ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 7
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
და შენ, ძეო კაცისაო, თქუ, ვითარმედ ამათ იტყჳს უფალი ადონაი: ქუეყანასა ისრაჱლისასა აღსასრული მოიწიოს, ოთხთა ზედა ფრთეთა ქუეყანისათა.
შენ, ადამის ძევ! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, აღსასრული! მოადგა აღსასრული ამ ქვეყნის ოთხივე კუთხეს!
მოიწიოს აღსასრული აწ, და მოვიდეს აღსასრული შენ ზედა და შურვიგო შენგან გზათათჳს შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.
ახლა აღსასრულია შენზე და მოგივლენ ჩემს რისხვას, განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ.
არა ერიდოს თუალი ჩემი შენ ზედა, არცა შეგიწყალო მით, რამეთუ გზაჲ შენი შენ ზედა მივსცე და საძაგელებანი შენნი შორის შენსა იყუნენ და სცნა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი გგუემ.
არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენს წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწეები შენთან იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
რამეთუ ამას იტყჳს უფალი, უფალი: უკეთურებაჲ ერთი, უკეთურება, ესერა, წარმოდგა.
ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, ერთადერთი უბედურება, აჰა, მოდის!
აღსასრული მოიწევის, მოიწევის აღსასრული, აღდგომილ იქმნა შენდამი.
აღსასრული დგება, დგება აღსასრული, თავზე გატყდება, აჰა, მოვიდა!
აჰა, მოიწევის აღსასრული, მოიწევის თხზულება შენ ზედა, დამკჳდრებულსა ქუეყანისასა, მოიწევის ჟამი, მოახს დღე არა შფოთებით, არცა სალმობით.
მოვიდა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მკვიდრო! დადგა ჟამი, ახლოა დღე შეშფოთებისა, არა მთებზე ჟრიამულისა.
აწ ახლოჲთ განვჰფენ რისხვასა ჩემსა შენ ზედა და აღვასრულო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის, და გსაჯო შენ გზათა შინა შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.
ახლა მალე გადმოგაღვრით ჩემს რისხვას და შენზე მოვიკლავ ჩემს წყრომას; განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ!
არა ჰრიდოს თუალმან ჩემმან, არცა შევიწყალო მით, რამეთუ გზანი შენნი შენ ზედა მივსცნე და საძაგელებანი შენნი შენ შორის იყუნენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი ვსცემ.
არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენს წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწენი შენთანვე იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ, შემმუსვრელი!
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, აღსასრული მოიწიოს, აჰა, დღე უფლისაჲ მოიწიოს, გამოვიდა თხზულება, აღყუავნა კუერთხი, აღდგა გინებაჲ.
აჰა, დღე! აჰა; დადგა! მოაწია ჯერმა! კვერთხი აყვავდა, ამპარტავნობა გაიფურჩქნა!
და შემუსროს სიმტკიცე უსჯულოჲსა და არცა შფოთებით, არცა სისწრაფით, და არა მათგან არიან, გონებასა მათსა, არცა შუენიერებაჲ მათ შორის.
ძალადობა აღიმართა ბოროტეულის კვერთხად; აღარ იქნებიან ისინი; არც მათი სიმრავლე, არც მათი დოვლათი, არც მათზე წუხილი.
მოვიდეს უფალი, აჰა, დღე უფლისაჲ შობს, აღსასრული მოიწია, აჰა, დღე; მომგებელნი ნუ იხარებნ და განმსყიდელი ნუ გოდებნ მით, რამეთუ რისხვაჲ ყოვლისა მიმართ სიმრავლისა მისისა.
დადგა ჟამი, მოაწია დღემ; მყიდველს ნუ გაუხარდება, გამყიდველი ნუ იწუხებს, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია.
და მომგებელმან განმსყიდელისა მიმართ არღა მერმე მიაქციოს და არღა მერმე ცხორებასა შინა ცხორებად მისსა, რამეთუ ხილვაჲ ყოვლისამი სიმრავლისა მისისა არ მოაქციოს, და კაცმან თუალთა მისთა წინა ვერ იპყრას.
რადგან გამყიდველი ვეღარ მიუბრუნდება გაყიდულს, ცოცხლებიც რომ დარჩნენ; რადგან ხილვა მთელს მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება და ვერაკაცი თავისი უკეთურების გამო სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს.
დაჰნესტუეთ ნესტუთა მიერ და გამოირჩევდით თანად ყოვლითა და არა არს განმავალი ბრძოლად, რამეთუ რისხვაჲ ჩემი ყოველსა ზედა სიმრავლესა მისსა.
დააყვირებენ საყვირს და ყველაფერი მზად იქნება, მაგრამ საომრად არავინ წავა, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია ჩემგან.
ბრძოლაჲ მახჳლითა - გარეშე, და სიყმილი და სიკუდილი - შინაგან. ველისზედაჲ მახჳლითა აღესრულოს, ხოლო ქალაქისშინანი სიყმილითა და მახჳლითა მოესრულნენ.
გარეთ მახვილია, შინ - ჭირი და შიმშილი! ველზე მყოფი მახვილით მოკვდება; ქალაქში მყოფს შიმშილი და ჭირი შეჭამს.
და განერნენ განრინებულნი მათგან და იყუნენ მთათა ზედა, ვითარცა ტრედნი მღუნავნი; ყოველნი მოსწყდენ კაცადნი უმართლობათა შინა მისთა.
თავს უშველიან მათი დანარჩომნი და იქნებიან მთებში ველის მტრედებივით; ყველა თავის უკეთურებაზე აკვნესდება.
ყოველნი ჴელნი დაიჴსნენ და ყოველნი ბარკალსხჳლნი შეიბილწნენ ნოტიობითა.
ყველა ხელი დაუძლურდება და ყველა მუხლი გაწყალდება.
და გარემოირტყნენ ძაძანი და დაფარნეს იგინი საკჳრველებამან და დასულებამან; და ყოველსა პირსა ზედა სირცხჳლი მათ ზედა და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე.
ჯვალოს შემოისარტყლავენ და შიში მოიცავს მათ; ყოველი სახე შერცხვენილი იქნება და ყოველი თავი გაქაჩლდება.
ვეცხლი მათი დაისრიოს უბანთა ზედა და ოქროჲ მათი შეურაცხ იქმნეს. ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ იქმნეს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა. და სულნი მათნი ვერ განძღენ და მუცელნი მათნი ვერ აღივსნენ, რამეთუ ტანჯვაჲ უსამართლოობათა მათთა იქმნა.
თავიანთ ვერცხლს გარეთ გადაყრიან და ოქრო სიბინძურედ იქცევა; ოქრო-ვერცხლი ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღებენ და შიგანს ვერ ამოივსებენ, რადგან მათი უკეთურების საბრხე იყო.
რჩეულნი სამკაულნი ამპარტავნებად დასხნეს, იგინი და ხატნი საძაგელებათა მათთანი და მოსაწყინელთა მათთანი ქმნნეს მათგან; ამისთჳს მივსცნე იგინი მათ არაწმიდებად.
მედიდურობდნენ თავიანთ სამკაულთა მშვენებით და თავიანთ სიბილწეთა და სისაძაგლეთა ხატები შექმნეს; ამიტომ სიბინძურედ გავხდი მას მათთვის.
და განვსცნე იგინი ჴელთა უცხოთასა დატაცებად იგინი და ბუგრთა ქუეყანისათა - ტყუედ და შეამწიკულნეს იგინი.
უცხოთა ხელში მივცემ მას დასატაცებლად და ნადავლად - ქვეყნის ბოროტეულთ, რომ უპატიოჰყონ.
და გარემივიქციო პირი ჩემი მათგან და შეაბილწონ ზედხედვაჲ ჩემი; და შევიდოდიან მათ ზედა უმცველოდ და შეაგინებდენ მათ.
პირს ავარიდებ მათ და უპატიოჰყოფენ ჩემს საიდუმლოს, შიგ შევლენ მძარცველები და უპატიოჰყოფენ.
და ჰყოფდენ შერევასა, რამეთუ სავსე არს ქუეყანაჲ ერითა და ქალაქი - უსჯულოებითა სავსე.
გაამზადე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი სავსეა ძალადობით.
და მოვიყვანნე ბილწნი იგი წარმართნი და დაუმკჳდრო ტაძრები იგი მათი, დავამჴუა სილაღე ამპარტავანებისა სილაღისა მის მათისა, და შეიგინნენ სიწმიდენი მათნი.
მოვასხამ უბოროტეს ხალხს და დაეპატრონებიან მათ სახლებს; გავაცამტვერებ მძლავრთა სიამაყეს და გაუპატიურდება მათი სიწმიდენი.
ლხინება მოვიდეს, და ეძიო მშჳდობა და არა იყოს;
მოვა დაქცევა და მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება.
და ვაებაჲ ვაებასა ზედა და ჰამბავი ჰამბავსა ზედა იყოს; და იძიებოდის ხილვაჲ წინაწარმეტყუელისაგან, და შჯული წარწყმდეს მღდლისაგან და განზრახვაჲ - მოხუცებულისაგან, და არა ჰპოებდენ.
ჭირი ჭირს დაერთვის, ავი ხმები ავ ხმებს მოყვება, წინასწარმეტყველის ხილვას დაუწყებენ ძებნას, რჯული დაეკარგება ღვთის მსახურს და რჩევა უხუცესებს.
მეფე იგლოვდეს და მთავარმან შეიმოსოს უჩინოქმნილება და ჴელნი ერისა ქუეყანისაჲსანი დაიჴსნენ; გზათაებრ მათთა უყო მათ და მსჯავრითა მათითა შური ვიძიო მათგან; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.
მეფე გლოვას მოჰყვება, დიდებული ძრწოლით შეიმოსება და ქვეყნის ერს ხელი აუცახცახდება; მათ საქმეთაგბრ მოვექცევი მათ და მათი სამართლისაებრ განვსჯი მათ; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
