გამოსვლა · თავი 18
ხოლო ესმა იოთორს, მღდელსა მადიამისასა, სიმამრსა მოსესსა, ყოველი, რაოდენი უყო უფალმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა, რამეთუ გამოიყვანა უფალმან ისრაჱლი ეგჳპტით.
შეიტყო მიდიანელმა მღვდელმა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ყველაფერი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსეს და ისრაელს, თავის ერს, როდესაც გამოჰყავდა უფალს ისრაელი ეგვიპტიდან.
და მოიყუანა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, სეპფორა, ცოლი მოსესი, განსავლინებელისა თანა შემდგომად განტევებისა მისისა
წამოიყვანა ითროშ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაშვებული ჰყავდა მოსეს.
და ორნი ძენი მისნი: სახელი ერთისა მის - გერსამ, მეტყუელი: მსხემ ვარ ქუეყანასა უცხოსა;
მისი ორი ვაჟიშვილი, რომელთაგან ერთს ერქვა სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმური ვიყავიო უცხო ქვეყანაში.
და სახელი მეორისაჲ - ელიეზერ, რამეთუ ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და განმარინა მე ჴელისაგან ფარაოსსა.
ხოლო მეორეს - ელიაზარი, რადგან თქვა: მამაჩემის ღმერთი შემწედ მყავდაო და მიხსნა ფარაონის მახვილისგან.
და მოვიდა იოთორ, სიმამრი მოსესი, და ძენი და ცოლი მისი მოსეს მომართ უდაბნოსა, სადა დაბანაკებულ იყვნეს მთასა თანა ღმრთისასა.
და მივიდა ითრო, მოსეს სიმამრი, მოსეს ცოლითა და მისი შვილებითურთ, მოსესთან უდაბნოში, სადაც ბანაკად იდგა იგი ღვთის მთასთან.
ხოლო მიუთხრეს მოსეს მეტყუელთა: აჰა, იოთორ, სიმამრი შენი, მოვალს შენდა და ცოლი შენი და ორნი ძენი შენნი მის თანა.
შეატყობინა მოსეს: შენი სიმამრი მოვედი შენთან, შენი ცოლითა და მისი ორი ვაჟიშვილითურთ.
და განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა, და თაყუანი-სცა მას და ამბორს-უყო მას, ღა შეიტკბნეს ურთიერთას, და შეიყვანა იგი კარავსა შინა.
მიეგება მოსე თავის სიმამრს, თაყვანისცა და გადაკოცნა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში.
და მიუთხრა მოსე სიმამრსა ყოველნი, რაოდენნი უყვნა უფალმან ფარაოს და მეგჳპტელთა ისრაჱლისათჳს, და ყოველი ჭირი შემთხუეული გზასა ზედა, და ვითარმედ გამოიჴსნნა იგინი უფალმან ჴელისაგან ფარაოჲსსა და ჴელისაგან მეგჳპტელთასა.
უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, ისრაელის გამო რაც დამართა უფალმა ფარაონს და ეგვიპტელებს, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და როგორ იფარავდა მათ უფალი.
ხოლო განკჳრდა იოთორ ყოველთა ზედა კეთილთა, რომელნი უყვნა მათ უფალმან, რამეთუ გამოიჴსნნა იგინი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსთა.
გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთით, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა იგი ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან.
და თქუა იოთორ: კურთხეულ არს უფალი, რამეთუ იჴსნა ერი თჳსი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსსა!
თქვა ითრომ: კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან, რომელმაც იხსნა ერი ეგვიპტელთა მონობისგან.
აწ მიცნობიეს, რამეთუ დიდ არს უფალი უფროჲს ყოველთა ღმერთთასა ამისთჳს, რამეთუ მძლე ექმნა მათ!
ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როდესაც მზვაობრობდნენ მასზე.
და მოართუნა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, ყოვლად დასაწუველნი და მსხუერპლნი ღმერთსა. ხოლო მოვიდეს აჰრონ და ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ჭამად პურისა სიმამრსა თანა მოსესსა წინაშე ღმრთისა.
მიუტანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ღმერთს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. მივიდნენ აარონი და ისრაელის მთელი უხუცესობა, რათა უფლის წინაშე ეჭამათ პური მოსეს სიმამრთან ერთად.
და იყო, შემდგომად ხვალისა დაჯდა მოსე შჯად ერისა; და წინაშე უდგა ყოველი ერი მოსეს განთიადითგან ვიდრე მწუხრადმდე.
მეორე დღეს დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად; დილიდან საღამომდე იდგა ხალხი მოსეს წინაშე.
და იხილა რაჲ იოთორ ყოველი, რაოდენი უყო ერსა, ჰრქუა: რაჲ არს ესე, რომელსა შენ უყოფ ერსა? რაჲსათჳს შენ ჰზი მარტოჲ, ხოლო ყოველი ერი წინა-გითქს შენ განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე?
დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, როგორ ექცეოდა იგი ხალხს და ჰკითხა: როგორ ექცევი ხალხს? რატომ ზიხარ მარტო, როცა მთელი ხალხი დილიდან საღამომდე ფეხზე დგას შენს წინაშე?
და ჰრქუა მოსე სიმამრსა: რამეთუ მოვალს ჩემდა ერი გამოძიებად მშჯავრსა ღმრთისა მიერ.
უთხრა მოსემ სიმამრს: იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საკითხავად.
რამეთუ რაჟამს იქმნეს მათდა ცილობაჲ, და მოვიდენ ჩემდა, განუბჭობ თითოეულსა და შევაზავებ მათ ბრძანებასა ღმრთისასა და შჯულსა მისსა.
როცა რაიმე საქმე გაუჩნდებათ, ჩემთან მოდიან და მეც განვსჯი მათ სამართალს, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს.
და თქუა სიმამრმან მოსესმან მისსა მიმართ: არა მართლად ჰყოფ შენ სიტყუასა ამას!
უთხრა სიმამრმა მოსეს: არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ.
ხრწნილებით განიხრწნა შენ და ყოველი ერი, რომელ არს შენ თანა; მძიმე არს შენდა სიტყუაჲ ესე. ვერ ძალ-გიც ამისი ქმნაჲ შენ მარტოსა.
გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას.
აწ უკუე ისმინე ჩემი, და განგზრახო შენ, და იყოს ღმერთი შენ თანა, ექმენ შენ ერსა ღმრთისა მიმართ და შესწირენ სიტყუანი მათნი წინაშე ღმრთისა.
ახლა გაიგონე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და შენთან იქნება ღმერთი. იყავი ხალხის შუამავალი ღმერთთან და წარუდგინე ღმერთს მათი სარჩელი.
და უწამებდ მათ ბრძანებათა ღმრთისათა და შჯულსა მისსა, და უნიშნევდ მათ გზათა, რომელთა ზედა ვიდოდინ მათ ზედა და საქმეთა, რომელთა ჰყოფდენ.
ასწავლე მათ წესები და რჯული, უჩვენე გზა, რითაც უნდა იარონ, და საქმეები, რაც უნდა აკეთონ.
და შენ თავსა შენსა ეკრძალე და გამოირჩიენ ყოვლისაგან ერისა კაცნი ძლიერნი, ღმრთის მსახურნი, კაცნი მართალნი, მოძულენი ამპარტავანებისანი; და დაადგინენ იგინი მათ ზედა ათასისთავად და ასისთავად და ერგასისთავად და ათისთავად
გამონახე ერში მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუდგნენ ერს.
და წერილის შემომყვანებელად და შჯიდენ ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისასა მოაწევდენ შენდა, ხოლო მცირეთა საშჯელთა შჯიდენ იგინი, და აღასუბუქებდენ შენგან და თანაშეგეწეოდინ შენ.
მათ განსაჯონ ერი ყოველ დროს; დიდი საქმეები შენ მოგახსენონ, ხოლო წვრილმანი თავად გადაწყვიტონ, შემოგეშველონ, რომ შეგიმსუბუქდეს ტვირთი.
უკუეთუ სიტყუაჲ ესე ჰყო, განგაძლიეროს შენ ღმერთმან, და შემძლებელ იყო წინაშე დგომად; და ყოველი ესე ერი მივიდეს ადგილსა თჳსსა მშჳდობით.
თუ ასე მოიქცევი, და ღმერთიც მოგცემს დარიგებებს, მაშინ გაუძლებ და ეს ხალხიც მშვიდობით დაბრუნდება თავის ადგილზე.
და ისმინა მოსე ჴმაჲ სიმამრისა და ქმნა, რაოდენიცა მან თქუა.
ისმინა მოსემ თავისი სიმამრის სიტყვა და შეასრულა ყოველი მისი ნათქვამი.
და გამოირჩინა მოსე კაცნი ძლიერნი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყვნა იგინი მათ ზედა ათასისთავ და ასისთავ და ერგასისთავ და ათისთავ
გამოარჩია მოსემ მაგარი ხალხი მთელი ისრაელიდან და დანიშნა ისინი ერის თავკაცებად - ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
და წერილის შემომყუანებელ, და შჯიდეს ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისსა მიაწევდეს მოსეს მიმართ და ყოველსა სიტყუასა სუბუქსა შჯიდენ იგინი.
სჯიდნენ ისინი ერს ყოველ დროს; მძიმე საქმეს მოსეს მოახსენებდნენ, ხოლო წვრილმან საქმეებს თავად წყვეტდნენ.
ხოლო წარგზავნა მოსე სიმამრი თჳსი და წარვიდა ქუეყანად თჳსსა.
გაისტუმრა მოსემ სიმამრი და ისიც წავიდა თავისთვის თავის ქვეყანაში.
