ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 1
და იქმნა ოცდამეათესა წელსა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, და მე ვიყავ საშუალ ტყუეობისა მდინარესა ზედა ქობარისასა; და განეხუნეს ცანი, და ვიხილე ხილვაჲ ღმრთისაჲ;
ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.
ხუთსა თთჳსასა; ესე წელიწადი მეხუთე ტყუეობისა იოაკიმ მეფისაჲ
თვის მეხუთე დღეს - ეს იყო მეხუთე წელი მეფე იოაქინის ტყვეობისა -
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ეზეკიელის მიმართ, და ძისა ვუზისსა, მღდელისა, ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა, და იქმნა მუნ ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ.
გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდეღს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი.
და ვიხილე, და, აჰა, სული აღმღებელი მოვიდოდა ჩრდილოთ და ღრუბელი დიდი მას ზედა და ნათელი გარემოჲს მისსა, და ცეცხლი ელვარე; და საშუალ მისსა, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, საშუალ ცეცხლისა, და ნათელი მის შორის.
და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი.
და საშუალ, ვითარცა მსგავსებაჲ, ოთხთა ცხოველთაჲ, და ესე ხილვაჲ მათი: მსგავსებაჲ კაცისა მათ ზედა;
მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ;
და ოთხნი პირნი ერთსა, და ოთხნი ფრთენი - ერთსა.
თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა;
და წჳვნი მათნი მართლებ და ფრთოვნებ ფერჴნი მათნი და ნაბერწყალნი, ვითარცა აელვებული რვალი, და სუბუქებ ფრთენი მათნი,
ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით,
და ჴელი კაცისაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა, ოთხთა ზედა კერძოთა მათთა, და პირნი მათნი
ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს; ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა.
და ფრთენი მათნი ოთხთანივე მახლობელად სხვაჲ სხვისად; და პირნი მათნი არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, თითოეული მათგანი პირისპირ პირისა თჳსისა ვიდოდა.
მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა.
და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ ოთხთაჲვე ესრეთ არს-პირნი არიან ქმნულებისა მათისანი.
მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს.
და ფრთენი მათნი განპყრობილ ზენაჲთ ოთხთასა, თითოეულად ორნი შეუღლვილებ ურთიერთას მიმართ და ორთა ზედდაჰბურვიდეს ზედა კერძო სხეულსა მათსა.
მათი პირისახე და ფრთები ზემოთკენ იყო გაშლილი; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანი ჰქონდათ დაფარული.
და თითოეული წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდა; სადაცა იყო სული მავალი, ვიდოდეს და არა შეიქცეოდეს.
თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა; საითაც მიჰყავდა სულს, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.
და საშუალ ცხოველთასა ხილვაჲ, ვითარცა ნაკუერცხალთა ცეცხლისათა მგზებარეთაჲ, ვითარცა შესახედავი ლამპართა მმიმოობთაჲ საშუალ ცხოველთასა, და ნათელი ცეცხლისაჲ და ცეცხლისაგან გამოვიდოდა ელვაჲ.
ეს ცხოველები შესახედაობით გავარვარებულ მუგუზლებს ჰგვანდნენ; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის, ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან.
და ცხოველნი რბიოდეს და მოიქცეოდეს მსწრაფლ, ვითარცა სახე ბეზეკისაჲ.
ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან.
და ვიხილე და, აჰა, ურმისთუალი ვრთი ქუეყანასა ზედა, მახლობელად ცხოველთა ოთხთა. და სახე ურმისთუალთაჲ და ქმნილება მათი, ვითარცა სახე თარშისაჲ.
ვუყურებ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხსავე მხარეს.
და მსგავსება ოთხთა შორის და ხედვაჲ მათი და საქმე მათი იყო, ვითარ-იგი იყვის ურმისთუალი ურმისთუალსა შინა.
იაგუნდს ჰგავდნენ შესახედაობით და ნაკეთობით ეს ბორბლები და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული.
ოთხთა მიმართ კერძოთა მათთა ვიდოდეს, არ შეიქცეოდეს სლვასა შინა მათსა არცა ზურგნი მათნი.
მოძრაობისას ოთხივე მხრისკენ მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.
და სიმაღლე იყო მათდა და საშინელ იყუნეს; და ვიხილენ იგინი და ზურგნი მათნი სავსე თვალებითა მრგულივ ოთხთასავე.
ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე.
და სლვასა მას ცხოველთასა ვიდოდეს ურმისთუალნიცა, მახლობელნი მათნი, და ამაღლებასა ცხოველთასა ქუეყანით ამაღლდებოდეს ურმისთუალნიცა.
ცხოველთა მოძრაობისას ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ცხოველები მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწევდნენ.
სადაცა იყვის ღრუბელი, მუნ მიიმართის სულმან სლვად; და ვიდოდეს ცხოველნი და ურმისთუალნიცა ამაღლდებოდეს მათ თანა მით, რამეთუ სული ცხოველობისა იყო ურმისთუალთა შორის.
საითკენაც სული გასწევდა, იქით მიდიოდნენ; სული გასწევდა და ბორბლებიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული ედგა ბორბლებს.
და სლვასა მას ურმისთუალნიცა იგი ვლენან, და დადგომასა მას ცხოველთასა ურმისთუალნიცა დადგიან, და ქუეყანით ამაღლებასა მათსა მათ თანავე ამაღლდიან, რამეთუ სული ცხოველი იყო ურმისთუალთა თანა.
მათი მოძრაობისას ესენიც მოძრაობდნენ, მათი გაჩერებისას ესენიც ჩერდებოდნენ; მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ სისწორეზე, რადგან ცხოველი სული ედგა ბორბლებს.
მსგავსებაჲ ზეშთა თავისა მათ ცხოველთასა, ვითარცა სამყაროჲ, ვითარცა ხილვაჲ ბრძოლისა საშინელისა, განმარტებულისაჲ ზეშთა თავისა მათისა ზედა კერძო.
ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე.
და ქუეშე კერძო სამყაროსა ფრთენი მათნი განმარტებულებ, შეფრთეებულებ სხუაჲ სხჳსა; და თითოეული ორნი შეუღლვილებ, ზედდამბურველნი სხეულთა მათთა.
ცამყარს ქვემოთ მათი ფრთები უსწორდებოდნენ ერთმანეთს; თითოეულს ორ-ორი ფრთა ჰქონდა, რომელიც უფარავდა მათ სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს.
და მესმოდა ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ სლვასა შინა მათსა, ვითარცა ჴმაჲ წყლისა მრავლისაჲ, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისაჲ, სლვასა შინა მათსა ჴმაჲ სიტყჳსა, ვითარცა ჴმაჲ ბანაკისაჲ, და დგომასა მათსა შინა დასცხრიან ფრთენი მათნი.
როცა მოძრაობდნენ, მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც დიდი ნიაღვრების ხმა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.
და, აჰა, ჴმაჲ ზეშთა ზენაკერძო სამყაროჲსა, რომელი იყო ზეშთა თავისა მათისა; დგომასა შინა მათსა განიმარტებდეს ფრთენი მათნი;
გამოდიოდა ხმა ცამყარიდან, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.
და ზეშთა ზენა სამყაროჲსა, ზეშთა თავისა მათისა, ვითარცა ხილვაჲ ქვისა საპფირისანი. მსგავსებაჲ საყდრისა მის ზედა; და მსგავსებასა ზედა საყდრისასა მსგავსებაჲ, ვითარცა სახესა კაცისასა მის ზედა ზენა.
ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.
და ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ შინაგან მისსა, მრგულივ, ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ზემდე და ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ქუემდე; ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ, და ნათელი მრგულივ მისსა,
ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ.
ვითარცა ხილვა მშჳლდისაჲ, ოდეს იყოს ღრუბელსა შორის დღესა შინა წჳმისასა, ეგრეთ ხილვაჲ ნათლისაჲ მრგულივ;
როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა.
