შენ, აჰა ეგერა იგი მოგეგებვოდის შენ შემთხუევად შენდა ღა გიხილოს შენ და განიხაროს გულსა თჳსსა.

განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს. აჰა, მზად არის იგი შენს შესახვედრად, დაგინახავს და გულით გაიხარებს.

15

და უთხრნე მას სიტყუანი ესე და მისცნე მას სიტყუანი ჩემნი პირსა მისსა და მე აღვაღო პირი შენი და პირი მისი და გასწაო თქუენ, რაჲ ჰყოთ.

ელაპარაკე და ბაგეში ჩაუდე სიტყვები; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან. გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.

16

და იგი ეტყოდის შენ წილ ერსა მას და იგი იყოს პირ შენდა და შენ ეყო მას ღმრთისა მიმართ.

ის ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის.

17

და კუერთხი ეგე, რომელ გარდაიქცა გუელად, მიიღო ჴელითა შენითა, რომლითა-იგი ჰყოფდე სასწაულებსა.

ხელში გეჭიროს ეგ კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.

18

წარმოვიდა მოსე და მიიქცა იოთორისა, სიმამრისა თჳსისა, და ჰრქუა მას: წარვიდე მე და მივიქცე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგჳპტეს, და ვიხილნე იგინი, ცოცხალ-ღა თუ არიან, და ჰრქუა იოთორ მოსეს: გუალე, ვიდოდე ცოცხლებით!

წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა: წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან თუ არა. უთხრა ითრომ მოსეს: მშვიდობით იარე.

19

შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტისაჲ. ჰრქუა უფალმან მოსეს მადიამს შინა: გუალე და მივედ შენ ეგჳპტედ, რამეთუ მოსწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა

უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა.

20

წარმოიყუანა მოსე ცოლი თჳსი და ძენი თჳსნი და აღსხნა იგინი კარაულებსა და მოიქცა ეგჳპტედ და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისამიერი ჴელითა თჳსითა.

შესხა მოსემ სახედრებზე თავისი ცოლი და შვილები და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. ხელში დაიჭირა მოსემ ღვთიური კვერთხი.

21

ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რა-ხჳდე შენ ეგჳპტედ და მიიქცე, იხილე ყოველი იგი ნიშები, რომელ მიგეც ჴელთა შენთა, ქმენ იგი წინაშე ფარაოჲსა. ხოლო მე განვაფიცხო გული მისი და არა გამოუტეოს ერი იგი.

უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.

22

ხოლო შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი.

უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.

23

გარქუ შენ: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე, უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად, იხილე: მე მოვკლა ძე შენი პირმშოჲ.

გეუბნება, გაუშვიო ჩემი შვილი, რათა თაყვანი მცეს. თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს.

24

და იყო გზასა ზედა სავანესა მას შეემთხჳა მას ანგელოზი უფლისაჲ და ეგულვა მოკლვაჲ მისი.

გზაზე, ღამეს რომ ათევდნენ, დაუხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.

25

და მოიღო სეფორა ბასრი და წინადასცჳთა წინადაცუეთილებაჲ ძისა თჳსისაჲ და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თქუა: დადეგინ სისხლი წინადაცუეთისა ძისა ჩემისა.

აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა წააჭრა შვილს, ფეხებთან დაუგდო და თქვა: სისხლის სიძე ხარ ჩემი.

26

და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, რამეთუ თქუა: დადგა სისხლი წინადაცუეთისაჲ ყრმისა ჩემისაჲ.

გაეცალა მას უფალი. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის სიძე წინდაცვეთით.

27

ჰრქუა უფალმან აჰრონს: განვედ შენ უდაბნოდ და მიეგებვოდე მოსეს, და განვიდა და შეემთხჳა მას მთასა მას ზედა ღმრთისასა და ამბორს-უყვეს ურთიერთას.

უთხრა უფალმა აარონს: წადი, შეეგებე უდაბნოში მოსეს. წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა.

28

და უთხრა მოსე აჰრონს: ყოველნი ესე სიტყუანი უფლისანი, რომლისათჳს მოავლინა და ყოველნივე იგი სასწაულნი, რომელ ამცნო მას.

ამცნო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც გამოგზავნა იგი, და ყველა სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა.

29

მოვიდეს მოსე და აჰრონ და შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.

წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელიანთა უხუცესები.

30

და ეტყოდა აჰრონ ყოველთავე მათ სიტყუათა, რომელთა ეტყოდა ღმერთი მოსეს და ქმნნა სასწაულნი იგი წინაშე ერისა მის.

თქვა აარონმა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა უთხრა მოსეს. და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.

31

და ჰრწმენა ერსა მას და განიხარეს, რამეთუ მოხედა უფალმან ერსა თჳსსა ძეთა ისრაჱლისათა, და რამეთუ იხილა ჭირი იგი მათი. და მოდრკა ერი იგი და თაყუანი-სცეს ღმერთსა.

დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.