ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 40

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იქმნა ხუთ და მეოცესა შინა წელსა ტყუეობისა ჩუენისასაჲ, პირველსა შინა თთუესა, ათსა თთჳსასა, ოთხ და მეათესა წელსა შემდგომად დაპყრობისა ქალაქისა, მას დღესა შინა იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ

ჩვენი ტყვეობის ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის ათში, ქალაქის დანგრევიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, იყო უფლის ხელი ჩემზე და მიმიყვანა იქ.

2

და მომიყვანა მე მუნ ხილვასა შორის ღმრთისასა, შემიყვანა მე ქუეყანად ისრაჱლისა და დამდვა მე მთასა ზედა მაღალსა ფრიად და მას ზედა, ვითარცა დაშენებულებაჲ ქალაქისაჲ პირისპირ.

ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყნად და დამსვა ერთ ძალზე მაღალ მთაზე, სადაც სამხრეთის მხარეს რაღაც ქალაქისმაგვარი იყო აშენებული.

3

და შემიყვანა მე მუნ და, აჰა, კაცი და ხილვაჲ მისი იყო, ვითარცა ხილვაჲ რვალისა მბზინვარისაჲ და იყო საბელი მაშენებლისაჲ ჴელსა შორის მისსა და ლელწამი საზომისაჲ ჴელსა შინა მისსა, და იგი დგა ბჭესა ზედა.

მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.

4

და თქუა ჩემდამო კაცმან: იხილეა, ძეო კაცისაო? განიცადე თუალთა მიერ შენთა და ყურთა მიერ შენთა ისმინე და დააწესენ გულსა შენსა ყოველნი, რავდენთა მე გიჩუენებ შენ მით, რამეთუ ჩუენებისათჳს შენისა შემოვედ აქა; და უჩუენო, რავდენთა შენ ჰხედავ, ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა.

დამელაპარაკა ეს კაცი: ადამის ძევ! იხილე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე, გულში ჩაიდევი ყველაფერი, რასაც გახილვინებ, რადგან იმისთვის ხარ მოყვანილი აქ, რომ გახილვინო; გამოუცხადე ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც იხილავ.

5

და, აჰა, ეზოჲ გარეშე სახლისა გარემო და ჴელსა შინა კაცისასა ლელწამი ზომით წყრთათა ექუსთაჲ წყრთითა და გოჯეულითა; და განზომა წინმოზღუდულობაჲ, სივრცე სწორი ლელწმისაჲ და სიმაღლე მისი სწორი ლელწმისაჲ.

აჰა, კედელია ტაძრის გარეთ, მის ირგვლივ, და კაცს ლერწმის საზომი აქვს ხელში, ექვსწყრთიანი (წყრთა მტევნითურთ); გაზომა შენობის სიგანე და იყო ერთი ლერწამი და სიმაღლე - ერთი ლერწამი.

6

და შევიდა ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, შჳდთა შორის აღხარისხულთა და მოზომა თეეაჲ ექუს-ექუსი და ელამი ბჭისაჲ, სწორი ლელწმისაჲ სიგრძე და სწორი ლელწმისაჲ სივრცე. და თეეაჲ სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და ელამი საშუალ ელამისა წყრთეებ ექუს;

მივიდა აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭესთან და ავიდა მის საფეხურებზე, და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი.

7

და თეეი მეორე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და ელამი წყრთათა ხუთთა.

თითო სენაკის სიგრძე ერთი ლერწამი და სიგანეც ერთი ლერწამი; სენაკებს შორის ხუთი წყრთა; კარიბჭის ზღურბლი შიდა კარიბჭის სტოასთან ერთი ლერწამი;

8

და თეეჲ მესამე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ,

გაზომა შიდა კარიბჭის სტოა - ერთი ლერწამი.

9

და ელამი ბჭისაჲ, მახლობელად ელამსა ბჭისასა, წყრთათა რვათაჲ და ელევნი წყრთათა ორთანი და ელამნი შინაგან ბჭისა.

გაზომა კარიბჭის სტოა - შვიდი წყრთა, მისი სვეტები ორ-ორი წყრთა; კარიბჭის სტოა შიგნით იყო.

10

და თეენი პირისპირ ბჭისა, სამნი ამიერ და სამნი იმიერ, გზისა კერძ აღმოსავალითისა, და საზომი სამთავე შორის; და საზომი ელამთა შორის ამიერ და იმიერ.

აღმოსავლეთის კარიბჭეს ერთ მხარეს სამი სენაკი ჰქონდა, მეორე მხარეს სამი; ერთი ზომის იყო სამივე, ერთი ზომის იყო ორივე მხარის სვეტები.

11

და განზომა სივრცე კარისა ბჭისაჲ მის წყრთაებ ათ და სიგრძე ბჭისაჲ წყრთათა ათსამეტთაჲ.

გაზომა კარიბჭის შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა, კარიბჭის სიგრძე - ცამეტი წყრთა;

12

და წყრთისა შემოკრებული საზღვარი პირსა წინაშე თეეთასა წყრთისა ერთისაჲ და წყრთისა ერთისა საზღვარი ამიერ და იმიერ და თეეი წყრთათა ექუსთაჲ აქაჲთ და იქით.

სენაკების წინ ფართობი თითო წყრთა იყო ორივე მხარეს; სენაკები - ექვსი წყრთა ერთ მხარეს და ექვსი წყრთა მეორე მხარეს.

13

და განზომა ბჭე წყრთითგან თეეისაჲთ ზღუდისა მიმართ თეეისა სივრცე ოთცდახუთთა წყრთათა; ესე ბჭე ბჭესა ზედა.

გაზომა კარიბჭე ერთი სენაკის სახურავიდან მეორე სენაკის სახურავამდე - სიგანე ოცდახუთი წყრთა; კარი კარის პირდაპირ იყო;

14

და ურთავი ელამისა ბჭისაჲ სამეოც წყრთაებ და თეისნი ბჭისაჲ მრგულივ გარემოთა ეზოჲსათა და ურთავი გარეშე ბჭისა.

სამოცი წყრთა გამოუვიდა სვეტები; სვეტების წინ ეზო და კარიბჭე იყო ირგვლივ.

15

ურთავისა მიმართ ელამისაჲსა შინაგან ბჭისა ერგასის წყრთაებ.

შესასვლელი კარიბჭიდან შიდა კარიბჭის სტოამდე - ორმოცდაათი წყრთა;

16

და სარკუმელნი დაფარულნი თეჲმთაჲთ კერძო შინაგან და ელამით კერძო, ბჭესა ეზოჲსასა მრგულივ, და ეგრეთვე ელამისა სარკუმელნი მრგულივ, შინაგან და ელამით კერძო, შეწებვით ფინიკნი სამ-სამნი აქეთ და იქით. და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად

ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული.

17

და, აჰა, კრეტსაბმელები და სუეტები ქმნულები გარვმოჲს ეზოჲსა, ოცთაათები კრეტსაბმელები გარემო სუეტებთა ზედა.

მიმიყვანა გარეთა ეზოში და, აჰა, ოთახები და ქვაფენილია მოწყობილი ეზოში, ირგვლივ, ოცდაათი ოთახი, ქვაფენილიანი.

18

და სტოვაები სამხრითკერძოთა ბჭეთასა სიგრძისაებრ ბჭეთაჲსა, პირისპირ

ქვაფენილი კარიბჭეთა გვერდით იყო, მთელს სიგრძეზე; ეს იყო ქვედა ქვაფენილი.

19

გარემო სუეტსა ქუეშე კერძოსა. და განზომა სივრცე ეზოჲსა ურთავითგან ბჭისა გარეშისაჲთ შინაგან ურთავისა კერძ ბჭისა, მხედველისა გარეთ წყრთა ას, მხედველისა აღმოსავალით კერძო,

გაზომა სიგანე ქვედა კარიბჭიდან შიდა ეზოს ბოლომდე ასი წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.

20

და შემიყვანა მე ჩრდილოდ მიმართ. და, აჰა, ბჭე, მხედველი ჩრდილოთ კერძო ეზოჲსა გარეშისაჲ, და განზომა იგი, სიგრძეცა მისი და სივრცე მისი.

გარეთა ეზოს ჩრდილო კარიბჭის სიგრძე და სიგანეც გაზომა.

21

და თეი სამნი, სამნი ამიერ და სამნი იმიერ; და ელაჲ და ელამონი და ფინიკნი მისნი და იყო საზომთაებრ ბჭისა, მხედველისათა აღმოსავალით კერძო, ერგასისთა წყრთაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთათა ოცდახუთთაჲ.

სენაკები ერთ მხარეს სამი იყო, მეორე მხარეს - სამი; მისი სვეტები და სტოა პირველი კარიბჭის ზომისა იყო, სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.

22

და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი მისნი და ფინიკნი მისნი, ვითარ-იგი ბჭე, მხედველი აღმოსავალით კერძო, და შჳდთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და ელამმონნი მისნი შინაგან მათსა.

სარკმლები, სტოები და პალმის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასავლელი და სტოა მის წინ;

23

და ბჭე ეზოსა შინაგანსა, მხედველი ბჭესა ზედა ჩრდილოჲსასა, ვითარსახედ ბჭისა მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ წყრთაებას.

შიდა ეზოს კარიბჭე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კარიბჭის პირდაპირ იყო; და გაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე ასი წყრთა.

24

და მიმიყვანა მე გზისა მიმართ სამხრითკერძისა და, აჰა ბჭე, მხედველი სამხრად მიმართ, და განზომა იგი და თეენი და ელანი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ.

წამიყვანა სამხრეთისკენ და, აჰა, სამხრეთის კარიბჭე; გაზომა მისი სვეტები და სტოა, და იგივე ზომებისა იყო.

25

და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემო, ვითარ-იგი სარკუმელნი ელამისანი, ერგასისთა წყრთათაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთა ოცდახუთთაჲ

ჰქონდა სარკმლები და სტოები ირგვლივ ისეთივე, როგორიც სხვა სარკმლები იყო; სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.

26

და შვიდნი აღკიბულნი მისნი და ელამმონნი მისნი შინაგან მისსა და ფინიკნი მისნი, ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევით კერძო.

იყო ასასვლელი შვიდსაფეხურიანი, სტოა მის წინ და პალმის ჩუქურთმები მის სვეტებზე, თითო-თითო ორივე მხარეს;

27

და ბჭე პირისპირ ბჭესა ეზოჲსა შინაგანისასა ჩრდილოდ მიმართ; და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ გზისა სამხრადმიმართისაჲ წყრთაებ ას და სივრცე წყრთაებ ოცდახუთ.

შიდა ეზოს კარიბჭე სამხრეთისკენ იყო; გაზომა კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთისკენ ასი წყრთა.

28

და შემიყვანა მე ეზოდ მიმართ უშინაგანესად, ბჭისა მიერ სამხრადმიმართისა, და განზომი ბჭე სამხრადმიმართი საზომთაებრ ამათ.

შემიყვანა შიდა ეზოში სამხრეთის კარიბჭით და გაზომა სამხრეთის კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.

29

და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონი გარემოჲს ერგასის წყრთაებ-სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.

სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.

30

და ელამმონისა გარემოჲსა სიგრძე ხუთთა და ოცთა წყრთათა და სივრცე ხუთთა წყრთათა.

სტოები იყო ირგვლივ: სიგრძე ოცდახუთი წყრთა და სიგანე ხუთი წყრთა.

31

და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა მისსა შინა ეზოსა და ფინიკნი მისნი ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევისა მიმართ; და რვანი აღხარისხულნი მისნი აღსავალად მისსა.

მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვა საფეხურიანი.

32

და შემიყვანა მე უშინაგანესისა მიმართ ბჭისა, მხედველისა გზად აღმოსავალით კერძოდ, და განზომა იგი საზომთაებრ ამათ.

შემიყვანა შიდა ეზოში აღმოსავლეთის კარიბჭით და გაზომა კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.

33

და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემოჲს ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.

სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.

34

და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა შინა ეზოსა და ფინიკნი ელევთა ზედა მისთა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხვანი მისნი.

მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.

35

და შემიყვანა მე ბჭისა მიმართ ჩრდილოჲთკერძისა და განზომა საზომთაებრ ამათ.

მიმიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭესთან და გაზომა იმავე ზომების მიხედვით.

36

და თეენი და ელევნი და ელამმონნი და სარკუმელნი მისნი გარემოჲს; და ელამმონნი მისსა გარემო ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი, და სივრცე მისი - ოცდახუთ წყრთაებ.

სენაკები, სვეტები, სტოები და სარკმელები ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.

37

და ელამმონნი მისნი ეზოსა შინა გარეშესა და ფინიკნი ელევისა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხულნი მისნი.

მისი სვეტები გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა ორივე მხარეს და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.

38

და კრეტსაბმელნი მისნი და თითოეულისა კრეტსაბმელისა იყო კარი და ელამმონნი მისნი კართა ზედა ბჭეთასა. და მუნ რცხედ ყოვლადდასაწუელთა.

ჰქონდა ოთახი თავისი შესასვლელითურთ კარიბჭის სვეტებთან; აქ ასუფთავებენ აღსავლენ მსხვერპლს.

39

ხოლო წინაკარსა თანა ბჭისასა ორნი ტაბლანი ამიერ და იმიერ, ტაბლანი ამიერ მეორისა გამოსადინელისა, რაჲთა დაიკლოდიან მათ ზედა ყოვლადდასაწუელი და ცოდვისა ძლითნი და უმეცრებისა ძლითნი.

კარიბჭის სტოაში ერთ მხარეს ორი ტაბლა იყო, მეორე მხარესაც ორი ტაბლა იყო აღსავლენის, ცოდვის გამოსასყიდის და დანაშაულის გამოსასყიდის მსხვერპლის დასაკლავად.

40

და სამხრით კერძო სადინელისა ყოვლადდასაწუელთაჲსა, კარსა თანა ბჭისა მხედველისასა ჩრდილოჲთ კერძო, ორნი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო; სამხრით კერძო მეორისა ელამისაჲსა და ბჭისა ორნი ტაბლანი აღმოსავალით კერძო; და რვანი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო,

გარეთა ფრთაზე ასასვლელთან, ჩრდილოეთის კარიბჭის შესასვლელთან ორი ტაბლა იყო, მეორე ფრთაზე კარიბჭის სტოასთან ორი ტაბლა იყო;

41

ოთხნი ტაბლანი ამიერ და ოთხნი ტაბლანი იმიერ, სამხრით კერძო ბჭისაჲთ რვანი ტაბლანი მსხუერპლთანი; მათ ზედა დაკლნიან საკლველნი ყოვლადდასაწუელთანი წინაშე რვათა ტაბლათასა.

ოთხი ტაბლა ერთ მხარეს და ოთხი ტაბლა მეორე მხარეს, კარიბჭის ფრთასთან; რვა ტაბლა იყო მსხვერპლის დასაკლავად.

42

და ოთხნი ტაბლანი ყოვლადდასაწუელთანი ქვისანი, გამოთლილნი სიგრძით წყრთა და ნახევარ, და სივრცით წყრთა და ნახევარ, და წყრთა ერთ სიმაღლით; მათ ზედა დადვან ჭურჭლები, რომელთა მიერ დაკლიან მუნ ყოვლადდასაწუელები.

ოთხი ტაბლა აღსავლენი მსხვერპლისათვის თლილი ქვისგან იყო; სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა; მათზე ეწყო იარაღები, რომლებითაც კლავენ აღსავლენს და სხვა მსხვერპლს.

43

და გისოსი გოჯეულსა მქონებელი, გამოთლილსა შინაგან მრგულივ და ტაბლასა ზედა, ზენაკერძო სართულნი დამფარველად წჳმისაგან და სიჴმელისაგან.

ორკაპი ჩანგლები, ერთი მტკაველი სიგრძისა, მიმაგრებული იყო შიგნით ირგვლივ, ტაბლებზე კი შესაწირავი ხორცი ელაგა;

44

და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, საყდარნი ორნი გზათანი ეზოსა შინა უშინაგანესსა, ერთი სამჴრით კერძო ბჭისა, მხედველისა ჩრდილოდ მიმართ, და მეორე ჩრდილოდ კერძო ბჭისა, მხედველისა სამხრისა მიმართ.

შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა ოთახები იყო, შიდა ეზოში, რომელიც ჩრდილოეთის კარიბჭის ფრთასთან იყო და სამხრეთისკენ იყურებოდა; ერთი კი აღმოსავლეთის კარიბჭის ფრთასთან, ჩრდილოეთისკენ იყო მიქცეული.

45

და თქუა ჩემდამო: საყდარი ესე, მხედველი სამხრად მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა სახლისასა. და საყდარი, მხედველი ჩრდილოდ მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა საკურთხეველისასა; იგინი არიან ძენი სადუკისნი, მიახლებულნი ლევისგან უფლისა მიმართ მსახურებად მისსა.

მითხრა: ეს ოთახი, სამხრეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც ტაძრის სამსახურს ასრულებენ.

46

და განზომა ეზოჲ სიგრძით წყრთათა ასთაჲ და სივრცით წყრთათა ასთაჲ ოთხთა ზედა კერძოთა მისთა და საკურთხეველი დამართებით სახლისა.

ხოლო ოთახი, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი არიან, რომლებიც ლევიანთა შორის, უფალს მიახლოებულნი, ემსახურებიან მას.

47

და შემიყვანა მე ელამად მიმართ სახლისა და განზომა; და განზომეს ელამი, წყრთათა ხუთთა სივრცე ამიერ, და ხუთთა წყრთათაჲ იმიერ, და სიბრტყე სიფართისა წყრთათა ათოთხმეტთაჲ, და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.

გაზომა ეზო: სიგრძე ასი წყრთა და სიგანეც ასი წყრთა, ოთხკუთხედი იყო; სამსხვერპლო იდგა ტაძრის წინ.

48

და სივრცე სიფართისაჲ წყრთათა ათოთხმეტთაჲ და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.

მიმიყვანა ტაძრის სტოასთან და გაზომა სტოა: ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; კარიბჭის სიგანე სამი წყრთა ერთ მხარეს და სამი წყრთა მეორე მხარეს.

49

და სიგრძე ელამისაჲ წყრთათა ოცთაჲ და სივრცე წყრთათა ათერთმეტთაჲ; და ათთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და სუეტნი იყვნეს ელამსა ზედა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ.

სტოას სიგრძე ოცი წყრთა და სიგანე თორმეტი წყრთა; აღსავალთან, რომლითაც ადიან, სვეტები იყო, ერთი ერთ მხარეს, მეორე მეორე მხარეს.