ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 11
და აღმიღო მე სულმან და მიმიყვანა მე ბჭესა ზედა სახლისა უფლისაჲსა, პირისპირსა, მხედველსა აღმოსავალთაჲთ, და, აჰა, წინაკართა ზედა ბჭისათა, ვითარცა ოთხნი და ხუთნი კაცნი; და ვიხილე საშუალ მათსა იეზონია იეზერისი და ფალტია ბანეესი, წინამძღვარნი ერისანი.
ამიტაცა სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება. და, აჰა, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცია და დავინახე მათ შორის იაზანია ყაზურის ძე და ფელატიაჰუ ბენაიაჰუს ძე - ხალხის მთავრები.
და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, ესე კაცნი - გულისმსიტყუავნი ამაოთანი და განმზრახნი განზრახვასა ბოროტსა ქალაქისა ამის შორის,
მითხრა: ადამის ძევ! ეს კაცები ავის მზრახველები არიან და ბოროტ რჩევას იძლევიან ამ ქალაქში.
მეტყუელნი: არა ახლად აღეშენებიან სახლნი; ესე არს სიავი, ხოლო ჩუენ - ჴორცნი.
ამბობენ: არ დამდგარა დრო სახლების შენებისა; ქვაბია ეს ქალაქი, ჩვენ კი ხორცი ვართო.
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო.
ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ!
და დავარდა ჩემ ზედა სული უფლისაჲ. და თქუა ჩემდამო: თქუ, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ესრეთ არქუ სახლსა ისრაჱლისასა: და განზრახვათაცა სულისა თქუენისათა მეცნიერ ვარ მე.
დამეცა უფლის სული და მითხრა: თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ლაპარაკობთ, ისრაელის სახლო, და რაც ფიქრად მოგდით, ვიცი მე.
განამრავლენით მკუდარნი თქუენნი ქალაქსა ამას შინა და აღავსენით გზანი მისნი წყლულებითა.
ბევრი გყავთ დახოცილი ამ ქალაქში და ქუჩები ავსებული გაქვთ დახოცილებით.
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მკუდარნი თქუენნი, რომელნი დაჰსრენით საშუალ მისსა, იგინი არიან ჴორცნი, ხოლო თჳთ იგი - სიავი და თქუენცა გამო-ვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა.
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენი დახოცილები, რომლებიც იქ დაგიყრიათ, ხორცია, ქალაქი კი - ქვაბი; თქვენ კი გაგიყვანთ იქიდან.
მახჳლისაგან გეშინისყე და მახჳლი მოვაწიო თქუენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი.
მახვილის გეშინიათ და მახვილს მოგივლენთ! ამბობს ღმერთი.
და თქუენცა გამო-რაჲვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა, და მიგცნე თქუენ ჴელებსა უცხოთასა და ვყუნე შორის თქუენსა მშჯავრნი.
გაგიყვანთ იქიდან და უცხოთესლის ხელში ჩაგაგდებთ; და განვსჯი თქვენს სამართალს.
და მახჳლითა დაეცნეთ მთათა ზედა ისრაჱლისჲთა, და გსაჯნე თქუენ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.
მახვილით დაეცემით, ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
ეგე არა იყოს თქუენდა სიავად და თქუენ არა იქმნეთ მისსა ჴორც; შორის მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ.
ქალაქი არ იქნება თქვენთვის ქვაბი და თქვენც არ იქნებით მასში ხორცად; ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ,
და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, რამეთუ მშჯავრთა ჩემთაებრ თქუენ არა ხჳდოდეთ და სამართალნი ჩემნი თქუენ არა დაიმარხენით, არამედ მიწესთა მათამდე წარმართთასა, რომელნი იყუნეს გარემო თქუენსა, მათ თანავე ხჳდოდეთ.
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, ვის წესებზეც არ გივლიათ და ვის რჯულზეც არ მოქცეულხართ; იმ ხალხების რჯულზე იქცეოდით, თქვენს გარშემო რომ არიან!
და იყო წინაწარმეტყუელებასავე შინა ჩემსა და ფალტია ბანეაჲსი მოკუდა; და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და ჴმა-ვყავ ჴმითა დიდითა და ვთქუ: ჵ მე, ჵ მე, ადონაი უფალი, მოსასრულებელად ჰყოფ შენ დაშთომილთა ისრაჱლისათა!
როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე, შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო ისრაელის ნატამალს?
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
ძეო კაცისაო, ძმანი შენნი და კაცნი ტყუჱობისა შენისანი და ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ მოსრულდეს, რომელთა ჰრქუეს მათ მკჳდრთა იერუსალჱმისათა: შორად განდგომილ ხართ უფლისაგან; თქუენდა მოცემულ არს ქვეყანაჲ სამკჳდრებელად.
ადამის ძევ! თქვენი ძმები, ძმები არიან ისინი, თქვენი სისხლით ნათესავნი და მთელი ისრაელის სახლი მთლიანად, რომელთაც ეუბნებიან იერუსალიმის მკვიდრნი: უფლისგან არიან განმდგარნი ეს ქვეყანა ჩვენ მოგვეცა სამკვიდროდო!
ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, ვითარმედ განვიშორნე იგინი წარმართთა შორის და განვაბნინე იგინი ყოველსა ზედა ქუეყანასა და ვეყო მე მათ სიწმიდე მცირე სოფლებთა შორის, სადაცა შევიდენ მუნ.
ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუმცა გადავკარგე ისინი ხალხთა შორის და თუმცა მიმოვფანტე ქვეყნებში, მაინც ვიქნები მათთვის საწმიდარი, თუნდაც მცირე, იმ ქვეყნებში, სადაც წავიდნენ.
ამისთჳს არქუყე: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევიწყნარე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან, სადა განვსთესენ იგინი მათ შორის; და მივსცე მათ ქუეყანაჲ ისრაჱლისაჲ.
ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შეგკრებთ ყველას ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც მიმოფანტული მყავხართ, და თქვენ მოგცემთ ისრაელის მიწას.
და შევიდენ მუნ და აღსპნენ ყოველნი საძაგელებანი მათნი და ყოველნი უშჯულოვებანი მისნი მისგან.
მივლენ იქ და წარხოცავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს.
და მივსცე მათ გული სხუაჲ და სული ახალი მივსცე მათ შორის და გამოვჰფხურა გული მათი ქვისაჲ და მივსცე მათ გული ჴორცისაჲ ჴორცისაგან მათისა.
მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ თქვენ; ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ,
რათა ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ და ჰყოფდენ მათ; და იყუნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად.
რათა ჩემს წესებზე იარონ, ჩემი რჯული დაიცვან და შეასრულონ. მაშინ ჩემი ხალხი იქნება ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები.
და გულთაებრ საძაგელებათა მათთაჲსა და უსჯულოებათა მათთაჲსა, რომელნი ქმნნეს, ვითარცა გული მათი, ვიდოდა, გზანი მათნი თავთა მათთათა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი.
ხოლო ვისაც თავის სიბილწეებისკენ და სისაძაგლეებისკენ მიუდის გული, მათსავე საქმეებს დავატეხ თავზე, ამბობს უფალი ღმერთი.
და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი მათნი, მახლობელნი მათნი, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მათ ზედა, ზეშთა ზედაჲთ მათსა.
გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც მათ გაუსწორდა, და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
და აღვიდა დიდებაჲ უფლისაჲ საშუალისაგან ქალაქისა და დადგა მთათა ზედა, რომელი იყო პირისპირ ქალაქისა.
აიმართა უფლის დიდება ქალაქიდან და დაადგა მთას ქალაქის აღმოსავლეთით რომ არის.
და სულმან აღმიღო მე და მიმიყვანა ქუეყანად ქალდეველთა, ნატყუენავისა მიმართ სულითა ხილვისა ღმრთისაჲთა; და აღვედ ხილვისაგან, რომელი ვიხილე.
სულმა ამიტაცა და ხილვაში, ღვთის სულით, მიმიყვანა ქალდეაში გადასახლებულებთან. და გამშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე.
და ვიტყოდე ტყუეობისა მიმართ ყოველთა სიტყუათა უფლისათა, რომელნი მიჩუენნა მე.
მერე ვუამბე გადასახლებულებს ყველაფერი, რაც უფალმა მახილვინა მე.
